წოფის ციხე

წოფის ციხე

წოფის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მდებარეობს. იგი შულავრის წყლისა და დებედის წყალგამყოფ უსახელო ქედის გაშიშვლებულ მარმარილოსებრი კირქვის კლდეზეა აღმართული. სიმაგრე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილასაა აგებული, იგი სხვა ციხეებთან ერთად, დმანის-ლორედან სომხეთისკენ მიმავალ გზას მეთვალყურეობდა. გეგმარების, ტოპოგრაფიისა და სამშენებლო ტექნიკის გათვალისწინებით ციხე VI საუკუნით თარიღდება, ფუნქციონირება კი, არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ჩანს, XIII საუკუნეში შეუწყვეტია. ციხის ფუნქციონირების ზედა ზღვართან დაკავშირებულ მასალას ამყარებს ასევე აღპატის მონასტრის 1211 წლის წარწერა, რომლის მიხედვით გიორგი III-სა და თამარ მეფეს სოფელი წოფი ვინმე ნაშმადინისათვის უბოძებიათ: “სომხური წელთაღრიცხვის 660 წელს (=1211 წ.) მე ნაშმადინი, სმბატის შვილი, უქანის შვილიშვილი და შვილნი ჩემნი სმბატი და ვარამი მივენდეთ ჰაღბატის წმიდა ხატს და დავდეთ ამ ადგილას ჩვენი საძვალე და (შევწირეთ) წოფი, რომელიც მოგვცეს ჩვენ სიგელით დიდი ნამსახურობისათვის მეფეთა მეფე გიორგიმ და მისმა შვილმა თამარმა, და (შევწირეთ) იქვე… …გლეხი და… ვენახი ზაქარია შაჰანშაჰისა და ივანეს მზეგრძელობისათვის და ცოდვათა ჩვენთა მოსატევებლად”. თუკი წოფის ციხის “ქვეყნის” მთავარ სოფელს მონასტერს სწირავენ, ამ დროს ციხისა და მასთან არსებული დასახლების პოლიტიკური მნიშვნელობა მოშლილი უნდა იყოს. ვახუშტი ბაგრატიონის წოფის ციხის შესახებ წერს: “არს ხოჟორნიას ეკლესია გუმბათიანი, ხოლო წოფას ციხე მცირე”. წოფის ციხის ისტორიის შესახებ წერილობით წყაროებში ცნობები არ გვხვდება. 

წოფის ციხის მთის სამხრეთ ფერდობზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში დასახლებულა. გამოვლენილია ასევე გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის მასალა. ადრე რკინის ხანაში აქ უკვე გამაგრებული დასახლება არსებულა, ამ პერიოდს მიეკუთვნება ციკლოპური წყობის კედლები. ზედაპირულად აკრეფილ მასალაში გამოვლინდა ელინისტური და რომაული ხანის თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი VI-XIII საუკუნეების არქეოლოგიური მასალა. 

 

ძეგლის აღწერა

წოფის ციხე კლდოვან მთაზე დგას და მოიცავს ციტადელსა და ქვედა ციხეს. ამჟამად შემორჩენილია ზედა ციხის პირველი სართულის ნანგრევები და გალავნის კედლის ფრაგმენტები. ციტადელი გეგმით ელიფსური მოყვანილობისაა და ორი სათავსოსგან შედგება. ზედა ციხის დღეისათვის შემორჩენილ ქვედა სართულზე არ გვხვდება კარ-ფანჯრები, მხოლოდ კლდის ხერხემალზე გამავალ კედელშია გაჭრილი ორი ვიწრო კარი. როგორც ჩანს, სათავსოებში მეორე სართულიდან ჩადიოდნენ, მეორე სართულზე კი, სავარაუდოდ, ასაღები კიბით ადიოდნენ. კედლები ოთხი ნახევარწრიული ბურჯითაა გამაგრებული. ასეთივე ბურჯები აქვს ზედა ციხიდან აღმოსავლეთით, კლდეკარისაკენ, კლდის ხერხემალზე გამავალ გალავნის კედელსაც, რომელიც კლდეკართან წრიული გეგმის კოშკით მთავრდებოდა. ნახევარწრიული ბურჯი აქვს აგრეთვე ზედა ციხიდან სამხრეთით, მეორე ტერასის ქარაფამდე ჩამომავალ კედელსაც, რომელსაც, ბურჯის გვერდით, ტერასაზე შესასვლელი კარი აქვს გაჭრილი. ციტადელის აღმოსავლეთით წრიული გეგმის კოშკი დგას. ქვედა ციხის გალავანი სამხრეთის კლდოვანი ფერდობის დიდ ტერიტორიას შემოფარგლავს. მასში გამოყენებულია წინარექრისტიანულ ხანაში აქ არსებული ნაგებობის ციკლოპური წყობის კედლებიც. გალავნის კედლები გამაგრებულია ბურჯებით. ქვედა ციხის გალავანი არ წარმოადგენს უწყვეტ კედელს, როგორიც, მაგალითად, უჯარმის ციხეს გააჩნია. აქ ციხის მშენებელს რელიეფის თავდაცვითი შესაძლებლობები გამოუყეწებია და მცირე შრომით კარგად დაცული ქვედა ციხე შეუქმნია. გალავნის კედლები აგებულია ქარაფებს შორის, ადვილად მისადგომ ადგილებში, სადაც ქარაფი თუ ამოზიდული კლდე ტერიტორიას ვეღარ იცავდა. ქვედა ციხის ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი კომპლექსები და მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნალისებრი აფსიდით. ციხე ნაგებია უხეშად გათლილი, სწორკუთხოვანი, მარმარილოსებური ნაცრისფერი კირქვით. წყობაში რიგების ჰორიზონტულობა დაცულია. ამგვარადვეა ნაგები ეკლესიაც. 

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *