წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მდებარეობს. იგი VI საუკუნით თარიღდება. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული და სხვადასხვა პერიოდის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას, სამნავიან ბაზილიკასა და გუმბათოვან ტაძარს. წილკანში პირველი ეკლესია ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში ააგეს. წილკნის ტაძარი მალე საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. 506 წლის საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსიც ესწრებოდა. V_VI საუკუნეების მიჯნაზე კი წილკანში დიდი სამნავიანი ბაზილიკა ააგეს. VI საუკუნის II ნახევარში წილკნის ეპარქიას განაგებდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე, ისე წილკნელი, რომელიც ამავე ტაძარშია დაკრძალული. მისი საფლავის ქვა დევს გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან. წილკნის ტაძარი და მისი სამწყემსო სამაოდ ძლიერი იყო. კათედრალს ასევე დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერა იყო. სხვადასხვა დროს წილკანში მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, კალიგრაფი ბასილი, იოსებ სამებელი, ქრისტეფორე წილკნელი, ამბროსი მიქაძე, იოანე ქარუმიძე. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა. ტაძარი ხელახლა 1988 წელს ამოქმედდა.
არქიტექტურა
წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი ნაგებია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. წყობაში ასევე გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები, რომლებიც მოგვიანებით, გადაკეთების დროსაა ჩასმული. ტაძარს აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აფსიდის კუთხეებთან ღრმად შეწეულ პილასტრებს ორნამენტით მორთული ტრიუმფალური თაღი და გუმბათქვეშა ბოძებისაკენ გადაყვანილი თაღები ეყრდნობა. გუმბათის ყელი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს. გუმბათის ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათში 12 სარკმელია. გარდა გუმბათის სარკმლებისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი ანათებს. ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. დასავლეთის აგურის თაღიან გასასვლელთან სამიარუსიანი და ორნამენტიანი პილასტრებია, რომლებიც ბაზილიკის დროინდელია. მცირე სწორკუთხა სათავსია დასავლეთის კარიბჭესა და დარბაზს შორის. კარიბჭის წინ ჩასასვლელი ქვის კიბეა. სამხრეთის კარიბჭე მართკუთხაა და მის დასავლეთ ნაწილში განიერი, თაღოვანი შესასვლელია. კარიბჭეს აღმოსავლეთით მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ეკვრის, რომელიც კარიბჭესა და ტაძრის სამხრეთ ნავს კარით უკავშირდება. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს დარბაზულ ეკლესიასაც. დარბაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების პილასტრებს ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი და კედლის თაღები. ტაძარში გასასვლელი მოზრდილი არქიტრავითაა გადახურული, რომლის ცენტრშიც წრეში ამოკვეთილი მოჩუქურთმებული ჯვარის გამოსახულებაა. დასავლეთის ფასადზე ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სათავსი. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში მცირე ზომის თაღოვანი შესასვლელია. ტაძარს სამსაფეხურიანი ცოკოლი გასდევს. გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა და საფუძველთან და სარკმლებს ზემოთ ორ-ორი ლილვი შემოუყვება. ფასადებს სადა ლავგარდანი გასდევს. ტაძრის მკლავები ფრონტონებით სრულდება. ტაძრის მორთულობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბაზილიკისდროინდელი ორნამენტები, რომელთა შორის სრულიად უნიკალური და ინდივიდუალური მოტივები გვხვდება. ტაძრის ინტერიერისა და ფასადების ორნამენტები მეტისმეტად განსხვავებულია, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს ტაძარს დროის შესაფერისი ჩუქურთმებით ამკობდნენ. მეტადაა მორთული სამხრეთის ფასადი.
წილკნის ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც XVIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. იგი სხვადასხვა ზომის რიყის ქვებითაა ნაგები, ზოგან აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვებია ჩართული. კედლები შებათქაშებული ყოფილა კირქვის ხსნარით. სამხრეთით აგურისთაღიანი შესასვლელია. გალავნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ორიარუსიანია. აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში შემორჩენილია ცალმაგი, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული სათოფურები. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. კოშკებს შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვთ. ყოველ სართულზე გვხვდება ბუხრები და სათოფურები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს საზარბაზნეც აქვს, რომელიც გალავნის შესასვლელისკენაა მიმართული. ამ კოშკის შესასვლელზე აგურის ექვსმალიანი სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ XIX საუკუნეში. ჩრდილო-დასავლეთის კოშკზე შემორჩენილია სალოდეებიც. გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, უფრო ძველი გალავნის ნაშთებია შემორჩენილი.
მოხატულობა
წილკნის ეკლესიაში მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში. ფრესკები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. ცენტრში, ორმაგ წრეში ქრისტეს გამოსახულებაა, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში კი გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში აომთავრული წარწერაა. ცენტრალური წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მოგვიანო ხანაში გადაწერილი მახარებელთა სიმბოლოებია, მახარობელთა შორის ექვსფრთდედებია. შემდეგ რეგისტრში ანგელოზებით გარშემორტყმული კიბორიუმია გამოსახული. მოხატულობა ბაც შინდისფერ, მოწითალო, ყვითელ და ლურჯ ტონებშია შესრულებული. გამოსახულებები მცირე ზომისაა, ნახატი – საკმაოდ უხეში.