თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ეს არის მდინარე თერგის ხეობა თრუსოს უღელტეხილიდან სოფელ კობამდე (25კმ).ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა, სოფელ კობთან. ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. ფართოდაა გავრცელებული მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები. თრუსოს ხეობის სოფლებია: აბანო, ალმასიანი, ბურმასიგი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, კართსოფელი, კეტრისი, კობი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუათისი, ტეფი, უხათი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა. მუდმივი მცხოვრები მხოლოდ ორ სოფელშია, ზემო ოქროყანაში სიმა ბიდიხოვა და კართსოფელში რუსლან გუჯარაიძე. აბანოს მინერალურ ტბასა და თრუსოს ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია თრუსოს ნასოფლარების ციხე-კოშკები, საცხოვრისები და რელიგიური დანიშნულების ძეგლები. თრუსოს ხეობის ძეგლებიდან განსაკუთრებით ცნობილია ზაქაგორის ციხე. თრუსოს ხეობიდან მოხვდებით ყელიწადის ტბაზეც.
XIV ს. დასაწყისში ვახტანგ III-მ ქსნის ერისთავს შალვა ქვენიფნეველს დამსახურებისათვის სხვა მამულებთან ერთად თრუსოს ხეობა უწყალობა. XVI–XVIII სს-ში ხეობა არაგვის ერისთავების მფლობელობაში იყო, XIX ს-ში  შედიოდა ანანურის, ხოლო შემდეგ დუშეთის მაზრების შემადგენლობაში. აქ უძველესი მოსახლეობა ქართულია (წანარები). XIII–XV სს-ში თრუსოში სახლობდნენ დვალები, რომელთა ნაწილი XVII–XVIII სს-ში შეერწყა მოსულ ოსურ მოსახლეობას.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.