წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს. “მოქცევაი ქართლისაის” მიხედვით, წილკანში პირველი ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების საწყის პერიოდშივე აიგო, ბაკურ II-ის მიერ (ბაკურ რევის ძე. IV ს-ის II ნახევარი) : “ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა”. ტაძრსა და მის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე IV საუკუნის ფენა გამოვლენილი არ არის. არსებობს მოსაზრება, რომ ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიდგმული მცირე დარბაზული ეკლესია შესაძლოა IV საუკუნისა, თუმც ძლიერ გადაკეთებული ნაგებობა იყოს. ადრეულ შუა საუკუნეებშივე (ერთი მოსაზრებით V საუკუნეში, მეორე მოსაზრებით კი — V საუკუნის ბოლოს ან უფრო VI  საუკუნის I ნახევარში) წილკანში დიდი სამნავიანი ბაზილიკა ააგეს. V საუკუნეში წილკნის ბაზილიკა უკვე საეპისკოპოსო ტაძარი ყოფილა, 506 წლის საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსიც ესწრებოდა. VI საუკუნის II ნახევარში წილკნის ეპარქიას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე, ისე წილკნელი, განაგებდა, რომელიც ამავე ტაძარშია დაკრძალული. მისი საფლავის ქვა ამჟამად გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან დევს. წილკნის ტაძარი და მისი სამწყემსო სამაოდ ძლიერი იყო. კათედრალს ასევე დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერა იყო. სხვადასხვა დროს წილკანში მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, კალიგრაფი ბასილი, იოსებ სამებელი, ქრისტეფორე წილკნელი, ამბროსი მიქაძე, იოანე ქარუმიძე. 

 

ძეგლის აღწერა

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი რამდენიმე სამშენებლო ფენას აერთიანებს. ამჟამინდელი ტაძრის ადგილას ადრეულ შუა საუკუნეებში სამნავიანი ბაზილიკა აიგო. ნ. ანდღულაძის აზრით, ბაზილიკა V საუკუნის მიწურულს ან VI საუკუნის I ნახევარში აშენდა, ვ. ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ იგი V საუკუნეში აიგო, VI საუკუნეში კი განახლდა. ეს ორი ავტორი სხვადასხვაგვარად წარმოდგიდგენს ტაძრის არქიტექტურასაც. ნ. ანდღულაძის მიხედვით წილკნის ბაზილიკის მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი, ექსტერიერში ხუთწახნაგა აფსიდით სრულდებოდა. ნავები ართმანეთისგან ოთხი წყვილი გეგმაში ჯვრული ბურჯით იყო გამოყოფილი. ბურჯების აღმოსავლეთიდან მეორე წყვილი აღარ არსებობს, პირველი და მესამე წყვილი კი გადაკეთდა და გუმბათის საყრდენად იქნა გამოყენებული. ბურჯები სამიარუსიანია. შესასვლელი სავარაუდოდ სამი იყო — სამხრეთით, ჩრდილოეთითა და დასავლეთით (დასავლეთის შესასვლელის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება). პირვანდელად მიიჩნევა ინტერიერში აფსიდის კედლები, სატრიუმფო თაღი და აფსიდთან მდებარე პილონები. შემორჩენილია ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების მონაკვეთები. ბურჯების კაპიტელები შემკული იყო სხვადასვაგვარი ორნამენტით. ბურჯების აღმოსავლეთიდან მესამე წვილის კაპიტელებზე პირვანდელთან ერთად მოგვიანო ხანი ჩუქურთმებიცაა ჩართული. ორნამენტული ზოლი ევლება ასევე სატრიუმფო თაღს — ვაზის ჩუქურთმიანი სარტყელი, რომლის ცენტრში მოთავსებულია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. ჯვრის წრე ფოთლოვანი მოტივის გამარტივებული სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქვემოთ ლენტებითაა შეკრული. ცალკეული არქიტექტურული ელემენტები შემკული იყო პალმეტებით, ლოტოსისებრი მოტივებით, ვაზის მოტივებით, სხვადასხვა სახის მცენარეული ორნამენტებით, წრეებით, ვარდულებით, ჯვრებით და სხვა. სამხრეთ ფასადის, რომელსაც ნაწილობრივ პირვანდელი საპირე წყობა აქვს, ორი სარკმელი შემკულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი თაღოვანი თავსართით. ერთი თავსართი ვაზის მოტივითაა დეკორირებული, მეორე კი ამოღარული ზოლებით. ფასადზე სარკმლებს შორის შემორჩენილია ასევე პილასტრი, რომელსაც ზემოდან ჰორიზონტალური სარტყელი ეყრდნობა. ვ. ცინცაძის მიხედვითაც ბაზილიკა შვერილაფსიდიანი იყო, უპასტოფორიუმო, თუმცა ნავები დაყოფილი იყო სამი წყვილი T-ს ფორმის ბურჯით და ნაგებობას დასავლეთიდან ეკვროდა ნართექსი, გრძივ კედლებს კი გალერეები გასდევდა. მისი მოსაზრებით, ნავების გამყოფი თაღები ორ იარუსად იყო გადაყვანილი. ვ. ცინცაძე ამ პირვანდელი შენობიდან გადმონარჩუნებულად მიიჩნევს სატრიუმფო და მის მოპირდაპირე თაღებს, სამხრეთ ფასადს კი შემკულობიანად VI საუკუნის პირველი დიდი აღდგენის პერიოდისად მიიჩნევს. შემორჩენილი ნაშთებისა და არსებული აღწერილობების მიხედვით, წილკნის ბაზილიკა მსგავსებას პოულობს ბოლნისისა და სვეტიცხოვლის ბაზილიკებთან, როგორც გეგმარებით, ასევე დეკორატიული მოტივების მხრივ. განსხვავებით ბოლნისისგან და სვეტიცხოვლის ბაზილიკისგან, წილკანში არ შემორჩენილა ზოომორფული გამოსახულებები.  ამასთანავე წილკანში განსაკუთრებით მძაფრად შეინიშნება სირიული ელემენტების სიჭარბე და სირიული ხელოვნების გავლენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლნისთან შედარებით, წილკანში დეკორატიული სისტემის განვითარებას ვხედავთ. აქ უკვე დეკორატიული მოტივების უწყვეტი რიტმის შექმნის ნიშნები და საფასადო მორთულობის სისტემაში გარკვეული ძიებები ჩანს. შემკულობათა დათარიღება და ქრონოლოგიური სხვაობების განსაზღვრა სამომავლო საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. 

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი, დღევანდელი სახით, ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკა განვითარებულ შუა საუკუნეებში გუმბათოვან ტაძრად გადაუკეთებიათ, შესამჩნევია ასევე უფრო გვიანდელი (XVI-XVII სს.) შეკეთება-აღდგენების კვალიც. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია ასევე რიყის ქვა და აგური. ალაგ-ალაგ წყობაში ჩართულია გადაკეთებამდელი ორნამენტული კვადრები. შესასვლელი სამია — სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რომელიც ექსტერიერში ტრაპეციული გეგმის მქონე შვერილშია ჩაწერილი. აფსიდის ორივე მხარეს საკმაოდ ძლიერად შვერილი პილონია, რომელთაგან აღმოსავლეთის გუმბათქვეშა ბურჯებისკენ თაღები გადადის. აფსიდის კუთხეებისა და პილონების კაპიტელები გაერთიანებულია და ორნამენტული დეკორითაა შემკული. როგორც ბაზილიკის აღწერილობაში აღვნიშნე, ორნამენტითაა მორთული სატრიუმფო თაღიც. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათში 12 სარკმელია. გარდა გუმბათის სარკმლებისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი ანათებს. ტაძრის გუმბათში შემორჩენილია XVI-XVIII საუკუნეების მოხატულობა. გუმბათის ნახევარსფეროში ორმაგ წრეში მოქცეული ქრისტეს გამოსახულებაა. ორმაგ წრეში აომთავრული წარწერაა. წრის გარშემო, ოთხ ნახევარწრეში, მოგვიანო ხანაში გადაწერილი მახარებელთა სიმბოლოებია და ექვსფრთდედებია. შემდეგ რეგისტრში ანგელოზებით გარშემორტყმული კიბორიუმია გამოსახული. მოხატულობა ბაც შინდისფერ, მოწითალო, ყვითელ და ლურჯ ტონებშია გადაწყვეტილი. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. დასავლეთის კარიბჭესა და დარბაზს შორის მცირე სწორკუთხა სათავსია მოქცეული. ტაძარი სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. გუმბათის ყელი ექსტერიერში თორმეტწახნაგაა და საფუძველთან და სარკმლებს ზემოთ ორ-ორი ლილვი შემოუყვება. ფასადებს სადა ლავგარდანი გასდევს. ნაგებობის მორთულობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბაზილიკის პერიოდის ორნამენტები. ტაძრის, როგორც ინტერიერის, ასევე ფასადების, ორნამენტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს იგი დროის შესაბამისი ჩუქურთმებით იმკობოდა. 

კარიბჭეს აღმოსავლეთით მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ეკვრის, რომელიც კარიბჭესა და ტაძრის სამხრეთ ნავს კარით უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა სწორედ ეს იყოს წილკნის კომპლექსის ყველაზე ადრეული, IV საუკუნის ნაგებობა (გ. ჩუბინაშვილი, ნ. ანდღულაძე). თუმცა ვ. ცინცაძის აზრით ეს ეკლესია უკვე არსებულ კედელზეა მიშენებული და არა — პირიქით, არსებულ ეკლესიაზე ბაზილიკის კედელი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს —დასავლეთიდან და ტაძრის სამხრეთ ნავიდან. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები დანაწევრებულია ერთი წყვილი პილასტრით და პილასტრებს შორის გადაყვანილი დეკორატიული თაღებით. პილასტრებს ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი. ინტერიერი სამი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი, ორი კი — სამხრეთ კედელში. დარბაზული ეკლესიიდან ტაძარში გასასვლელი მოზრდილი არქიტრავითაა გადახურული, რომლის ცენტრშიც წრეში მოქცეული ტოლმკლავა ჯვარის გამოსახულებაა. 

წილკნის ღვთისმშობლის გალავანი XVIII საუკუნის II ნახევრის გალავანი ევლება. იგი სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები, ზოგან ჩართულია აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვები. კედლები შებათქაშებული ყოფილა კირქვის ხსნარით. სამხრეთით კედელში აგურისთაღიანი შესასვლელია გაჭრილი. გალავნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ორიარუსიანია. აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში შემორჩენილია ცალმაგი, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული სათოფურები. გალავნის ყოველ კუთხეში წრიული გეგმის კოშკი დგას. კოშკებს შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვთ. ყოველ სართულზე გვხვდება ბუხრები და სათოფურები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს საზარბაზნეც აქვს, რომელიც გალავნის შესასვლელისკენაა მიმართული. ამ კოშკის შესასვლელზე XIX საუკუნეში აგურის ექვსმალიანი სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ჩრდილო-დასავლეთის კოშკზე შემორჩენილია სალოდეებიც. გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, უფრო ძველი გალავნის ნაშთებია შემორჩენილი. 

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *