ხოჟორნის ციხის კომპლექსი (ხოჯორნის ციხე)

ხოჟორნის ციხე (ხოჯორნის ციხე)

ხოჟორნის ციხის კომპლექსი (ხოჯორნის ციხე) ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჟორნში მდებარეობს. ამჟამად იგი სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული და მისი მონახულება ჩვენთვის შეუძლებელია. ციხის დანახვა შეიძლება ხოჟორნის გუმბათოვანი ტაძრისკენ მიმავალი გზიდან და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ხოჟორნის ციხე X-XI საუკუნეებით თარიღდება. სომეხი ისტორიკოსის – ვარდანის ცნობით XI საუკუნის შუა ხანებში ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში მხარგრძელთა გაქრისტიანებული ქურთი წინაპრები დამკვიდრებულან და ხოჟორნის ხევი მფლობელობაში მიუღიათ. დავით მუსხელიშვილი და დევი ბერძენიშვილი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხოჟორნის ციხე სწორედ მხარგრძელთა წინაპრებს უნდა აეგოთ თავიანთ პირველ რეზიდენციად. მომდევნო პერიოდში ხოჟორნი დაწინაურდა და წოფისხევის პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ცენტრი წოფიდან ხოჟორნში გადავიდა. ეს ცვლილება ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ახალი, მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულების წარმოქმნამ განაპირობა. შულავერ-დებედის შემაერთებელი გზა მთლიანად ლორის საგამგეოში შევიდა და შიდა გზად იქცა, რამაც წოფის ციხის მაკონტროლებული ფუნქციის შესუსტება გამოიწვია. ხოჟორნის ციხე კი ეკონომიკურად ხელსაყრელ ადგილასაა აგებული, მთისა და ბარის მეურნეობების ურთიერთობის რეგულირებისთვის, ციხეს ორი მხრიდან მთაში მიმავალი გზები უვლის. X-XIII საუკუნეებში ხოჟორნის ეკონომიკურ დაწინაურებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ შედარებით მცირე ხეობაში საკმაოდ ბევრი ნასოფლარია. ხოჟორნის ციხის კომპლექსი (ხოჯორნის ციხე) კლდოვან მთაზე დგას და მიუვალობით წოფის ციხეს არ ჩამოუვარდება, თუმცა ზომით შედარებით მცირეა. იგი კარგად გამაგრებული და ძლიერი ნაგებობა ყოფილა, სამხრეთის მხრიდან, საიდანაც ციხე ადვილად მისადგომია, მისი კედლების სისქე 3 მეტრამდეა. ციხე-სიმაგრე ნაგებია ნაგლეჯი კლდის ქვით კირის დუღაბზე. ციხესთან შემორჩენილია ციხის სოფლის ათამდე ნამოსახლარი და მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ხოჟორნის ციხის ეკლესია ნაგებია წოფის მარმარილოთი, სარკმლისა და ლავგარდნის ნაწილები კი ტუფითაა გამოყვანილი. ეკლესის კედლებთან ხაჩკარებია მიყურებული. ხოჟორნის ციხესთან ახლოს ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ხოჟორნის გუმბათოვანი ტაძარი, მცირე დარბაზული ეკლესია და “მარმარილოს ეკლესია”.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *