წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1506 მეტრზე, მდინარე ხრამის ხეობაში. იგი სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავია და მისი წყლის ზედაპირის ფართობი 33,7 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე კი – 25 მ. წყალსაცავი საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლებით. წალკის წყალსაცავის გარშემო გაშენებულია ქალაქი წალკა და რამდენიმე სოფელი. გაშლილი სივრცეები და ლურჯად მოლივლივე წყალი ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ზამთარში წყალსატევი იყინება, ისე, რომ ზოგჯერ ყინულის სისქე 80 სმ-ს აღწევს და გაყინულ წყალზე სეირნობაც შესაძლებელია. წყლის ყველაზე დაბალი დონე თებერვალ-მარტშია, დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყალსაცავში მოიპოვება თევზი და განვითარებულია თევზის რეწვა. წალკის წყალსაცავი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესო და მიმზიდველია. წალკის წყალსაცავის ქვეშ არის მოქცეული ყორღანული ველი, რომლის ნახვაც წყლის დონის კლებისას არის შესაძლებელი. წყალსაცავი ფარავს აგრეთვე ისტორიულ წალკას, რომელიც X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. წალკის წყალსაცავის მიმდებარედ შეგიძლიათ მოინახულოთ სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლები, როგორიცაა: წალკის წმ. დემეტრესა (VI ს) და იოანე ნათლისმცემლის (X ს) ეკლესიები, ძველი ხიდი ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვებით, ეძანის ბრინჯაოს ხანის გამოქვაბულები, აი-ილიას ციკლოპური ნამოსახლარი და სხვა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.