ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ტაძარი ხვამლის მთის თავზე, სამხრეთი კალთის პირას დგას. კომპლექსი შედგება XI-XIII საუკუნეების ნაეკლესიარის, 1910 წელს აგებული ტაძრის, გალავნისა და სენაკებისგან. ძველი ეკლესიისგან მხოლოდ კონტურებიღაა შემორჩენილი. 1886 წელს ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა მღვდელ იოანე თაგვაძეს წერილი, სადაც ის ყვება, რომ კლდის თავზე იყო ეკლესიის ნანგრევი, ქვის გალავანი და მის ირგვლივ ქვის სახლები. 1910 წელს ახალი ეკლესია აშენდა. ამ ტაძრის მშენებლობისას მოსახლეობას XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული წარწერიანი ქვა უპოვნია, რომელიც ამჟამად ქუთაისის მუზეუმშია დაცული. წარწერა ასე იკითხება: „წმინდაო გიორგი მეოხ და მფარველ ექმენ ერისთავთერისთავსა ენს (ეოანეს? ელარიონს?) სულითა და შვილთა მისთა“. წარწერით ვიგებთ, რომ ამ პერიოდისთვის ტაძარი აგებული ყოფილა. ხვამლი მთელი ლეჩხუმის (თაკვერის) ერთ-ერთი მთავარი სალოცავი ადგილი იყო. აქ ლოცულობდნენ მოსავლისათვის, ევედრებოდნენ გვალვისა და სეტყვისგან მფარველობას. ხვამლის წმ. გიორგის ეკლესია ცაგერის ღვთისმშობელს ემორჩილებოდა, როგორც ლეჩხუმის საეპისკოპოსო კათედრალს. XVII საუკუნის II ნახევრიდან გრიგოლ ცაგერელს ხვამლის წმ. გიორგისთვის ზუბის ციხე შეუწირავს. ცნობილია რომ შუასაუკუნეებში ხვამლის მთაზე იყო სამეფო განძთსაცავი. ამ ადგილს მითები და ისტორიები უკავშირდება. ხვამლის მთა მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს. 1910 წლის ეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთით განზიდული ხუთწახნაგა აბსიდით სრულდება. იგი კირქვისა და შირიმის ქვითაა ნაგები, დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შესასვლელი სამივე კედელშია გაჭრილი. დარბაზი საკურთხევლისა და დასავლეთის სარკმლებით ნათდება. გადახურულია თუნუქით. ეკლესიას მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება არ აქვს. გალავანი ნატეხი ქვისაა, ნაგებია მშრალად. შესასვლელი ორი ჰქონდა: აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. აღმოსავლეთის კარის წინ ზღურბლის ქვაა შემორჩენილი, რომელსაც საკარე ფოსოები აქვს ამოჭრილი. სამხრეთის კარიბჭე მოგვიანებით ამოუშენებიათ და სენაკად უქცევიათ. სენაკის დასავლეთით უფრო დიდი ზომის, ნატეხი ქვით ნაგები, კიდევ ერთი სენაკის ნაშთია. სენაკში გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტები აღმოჩნდა.