ხორაკერტის კომპლექსი

ხორაკერტის კომპლექსი

ხორაკერტის კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანახჩთან ახლოს მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს გუმბათოვან ტაძარს, ორ მცირე დარბაზულ ეკლესიას, სატრაპეზოსა და გალავანს. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ხორაკერტის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც სომხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. X საუკუნეში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ტაშირ-ძორაგეტის სამეფო წარმოიქმნა (მოიცავდა ქვემო ქართლისა და სომხეთის ტერიტორიების ნაწილებს), რომელსაც ბაგრატუნთა დინასტიის გვერდითი შტო – კვირიკიანების დინასტია მართავდა. XIII ს-ის სომეხი ისტორიკოსის ვარდანის ცნობით, გურგენის (ტაშირ-ძორაგეტის პირველი მეფე) მიღებულ ტერიტორიულ ერთეულებს შორის ხორაკერტიცაა დასახელებული. XII-XIII საუკუნეებში ამ ტერიტორიას მხარგრძელები ფლობდნენ. ტაძრის დასავლეთ შესასვლელის თავზე განთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ ის XIII საუკუნეშია აგებული. მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს წარწერა ეკლესიაზე მიშენებულ გავითს ეხება და არა ტაძარს. თავად ეკლესია XII საუკუნეში ან XIII საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აშენებული, გავითი კი ცოტა მოგვიანებით მიადგეს, გავითთან ერთად უნდა იყოს აგებული ეკლესიის გუმბათიც. გარდა ხორაკერტის კომპლექსში ორი X საუკუნის მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაც გვხვდება, რომლებსაც არ აქვს სომხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სავარაუდოდ თავიდან ქართული სამლოცველოები უნდა ყოფილიყო. ხორაკერტის გუმბათოვან ტაძარში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სვეტებიანი გუმბათი და გუმბათის ნახევარსფეროს გადაწყვეტა – დავითის ვარსკვლავი, რომელსაც აქვს, როგორც კონსტრუქციული, ასევე მხატვრული დანიშნულება. გუმბათის ყელი ინტერიერში მკვეთრად დაბალია, ექსტერიერთან შედარებით. ასეთი გადაწყვეტილება ხუროთმოძღვარმა, როგორც ჩანს, გუმბათის გასანათებლად მიიღო, რადგან სვეტების მწკრივისგან დაშორებული ნახევარსფერო ძალიან დაბნელდებოდა და ერთგვარი ბნელი ხვრელი წარმოიქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუმბათის ყელი ინტერიერში ძალიან დაბალია, სვეტებს შორის უხვად შემოსული სინათლის წყალობით ის სუმსუბუქის შთაბეჭდილებას ქმნის. ტაძრის მორთულობაში თითქოს ერთგვარი ეკლექტიკა იგრძნობა, პირვანდელი ნაგებობისა და მომდევნო პერიოდის დეკორები სტილისტურად განსხვავებულია. ასევე გუმბათის ყელზე უსისტემოდ განლაგებულია ზედაპირული კვეთით შესრულებული მცირე ზომის რელიეფები, რომლებსაც ფაქტობრივად არავითარი მხატვრული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძეგლის მთლიანობაში თითქმის არც გაირჩევა, თუმცა ცალკე აღებული თითოეული რელიეფი თავისებურად საინტერესოა. ტაძრის გარე მასების გადაწყვეტა სომხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელია – ჯვრის მოკლე მკლავები და განიერი გუმბათის ყელი. მიუხედავად აღნიშნული სტილისტური გადახვევებისა ხორაკერტის გუმბათოვანი ტაძარი ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო ძეგლია და მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტის თვალსაზრისით სომხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ გავითის კედლებზე და ეკლესიის დასავლეთის შესასვლელის ტიმპანში ვრცელი სომხური წარწერებია შემონახული, გუმბათის ყელზე კი, მის სამხრეთ-დასავლეთ წახნაგზე, განთავსებულია მომწვანო ფერის ქვა, მცირე ზომის ქართული წარწერით.

 

ძეგლის აღწერა

ხორაკერტის კომპლექსი მოიცავს გუმბათოვან ტაძარს, ორ მცირე დარბაზულ ეკლესიას, სატრაპეზოსა და გალავანს. გალავანი თითქმის სრულად დანგრეულია, ეკლესიის ეზოში ყრია ფრაგმენტები. გალავანს დასავლეთით საკმაოდ დიდი და მონუმენტური კარიბჭე ჰქონია.

ანსამბლის მთავარი ნაგებობა გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და სამხრეთით. ეკლესიას დასავლელით გავითი აქვს მიდგმული. დარბაზის აღმოსავლეთით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც მთავარი სივრცისგან არდაბაგითაა გამოყოფილი. აფსიდი ბემითაა დაგრძელებული. ჯვრის მოხაზულობის ცენტრალურ სივრცეს კუთხეებში აფსიდიანი, იზოლირებული სამლოცველოები აქვს დამატებული. გუმბათქვეშა კვადარტის კუთხეები სამ-სამი მრგვალი ნახევარსვეტითაა გაფორმებული, რომლებზეც ნახევარწრიული თაღებია გადაყვანილი. კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათის ყელის საფუძველზე ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული ოცდათი ექვსწახნაგა სვეტია, რომელსაც გუმბათის ათწახნაგა ყელი და კამარა ეყრდნობა. ინტერიერში სვეტების ზემოთ გუმბათის ყელი არ გრძელდება, კამარასა და სვეტებს შორის მხოლოდ დეკორირებული სარტყელია. გუმბათის ნახევარსფეროს მზიდ კონსტრუქციას ექვსი ურთიერთგადამკვეთი თაღი ქმნის, რომლებიც ექვსწახნაგა ვარსკვლავს გამოსახავენ და მხატვრული ფუნქციაც გააჩნიათ. ინტერიერი შელესილია, თუმცა, როგორც ჩანს, თავიდან შეულესავი უნდა ყოფილიყო, რადგან ჩამოცვენილი ბათქაშის ადგილას რელიეფური დეტალები ჩანს. ტაძრის ყველა მკლავში თითო თაღოვანი სარკმალია, თითო თაღოვანი სარკმელი აქვთ აგრეთვე აღმოსავლეთის აფსიდის გვერდით მდებარე სამლოცველოებს. ექსტერიერში აფსიდსა და სამლოცველოებს შორის სამკუთხა ნიშებია, რომლებიც მცირე ზომის, სიღრმეში განთავსებული მარაოსებრი დეკორითაა შემკული. ფასადები, გარდა გუმბათისა, თითქმის მოურთველია, მხოლოდ სარკმლებს აქვს ლილვოვანი საპირეები და შესასვლელებს ასევე საკმაოდ მარტივი დეკორი. ტაძრის ძირითადი კორპუსის საპერანგე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოცვენილია. გუმბათის სვეტებს სამფურცლა და ოთხფურლა, ყვავილისებრი მორთულობა გასდევს. გუმბათის ყელზე მიმობნეულია მცენარეული და გეომეტრიული რელიეფები და ჯვრები და გრეხილი ლილვის ლავგარდანი ასრულებს. ტაძრის ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი შემოუყვება. ტაძრის სამხრეთ შესასვლელთან სახურავის კეხი დევს ლომის რელიეფური გამოსახულებით. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე მიდგმული გავითი გეგმით კვადრატული მოხაზულობისაა. გავითის კედლები ინტერიერში მსხვილი პილასტრებითა და მათ შორის გადაყვანილი თაღებითაა დანაწევრებული. გავითის კედლებსა და ეკლესიის შესასვლელის შეიშრული ფორმის ტიმპანში ვრცელი სომხური წარწერები და ხაჩკარებია განთავსებული. გადახურვა ჩამოქცეულია. გავითის შესასვლელი დეკორირებულია ლილვებით.

ხორაკერტის გუმბათოვანი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომცრო დარბაზული ეკლესია დგას. იგი X საუკუნით თარიღდება. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძარს ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, იგი არქიტრავულია. საკურთხევლის ოდნავ შეისრული თაღი სუფთად თლილი ქვითაა გამოყვანილი და სადა იმპოსტებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში სარკმლის გამორღვეული ღიობებია. აღმოსავლეთ ღიობის შიდა მხარეს თაღოვანი სათაურის ფრაგმენტი გაირჩევა. არქიტრავის თავზე, ინტერიერის მხრიდან, სწორკუთხაა ნიშაა განთავსებული. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის კვალი. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული, თანაბარი ზომის ქვის კვადრებით, წყობის ჰორიზონტალობის დაცვით.

ხორაკერტის კომპლექსი მოიცავს კიდევ ერთ მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას, რომელიც გუმბათოვანი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას და ასევე X საუკუნით თარიღდება. ნაგებობის კამარა, დასავლეთ კედელი და აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების ნაწილი დანგრეულია. აღმოსაველთ კედელში კიდებმორღვეული სარკმლის ღიობია. ეკლესია ნაგები ყოფილა თლილი ქვის კვადრებით, პერანგის წყობაში დაცული ყოფილა რიგების ჰორიზონტალობა. სამშენებლო წყობით იგი სამხრეთით მდგარ დარბაზულ ეკლესიას წააგავს.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • გ. გაგოშიძე, ნ. ჩანტლაძე – მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში I. ქვემო ქართლი. 2009. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *