უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისში მდებარეობს. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, რომელთა შორის უძველესია IX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია. მონასტრის დაარსება გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება: “მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი და ილარიონ ვინმე, იერუსალემით მოსრული, სარწმუნოი მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად”. ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია ხუროთმოძღვრის სახელი – მავრიკ მაშენებელი. XII საუკუნეში, 1141 წელს, სამონასტრო ნაგებობები განუახლებია და საცხოვრებელი კოშკი აუგია სიმონ ჭყონდიდელს, რის შესახებაც კოშკის წარწერა გვაუწყებს: “მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისაგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძისა დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზედა წელი სარკინოზთა 535 (1141 წ)”. XIV საუკუნეში უბისის ეკლესია მთლიანად მოიხატა დამიანესა და მისი მოწაფის – გერასიმეს მიერ, რომელთა სახელები ფრესკულმა წარწერებმა შემოგვინახა: “მამანო წმიდანო და მღვდელნო, ყავთ წყალობა ვითარცა ქრისტემან დედაკაცსა წმიდისა ზედან და ითხოვეთ შენდობა დამიანესათვის, რათა თქვენცა სასუფეველი”, “სახელითა ღვთისაითა მოიხატა მონასტერი ესე ხელითა ცოდვილისა დამიანეს გაზრდილისა გერასიმესითა”. ამავე პერიოდში ბაბლიკ ლაშხიშვილი ტაძარს კანკელისთვის განკუთვნილ ხატებს სწირავს. უბისის მონასტრის განახლების შემდეგი ეტაპი XVI-XIX საუკუნეებში აბაშიძეთა მოღვაწეობას უკავშირდება. ამ პერიოდს მიეკუთვნება ეკლესიის დასავლეთით მიშენებული დარბაზული ნაგებობა, რომელიც ესტატე აბაშიძემ ააგო თავის და მისი ძმის საძვალედ: “სახელითა ღმრთისაითა, მე სულითა საწყალობელმა ესტატე აღვაშენე საფლავნი ძმისა ჩემისა დემეტრესი და ჩემი. თქვენს ქრისტეს სიყუარულისათვის ნუვინ შეეხებით ამას ძმანო”. გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება ასევე ტაძრის სამხრეთის ეკვდერის მოხატულობა. უბისის მონასტერი, თავისი ფრესკული მხატვრობით, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძარი დახვეწილი პროპორციებით ხასიათდება. ფასადები სადაა, მხატვრულ ეფექტს აზიდულობა და ჰარმონიული კომპოზიციური გადაწყვეტა ქმნის. მოხატულობა პალეოლოგოსთა ხანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს, თუმცა ამავდროულად ეროვნული ხასიათისაა, ქართული მონუმენტური მხატვრობის ტრადიციებზეა შექმნილი. ფიგურები მრავალფეროვანი რაკურსებით გვხვდება, პორტრეტები ადამიანური და მგრძნობიარეა და ნაკლებად იკონოგრაფიული, ფონად გამოიყენება რეალურთან მოახლოებული ბუნებისა თუ არქიტექტურული პეიზაჟები. უბისის კედლის მხატვრობაში ორი ოსტატის ხელი გაირჩევა, საიდუმლო სერობა და იგივე მანერით შესრულებული სხვა კომპოზიციები დამიანეს უნდა ეკუთვნოდეს, ხარება და იგივე მანერით შესრულებული სხვა სიუჟეტები კი – გერასიმეს. ინდივიდუალურობით, ექსპრესიით, დინამიურობითა და თავისუფალი, ლაღი წერის მანერით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დამიანეს ნამუშევრები. ძალიან საინტერესო ძეგლია ასევე საცხოვრებელი კოშკი, რომელიც უფრო ადრე გავრცელებული, მესვეტეთა ასკეტური კოშკებისგან განსხვავებით, საცხოვრებლად უფრო კომფორტულია და მხატვრულ გადაწყვეტასაც მეტი ყურადღება ექცევა. დეკორატიული თაღედები, ლავგარდნები, რომლებიც თითოეულ სართულს ასრულებს და ცოკოლთან გაერთიანებული პირველი სართული და მომდევნო სართულთა სიმაღლეების თანდათანობითი შემცირება, რომელიც პერსპექტივის აღქმას აძლიერებს, კოშკს გამორჩეულ მხატვრულ-არქიტექტურულ სახეს სძენს.

 

არქიტექტურა

უბისის მონასტერი მოიცავს წმ. გიორგის ეკლესიას, კოშკს, აბაშიძეთა საძვალეს და გალავანს კარიბჭით. უბისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამი მხრიდან მინაშენებით. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკორთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითა და დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრებზე კამარის საყრდენი თაღებია გადაყვანილი. დეკორატიული თაღები შეკიდული ტიპისაა, თაღის ქუსლები პილასტრებთან საფეხურს ქმნის. დეკორატიული თაღედი სიგანეშიც და სიმაღლეშიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით იზრდება. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესია ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ერთი თითო სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ კადლებშია გაჭრილი, ორი კი – სამხრეთის კედელში. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების კომპოზიცია, ქრისტეს თავს ზემოთ ხელთუქმნელი ხატის (პირი ღვთისა) გამოსახულებაა, საკურთხევლის მომდევნო რეგისტრში – საიდუმლო სერობა და პურითა და ღვინით ზიარება, მესამე რეგისტრში – წმინდა მამები. აღმოსავლეთ თაღის ცენტრში გამოსახულია ქრისტე ოთხ მახარებელს შორის, შუა თაღის ცენტრში კი – ქრისტე “ძველი დღეთაი”. მოხატულობის ზედა ორი რეგისტრი სახარებისეულ სიუჟეტებს ეთმობა (ხარება, შობა, ნათლისღება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა და სხვა), მესამე რეგისტრი კი – წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველ სცენებს. თაღებზე მამამთავართა მედალიონებია. კედლებზე გვხვდება ასევე წმინდანთა გამოსახულებები, შესასვლელის ტიმპანის არეში გამოსახულია ილარიონ ქართველი. ეკლესიას სამი მხრიდან მინაშენები ეკვრის, რომლებიც პილასტრებისა და კედლების მეშვეობით ცალ-ცალკე სადგომებადაა დანაწევრებული. ჩრდილო-აღმოსავლეთის ეკვდერი ეკლესიას უშუალოდ უკავშირდება კარით, დანარჩენი სათავსები ტაძრისგან სრულიად იზოლირებულია. სამხრეთ მინაშენში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა. სამხრეთის მინაშენის ცენტრალური ნაწილი ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული. ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ეკვდერები თითო სარკმლით ნათდება. სამხრეთიდან ნაგებობას მიშენებული აქვს გეგმაში კვადრატული კარიბჭე, რომელიც სამხრეთით დიდი თაღითაა გახსნილი. ტაძრის ფასადები სადაა, დეკორი მხოლოდ მახვილებადაა გამოყენებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებს სამკუთხა, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი, ძლიერად შვერილი თავსართები ამკობს, სამხრეთის სარკმლებს კი – თაროსებრი თავსართები. აღმოსავლეთის სარმლის თაღი წნული ორნამენტით შემკულ სწორკუთხა ჩარჩოშია მოქცეული. სარკმლის გვერდით რელიეფური ფილაა ლომის გამოსახულებით და მოსახსენიებელი წარწერით. სამხრეთის ეკვდერის სარკმელს წნული ჩუქურთმით შემკული სათაური აქვს. ფასადებზე გვხვდება სხვადასხვა პერიოდის მოსახსენიებელი წარწერები და გრაფიტები. ყურადღებას იქცევს სამხრეთის მინაშენის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წითელი საღებავით შესრულებული მცირე ზომის გრაფიკული ნახატი – ჯიქის მსგავსი ზღაპრული, სტილიზებული ცხოველი, რომელიც სავარაუდოდ წარწერის საზედაო ასოს შემამკობელი უნდა ყოფილიყო. ნახატთან გაირჩევა მხედრული წარწერის ნაშთები, თუმცა წაკითხვა შეუძლებელია. 

ეკლესიას დასავლეთით აბაშიძეთა საძვალე ეკვრის, რომელიც უაფსიდო დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. სამხრეთ კედელში ჩასმული წარწერის თანახმად იგი აგებულია კალატოზ იმედას მიერ: “კალატოზსა იმედას შეუნდოსა ღმერთმან”. ნაგებობის შესასვლელი და სარკმლები ჩუქურთმიანი მოჩარჩოებითაა შემკული. 

საცხოვრებელი კოშკი ეკლესიის აღმოსავლეთით დგას. იგი ოთხსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი მეორე სართულზეა მოწყობილი. თითოეულ სართულზე თითო ოთახია. პირველ სართულზე საკუჭნაო ყოფილა განჯინებით, რომელშიც მეორე სართულიდან იყო ჩასასვლელი. მეორე სართულზე გვხვდება ბუხარი, საპირფარეშო და განჯინები. მესამე სართული სალოცავად და სამუშაოდ ყოფილა განკუთვნილი. კედლებში ღრმა ნიშებია განლაგებული. ამ სართულის აღმოსავლეთ მხარეს კონქს მიმსგავსებული გადახურვა აქვს და შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. დასავლეთით ხის აივანი იყო მოწყობილი. მეოთხე სართული თავდაცვითი დანიშნულების იყო და მაშიკულებითაა აღჭურვილი. პირველი სართული ცოკოლთანაა გაერთიანებული და, დანარჩენ სართულებთან შედარებით, ბევრად მაღალი ჩანს, ასევე სხვა სართულთა სიმაღლე ზევითკენ თანდათან მცირდება, რაც ნაგებობის მასშტაბურობას ზრდის. თითოეულ სართულს პროფილირებული ლავგარდანი ასრულებს. პირველი სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები თაღედითაა დეკორირებული. მხატვრულ სახეს ქმნის ასევე შვერილი მაშიკულები, რომელთა ქვედა მხარე საფეხუროვანია, ხვრელები კი აგურით გამოყვანილი თაღებითაა აქცენტირებული, რაც მათ დეკორატიულ დატვირთვას ანიჭებს.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *