ვაჩნაძიანის სამება კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ახლოს მდებარეობს, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის კომპლექსიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით, მთის წვერზე. ტაძრიდან შესანიშნავი ხედები იშლება ალაზნის ველსა და კავკასიონზე. ძეგლი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ინტერიერში ფრაგმენტული სახით შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ე.წ. ხალხური მხატვრობა. ეკლესია დამჯდარი პროპორციებით, სისადავითა და გარკვეული ინდივიდუალური ნიშნებით ხასიათდება. ვაჩნაძიანის სამება გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ღრმა, ნალისებრი აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ის გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი – სწორკუთხა. ტაძარი ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე დგას. დარბაზი ორი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, მეორე კი სამხრეთ კადელში. საკურთხეველი ძირითადი სივრცისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. ინტერიერი მოხატულია გვიან შუა საუკუნეებში. ფრესკების კოლორიტი თბილია, გამოყენებულია აგურისფერი, ვარდისფერი, ოქროსფერი ოქრა, მოცისფრო რუხი ფერები. მოხატულობა ლაკონური და გრაფიკულია. სხვადასხვა სცენები ერთმანეთისგან ვერტიკალური გამყოფი ხაზებით არ არის გამიჯნული, მკაფიოდ არ არის განცალკევებული არც ზედა და ქვედა რიგები რეგისტრები. კონქში ქრისტეს დიდება ყოფილა გამოსახული, აფსიდში ეკლესიის მამები. დასავლეთ კედელზე, ერთმანეთის გასწვრივ, გამოსახულია ფრაგმენტულად შემორჩენილი ფიგურა, ანგელოზი, რომელსაც სფერო და გრაგნილი უჭირავს და ღვთისმშობელი ყრმით, ერთ ანგელოზთან ერთად. კამარის სამხრეთ ნაწილში შობისა და ნათლისღების სცენებია, ჩრდილოეთით კი – ჯვარცმა და საკურთხევლისკენ შებრუნებული, მავედრებელი ფიგურა, აქვეა ნუსხური წარწერაც. მოხატულობაში შემორჩენილია ასევე წმინდა მეობრების გამოსახულებები და გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტები. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის სარკმლის ღიობი შირიმის ერთიან ქვაში გამოკვეთილი, ერთმანეთზე ვერტიკალურად განლაგებული სამი წრისაგან შედგება, რომელსაც ჩაკვეთილი საპირე ევლება. დასავლეთის შესასვლელი აგურით ნაწყობი თაღით სრულდება. შესასვლელის ზემოთ შირიმის მოზრდილი კვადრატული ფილაა ჩასმული, რომელზეც ფონის ჩაკვეთით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია გამოსახული. ფასადები თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შექმნილი ლავგარდნით სრულდება. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და მეტ-ნაკლებად დამუშავებული დიდი ზომის შირიმის ქვით, კუთხეებში ჩართულია შირიმის თლილი ქვები.