ვანის ნაქალაქარი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი)

ვანის ნაქალაქარი

ვანის ნაქალაქარი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი) იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვანის დასავლეთით მდებარე სამკუთხა ბორცვზე მდებარეობს. მისი ისტორია წ. VIII-VII საუკუნეებში იწყება. ვანში გამოვლენილი ქალაქის სახელი უცნობია, არსებობს მხოლოდ ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ის იყოს წყაროებიდან ცნობილი ქალაქი სურისი, რომელიც პლინიუსთან და კლავდიოს პტოლემაიოსთან მოხსენიებულია – სურიუმ, სურიონ – ფორმით. ეს მოსაზრება ნაქალაქარზე გამოვლენილ, სატაძრო-საკანონმდებლო წარწერას ემყარება, რომლის XVII სტრიონში ნათქვამია – „აღიმართა სურისში“. ბორცვს ორი მხრიდან ღრმა ხევები საზღვრავს. გორაკიდან ვანზე და მის მახლობლად გამავალ დიდ სავაჭრო გზებზე თვალ-ყურის დევნება იყო შესაძლებელი, თავად ბორცვი კი მთავარი გზიდან შეუმჩნეველი იყო. აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის დიდი სავაჭრო-სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც ინდოეთიდან მოემართებოდა და ფოთამდე (ფაზისი) მიდიოდა. ნაქალაქარის ბორცვი სამ ტერასადაა დაყოფილი. ძეგლზე ოთხი ძირითადი ქრონოლოგიური ფენა დასტურდება: I – ძვ. წ. VIII-VII საუკუნეები, II – ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულიდან ძვ. წ. IV საუკუნის შუა ხანებამდე, III – ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევრიდან ძვ. წ. III საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, IV – ძვ. წ. III საუკუნის შუა ხანებიდან ძვ. წ. I საუკუნის შუა ხანებამდე. ბორცვზე ცხოვრება გვიან ანტიკურ პერიოდში და შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა, თუმცა არა ინტენსიური. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ყველაზე გვიანდელი ძეგლები XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. როგორც ჩანს, ქალაქ ვანის დაწინაურება მიმდებარე ტერიტორიაზე და „ვანის ქვეყნის“ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრად ქცევა ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებიდანვე იწყება. ნაქალაქარზე პირველი ეტაპის კულტურული ფენები წარმოდგენილია თიხით შელესილი ხის ნაგებობათა ნაშთებით. მეორე ეტაპიც ძირითადად წარმოდგენილია თიხით შელესილი ხის ნაგებობათა ნაშთებით, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვანის ნაქალაქარის ყველაზე ადრეული ტაძარი – ძვ. წ. V საუკუნის ხის ტაძარი. ხის ტაძრის ჩრდილოეთით, ბორცვის სულ ზედა მოედანზე, გამოვლენილია აგრეთვე კლდოვან დედაქანში გამოკვეთილი კომპლექსი, რომელიც მაღაროს მსგავს ქვაბულსა და მისკენ მიმავალ ორ ურთიერთგადამკვეთ არხს მოიცავს. ამ პერიოდისთვის იგი უკვე კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრს და მმართველი ფენის რეზიდენციას წარმოადგენს. ძვ. წ. V-IV საუკუნეებში ვანი ხელოსნური წარმოების მძლავრი კერა და მსხვილი აღებ-მიცემობის ცენტრია. მესამე ეტაპზე, ძვ. წ. IV-III საუკუნეებში, ვანში პირველად ჩნდება ქვის არქიტექტურა. ამ პერიოდს მიეკუთვნება კოშკური ტაძრის ნაშთი და თეთრი კირქვის ფილებით რიყის ქვის საძირკველზე ამოყვანილი სწორკუთხა ნაგებობა. არსებობს ვარაუდი, რომ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ვანის მხარემ გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწია. ძვ. წ. IV საუკუნეში ვანში და ზოგადად კოლხეთში პოლიტიკური, კულტურული, სოციალ-ეკონომიკური ცვლილებები მიმდინარეობს. ძვ. წ. III საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალაქის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, იგი სატაძრო ქალაქი ხდება. ამ პერიოდში ბორცვი თავდაცვითი კედლით მაგრდება, რომელიც ქვის საფუძველზე ალიზითაა ამოყვანილი. მეოთხე ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე აღარ გვხვდება საცხოვრებელი ნაგებობები და სამარხები. ამ პერიოდში იგება ქალაქის კარიბჭე, საზეიმო საკურთხეველი ბორცვის წვერზე, ტაძარ-პროპილეუმი, ცენტრალური ტერასის ტაძარი, მრგვალი ტაძარი, თორმეტსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა. ძვ. წ. I საუკუნის შუა ხანებში, მცირე მონაკვეთში, ქალაქი ორჯერ იქნა დარბეული, რაც ბოსფორის მეფე ფარნაკისა და პერგამონის მეფე მითრიდატეს ლაშქრობებთან უნდა იყოს დაკავშირებული, ძვ. წ. 49 და ძვ. წ. 47 წლებში. ამის შემდეგ უკვე ქალაქში აქტიური ცხოვრების კვალი აღარ ჩანს. 

 

ძეგლის აღწერა

ვანის ნაქალაქარი (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი) საკულტო ნაგებობათა გეგმარების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ძეგლზე მრავალი უმნიშვნელოვანესი, ინფორმაციული, საინტერესო და მაღალმხატვრული არტეფაქტი გამოვლინდა – ქანდაკებები, ჭურჭელი, სამკაული, წარწერები და ა.შ. ვანში აღმოჩენილი ქალაქი, როგორც ჩანს, ნაყოფიერების ქალღმერთის სახელზე იყო აგებული. არსებობს ვარაუდი, რომ კოლხეთის აღწერისას სტრაბონი სწორედ ვანს გულისხმობს, როცა იგი ლევკოთეას სატაძრო ქალაქს ახსენებს. ვანში ელინისტური გავლენა ძირითადად სამშენებლო ტექნიკასა და არქიტექტურულ დეკორში ვლინდება, თუმცა შენობათა გეგმარება განსხვავებულია ბერძნულისგან. 

ვანის ქალაქი კოშკებიანი მძლავრი გალავნით იყო შემოზღუდული. ქალაქს ორი კარიბჭე აქვს, ერთი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, მეორე კი – აღმოსავლეთით (ტაძარ-პროპილეუმი). ჩრდილოეთის კარიბჭეს (ძვ. წ. III საუკუნიის II ნახ.) აღმოსავლეთიდან ნახევარწრიული ფორმის კოშკი იცავდა. გალავანს შიგნიდან, 2,8 მეტრის სიგრძეზე, მეორე კედელი გასდევს. კედლებს შორის არე სურსათისა და საბრძოლო მასალის მარაგებისთვის განკუთვნილ სექციებად იყო დაყოფილი. ნახევარწრიული კოშკისგან 15 მეტრის დაშორებით რვაწახნაგა კოშკი იდგა. კარიბჭის სამხრეთ-დასავლეთით გამოვლინდა ქვის კედლები ფერადი ბათქაშით (ძვ. წ. III ს.) და ძვ. წ. V-I საუკუნეების სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. ბორცვის წვერზე გალავნით შემოზღუდული საკულტო კომპლექსი გამოვლინდა, რომლის მთავარ ნაგებობაა საფეხურებიანი საკურთხეველი (ძვ. წ. III საუკუნიის II ნახ.). ზედა ტერასაზე მდებარეობდა დღეისათვის გამოვლენილი ყველაზე ადრეული ტაძარი ქალაქში – ძვ. წ. V-IV საუკუნეების ხის ტაძარი. ჩანს, ქალაქის მთავარი ნაწილი კარიბჭის ზევით მდებარე ცენტრალური ტერასა იყო. ამ ტერასაზე შემორჩენილია გვიანელინისტური ტაძრის (ძვ. წ. II-I სს.), მრგვალი ტაძრის (ძვ. წ. III-II სს.), კოშკურა სამლოცველოს (ძვ. წ. IV-III სს.), საზოგადოებრივი ნაგებობის ნაშთები და თორმეტსაფეხურიანი საკურთხეველი (ძვ. წ. II ს.). ქვედა ტერასაზე, ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს არქიტექტურული კომპლექსი, რომლის მთავარი ნაგებობაა ტაძარ-პროპილეუმი (აღმოსავლეთის კარიბჭე. ძვ. წ. II ს.). ქალაქში იყო რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩები. შენობები გადახურული იყო კრამიტით. 

ჩრდილოეთის კარიბჭე ძვ. წ. III საუკუნიის II ნახევრით თარიღდება. მისგან მხოლოდ დასავლეთის ნახევარია შემორჩენილი. შესასვლელთან ქალაქის მფარველი ღვთაების ქანდაკება იდგა (შემორჩენილია მხოლოდ სვეტი). აქვე კედელზე გამოვლინდა ბერძნული წარწერა – „გევედრები (შენ) მეუფეო (ქალღმერთო)“. კარიბჭით შევდივართ სამლოცველოში, რომლის დასავლეთ კედელზე მაგიდისებრი საკურთხეველია მიდგმული. უშუალოდ ქალაქში სამლოცველოს გავლით ვხვდებით.

კოშკურა ტაძარი ძვ. წ. IV-III საუკუნეებით თარიღდება. იგი გეგმით სწორკუთხა ნაგებობას წარმოადგენს. შენობის ცოკოლი რიყის ქვითა და თიხითაა ნაგები. ნაგებობას აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან 3,5 მეტრის სისქის მზღუდავი კედლები ჰქონდა. ტაძრის აღმოსავლეთ კედელს ინტერიერში რიყის ქვის 15-20 სმ-ის სიმაღლის მოედანი გასდევს. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეში, იატაკში ოთხი საცეცხლე წრიული ჩაღრმავებაა განლაგებული. დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა რიყის ქვით შემოსაზღვრული წრიული ფართობი. ეს ნაგებობა, სავარაუდოდ, ცეცხლის კოშკურა ტაძარი უნდა ყოფილიყო. 

გვიანელინისტური ხანის ტაძარი ცენტრალურ ტერასის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ძვ. წ. II-I საუკუნეებით თარიღდება. მისგან მხოლოდ სამი დარბაზი და მონუმენტურსაფეხურებიანი საკურთხეველი შემორჩა, შენობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი სამანქანო გზის გაყვანის დროს განადგურდა. საკურთხეველი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მის კლდოვან ბაქანზე სამსხვერპლო არხია ამოკვეთილი. საკურთხევლის წინ აღმართული იყო კორინთული კოლონადა. შენობის ყველაზე დიდი დარბაზის დასავლეთ ნაწილში საკურთხეველია. დარბაზს ვარდისფერი და თეთრი ქვებისგან შედგენილი მოზაიკური იატაკი ჰქონია. დიდ დარბაზს დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მცირე ზომის სათავსები ეკვრის. ჩრდილო-დასავლეთ სათავსის ჩრდილოეთ ნაწილში კედელზე მიდგმული საკურთხეველია. 

ტაძარ-პროპილეუმი ნაქალაქარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება. შენობა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: კოშკი, სარიტუალო დარბაზი, რომელიც კარიბჭეცაა და ბეღელი. დარბაზს სამი კარი ჰქონია, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც ტაძარს სარიტუალო მოედანთან აკავშირებდა. დარბაზში ორი სვეტი იდგა, რომლებიც დიაგონალზე იყო განლაგებული (შემორჩენილია სვეტების ბაზისები). დარბაზის ცენტრალურ ნაწილში იატაკის დონე 30 სმ-ითაა დადაბლებული, ძირითად დონესთან შედარებით. ამ ჩაღრმავებიდან გამოდის არხი, რომელიც შენობის გარეთ გადის და ხევისკენ მიემართება. დარბაზში ქვიშაქვის საკურთხევლები გამოვლინდა. ტაძარს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბეღელი აკვრის. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს საფეხურებიანი საკურთხეველი ებმის. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით კოშკური ნაგებობა დგას. კოშკი პირამიდული უნდა ყოფილიყო, ზევითკენ მცირედით ვიწროვდებოდა. 

მრგვალი ტაძარი ძვ. წ. III-II საუკუნეებით თარიღდება. ამ ადგილას უფრო ადრე სწორკუთხა შენობა იდგა, ძვ. წ. III საუკუნის მეორე ნახევარში კი სწორკუთხა შენობის ადგილას მრგვალი ტაძარი აუგიათ. ნაგებობის სახურავის მორთულობაში გამოყენებული იყო კირქვისგან გამოკვეთილი ლომის თავები. არსებობს მოსაზრება, რომ მრგვალ ტაძარს კესონებიანი ჭერი ჰონდა. 

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *