ყანჩავეთის (ყანჩაეთის) კაბენის მონასტერი

ყანჩავეთის (ყანჩაეთის) კაბენის მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთში (ყანჩაეთი) მდებარეობს. 2008 წლიდან იგი ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის, ფერგლებშია მოქცეული. ყანჩავეთის კაბენის მონასტერი IX-XIII საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველი ტაძარი XIII ს-ში მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ. ტაძარი თავიდან “თავისუფალი ჯვრის” ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა. უძველეს ფენას მიეკუთვნება რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი, ოთხი გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. IX საუკუნით თარიღდება აგრეთვე გუმბათში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. ჩვენამდე მოაღწია XII-XIII საუკუნეების მოხატულობის ნაშთებმაც. ტაძარი ყურადღებას იქცევს მდიდრული საფასადო მორთულობით. ყანჩავეთის კაბენის მონასტერი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, XII ს-ის წარწერები კაბენის სახარებაზე, 1290-1300 წწ. ყანჩაეთის სახარება, „ძეგლი ერისთავთა“, 1669 წ. წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელი, 1698 წ. ყანჩაეთის გულანი.

ფოტოს ავტორი: დევი ბერძენიშვილი
ფოტოს წყარო: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ციფრული ფოტო არქივი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *