უძირო ტბა

უძირო ტბა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ონისა და გლოლას სიახლოვეს მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. უძირო ტბის ბილიკი ნამდვილად გამოირჩევა სილამაზითა და მრავალფეროვნებით, ტბიდან კი საოცრი ხედები იშლება. მწვანე მინდვრები, ლურჯი ტბა, კლდეები და წყალზე არეკლილი თეთრი მწვერვალები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მარშრუტი წრიულია, ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 18 კმ-ა და მის გავლას ორი დღე სჭირდება. ბილიკი მარკირებულია. შოვში, სასტუმრო სანსეთ შოვამდე დაახლოებით 1 კილომეტრით ადრე დაინახავთ მანიშნებელ აბრას, სწორედ აქედან იწყება მარშრუტი. წინ გელით აზიდული კლდეები, ალპური მინდვრები, ათასფერი ყვავილების ჯუნგლები და კამკამა ტბისა და კავკასიონის ზღაპრული პეიზაჟები.

 

დღე პირველი

საფეხმავლო ბილიკი შოვიდან იწყება, სასტუმრო სანსეთ შოვამდე დაახლოებით 1 კმ-ით ადრე. გირჩევთ გზას ადრიანადვე შეუდგეთ, გზა საკმაოდ დამღლელია. წყალი ბილიკის დასაწყისში მდებარე წყაროზე უნდა მოიმარაგოთ, რაგდან საკმაოდ გრძელ მანძილზე ვეღარ მოახერხებთ ავსებას, წინ კი მკვეთრი აღმართები გელით. თავიდან ბილიკი ტყეში შედის, ციცაბო ფერდობს მიუყვება და მკვეთრად კრეფს სიმაღლეს. 3 კმ-ის გავლის შემდეგ ნელ-ნელა ალპურ ზონაში გადაინაცვლებთ და ჩხოჭას ხეობას გაუყვებით, მცირე ხნით ბილიკი ივაკებს. როცა ხეობის ქვაბულს მიაღწევთ ბილიკი მარჯვნივ უხვევს და უღელტეხილისკენ აგრძელებთ გზას. უღელტეხილი მწვერვალ დოლომისის წვერის (3260. 3 მ) სამხრეთით გადადის სათავეებთან და უძირო ტბასთან ეშვება. პირველი 8 კმ-ის განმავლობაში 1500მ სიმაღლის დაძლევა მოგიწევთ. უღელტეხილიდან უძირო ტბასაც გადახედავთ. აქედან ტბამდე მცირე მანძილიღაა, თუმცა ნაშალი ქვითაა დაფარული, რაც სვლას ართულებს და დაახლოებით 1 სთ დაგჭირდებათ. შოვიდან უძირო ტბამდე დაახლოებით 10 კმ-ა. ტბასთან შესანიშნავი მინდორი დაგხვდებათ საბანაკედ და რა თქმა უნდა წარმტაცი, სუნთქვისშემკვრელი პეიზაჟები. ზღაპრული გარემო და ბუნების სიმშვიდე ნამდვილად დაგავიწყებთ დაღლილობას. წვიმის შემთხვევაში ჯობია ტბის მარცხნივ, შემაღლებაზე დაბანაკდეთ, წყლის შემოვარდნისგან რომ დაცული იყოთ.

 

დღე მეორე

მეორე დღეს შეგიძლიათ საკმარისი დრო დაუთმოთ უძირო ტბის სილამაზით ტკბობას, დაათვალიეროთ მიმდებარე ტერიტორიები და გადაიღოთ ფოტოები. ამჯერად აღმართები თითქმის აღარ შეგხვდებათ. ბილიკი ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმართს აუყვება. აღმართის ბოლოში ნიშნულებიანი აბრა დაგხვდებათ, საიდანაც ახალი და განსხვავებული პეიზაჟები გადაგეშლებათ. აქედან კი ბილიკი უკვე სოფელ გლოლასკენ ეშვება. გზად აზიდული კლდოვანი მასივებით, აყვავებული მდელოებითა და თეთრი მწვერვალებით დატკბებით. დაახლოებით 3-4 კმ-ის გავლის შემდეგ ულამაზეს არყის ტყეში შეაბიჯებთ. ტყიანი დაღმართებით რამდენიმე კმ-ის გავლის შემდეგ კი სოფელ გლოლაში აღმოჩნდებით. უძირო ტბიდან გლოლამდე დაახლოებით 9 კმ-ა და ზღვის დონიდან 3050 მეტრიდან 1340 მეტრზე ეშვებით. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *