ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაფანყურთან ახლოს მდებარეობს. იგი VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩამოქცეულია მთავარი დარბაზისა და სამხრეთის მინაშენის კამარები, ასევე კედლების ნაწილი, ინტერიერი ნაწილობრივ ამოვსებულია ნანგრევებითა და მიწით. ტაძარი სასწრაფოდ საჭიროებს გაწმენდასა და სარებილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. იგი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია, რომელიც გეგმარებითა და პროპორციებით მიემსგავსება ამ პერიოდის კახეთისთვის დამახასიათებელ სამეკლესიიანი ბაზილიკების სხვა ნიმუშებს და ამავდროულად ინდივიდუალური ნიშნებითაც ხასიათდება. განსაკუთრებით საინტერესოა მთავარი ეკლესიის დასავლეთ ფასადის მხატვრული გადაწყვეტა, რომელიც სამი ნიშითაა დეკორირებული. ტორნისის ეკლესიას საგულისხმო ადგილი უჭირავს ეპოქის ტენდენციებისა და აღნიშნული ხუროთმოძღვრული ტიპის შესწავლასა და სრულყოფილად აღქმაში. ნაგებობის კორპუსის ძირითადი ნაწილია ორფერდა სახურავით გადახურული, დარბაზული სივრცე, რომელსაც სამი მხრიდან შედარებით დაბალი, ცალფერდასახურავიანი, ორი მხრიდან თაღებით გახნილი, მინაშენი ეკვრის. ძირითადი დარბაზი და მინაშენი თანადროულია, თუმცა წყობით ერთმანეთს არ ებმის. მინაშენის ჩრდილოთ და სამხრეთ ნაწილში აფსიდიანი დამოუკიდებელი ეკლესიებია, დასავლეთით კი მათი შემაერთებელი დერეფანია. მთავარ ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან, იგი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით სრულდება. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებითა და მათ შორის გადაყვანილი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრების განაპირა საფეხურებს დეკორატიული თაღები ეყრდნობა, წინა საფეხურს კი – კამარის საბჯენი თაღები. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიშია. ნაგებობას შემორჩენილი აქვს სამი, აღმოსავლეთის დასავლეთისა და ჩრდილოეთის, სარკმელი. ჩრდილოეთის ეკლესია ორ ნაწილადაა გაყოფილი, აღმოსავლეთ ნაწილში დამხმარე სათავსია, დასავლეთ ნაწილში კი ეკლესია, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. სათავსსა და ეკლესიას თითო სარკმელი აქვთ, სათავსს აღმოსავლეთით, ეკლესიას კი – ჩრდილოეთით. მთავარი დარბაზის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა ფორმის დამხმარე სათავსში გასასვლელი კარია. სამხრეთის ეკლესია ერთიანი, წაგრძელებული სადგომია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდში სარკმალია გაჭრილი. ეკლესიის სამხრეთის კედელი თაღებითაა გახსნილი, დასავლეთის დერეფნის მსგავსად. დასავლეთის მინაშენის კამარის ბოლოებში შეკიდული საბჯენი თაღებია, რომელიც მას გვერდითი ეკლესიების კამარებისგან გამოყოფს. კამარის დასაყრდნობად, მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შეკიდული, სამი თაღის მეშვეობით საფეხურია შექმნილი. მსგავსი საფეხურია მთავარი ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მთელ სიგრძეზეც. ტაძრის ინტერიერიცა და ექსტერიერიც მობათქაშებული იყო, ბათქაში ამჟამაც ჩამოცვენილია. დასავლეთ ფასადის ფრონტონის არეში სამი ვიწრო თაღოვანი ნიშაა. შუა ნიშის მთელ სიმაღლეზე რიყის ქვებით რელიეფური ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, გარეთა კუთხეების და კედლების წყობაში ჩართულია ლოდები.
იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒