უფლისციხე

უფლისციხე უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე. წერილობით წყაროებში იგი პირველად VII საუკუნეში იხსენიება, თუმცა ქალაქის ისტორია ბევრად უფრო ადრეული პერიოდებიდან იწყება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ადრინდელი ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ძეგლთა ჯუფი. მთლიანობაში ნაქალაქარი მოიცავს ბრინჯაოს ხანის, რკინის ხანისა და შუასაუკუნეების ფენებს XV საუკუნემდე. ვახუშტი ბაგრატიონი უფლისციხის შესახებ წერს: “აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კვერნაკის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა, რომელიც აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან და იყო ქალაქი ჩინგისამდე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა კუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშქრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს”. ეს ქალაქი უძველესი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვამ ცენტრი იყო. არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, ვაზის სასხლავი დანები, რკინის სახნისი, კევრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები, ოქროს, ვერცხლის, რკინის, ძვლის, ქვის, თიხის სამკაულები, ქანდაკებები და ა.შ. კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებს განვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე აქ არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, ადრინდელ რკინის ხანაში კი (ძვ.წ. X-VI სს) ის შიდა ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის ციხე იყო. უფლისციხეს თანდათან ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა დაუმორჩილებია და ის შიდა ქართლის ერთ-ერთ უძლიერეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო. ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძვ.წ. VI-IV სს) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლებაა, რომელიც ადრინდელ ელინისტურ ხანაში (ძვ.წ. IV  – III სს) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. ის ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც. საქართველოში ქრიატიანობის სახელფწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-ან წლებში) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, თუმცა იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. ფეოდალურ ხანაში ის საქართველოს არაბებისგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში (IX-X საუკუნეები) დასუსტებული ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები იბრძოდნენ. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა, XV საუკუნეში კი უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საბოლოოდ დაიცალა მოსახლეობისაგან. მომდევნო პერიოდებში ნაქალაქარს მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა მხოლოდ დროებით სახიზრად იყენებდა.  1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ უფლისციხის კომპლექსი ნაწილობრივ დააზიანა. XX ს-ის მეორე ნახევარში არქეოლუგიურმა ექსპედიციებმა აქ უნიკალური მასალები გამოავლინა, 6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა განძი – მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც ტერაკოტის ქანდაკებაა – ძვ.წ. IV-III სს-ით დათარიღებული ქალღმერთის გამოსახულება, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება. უფლისციხესთან ახლოს, მის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი.

 

არქიტექტურა

უფლისციხე კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივშია გამოკვეთილი. ის სამი უბნისაგან შედგება და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისათვის დამახასიათებელ კომპონენტებს შეიცავს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს და წყალსაწრეტი არხების ქსელს. კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდ ეზოიანი დავ-ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და სხვა. ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები დიდი ზომებით, გეგმარებისა და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით და მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით გამოირჩევა. ისინი განსაკუთრებული გულმოდგინებითაა დამუშავებული და იარაღის კვალი არ ეტყობა. ფეოდალური ხანის დარბაზები კი უფრო დაუდევრადაა ნაკვეთი, აშკარად ეტყობათ დამუშავებისა და საკვეთი იარაღის კვალი. უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, ჩვეულებრივი წესით ნაშენი ნაგებობათა ნაშთებიც არის შემორჩენილი. ანტიკური ხანის შენობები კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრებითაა ნაგები, მშრალი წყობით. ფეოდალური ხანის ნაგებობების უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ალიზის და აგურის შენობებიც. ანტიკური ხანის ყველა დარბაზი ერთსართულიანია. ფეოდალური ხანის ნაგებობებში კი ეს პრინციპი დარღვეულია და ამიტომაც ამ პერიოდის ქვაბულების უმეტესი ნაწილი ჩამონგრეულია. კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან მაღალი ციცაბო ქარაფი იცავდა, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კი – კლდეში ამოჭრილი თხრილი. ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მთავარი შესასვლელი ანუ დიდი კლდეკარი კლდეში ნაკვეთი გვირაბია. აქ უძველესი სავაჭრო-სატრანსპორტო გზა გადიოდა, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს აკავშირებდა. ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე დღემდე ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. ქალაქის ცენტრში მოედანია, რომელსაც მთავარი ქუჩა უერთდება. კლდეში ნაკვეთი კომპლექსები ერთმანეთს მკაფიო გეგმარების გზებით უკავშირდება. დარბაზების წინ ეზო-მოედნებია. დარბაზები ეზოს ორ ან სამ მხარესაა განლაგებული. ეზოში კამაროვანი ან არქიტრავიანი პორტიკი გამოდის, რომელიც არქიტექტურულად მასთან დაკავშირებულ და მასზე დაქვემდებარებულ უფრო მცირე ზომის ქვაბულებს აერთიანებს. გვიანდელ სამშენებლო ფენებს არაორგანიზებული ხასიათი აქვთ. შიდა ქალაქის შუა უბანში მდებარეობს სამეკლესიიანი ბაზილიკა – უფლისწულის ეკლესია. იგი ადრინდელი ფეოდალური ხანით თარიღდება და წარმართული ტაძრის ადგილზეა აგებული. ეკლესია ნაგებია აგურით. იგი მრავალჯერ გადაკეთებულა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ კედლის ცენტრში არსებულ ნიშშია. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონში აგურით შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. სახურავი ღარისებრი კრამიტისაა. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *