ყელიწადის ტბა

ყელიწადი

ყელიწადის ტბა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ყელის ზეგანზე, ზღვის დონიდან 3080 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყლის მაქსიმალური დონე ზაფხულში აქვს, მინიმალური – ზამთარში. იგი 8-9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ყელის ზეგანი ვულკანური ზეგანია ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში. ზეგანი მდიდარია ვულკანურ-მყინვარული წარმოშობის ტბებით. წითელი, ვულკანური მთები, უსასრულო სივრცეები და ამ ფერად ლანდშაფტზე მიმობნეული ლურჯად მოლივლივე ტბები ჯადოსნურ, მშვენიერ სანახაობას ქმნის. 

 

დღე პირველი

ყელიწადის ტბისკენ მიმავალი ბილიკი თრუსოს ხეობიდან, სოფელ შევარდენიდან იწყება და ხორისარის უღელტეხილისკენ მიემართება. ბილიკის სიგრძე ჯამში 25 კმ-ა და რთულ მარშრუტებს მიეკუთვნება. აუცილებლად იქონიეთ ორი დღის სამყოფი წყალი, ტბამდე წყალი მხოლოდ ერთ ადგილას არის და შესაძლოა ისიც დამშრალი დაგხვდეთ (ჩვენ დამშრალი დაგვხვდა). თავიდან, დაახლოებით 4 კმ, სერპანტინს მიუყვებით. პირველ დღეს დიდი სირთულეები არ გელით. საწყისი წერტილიდან დაახლოებით 6 კმ-ის გავლის შემდეგ გაშლილ მინდორზე მოხვდებით. ეს მინდორი შესანიშნავია საბანაკედ და მოლაშქრეთა უმრავლესობა სწორედ აქ შლის კარავს. ამ მინდორს მკვეთრი, ქვიანი აღმართები მოსდევს და სჯობს დასვენებული შეუდგეთ რთულ ბილიკს. მთებით გარშემორტყმული ვრცელი მინდორი, კარავი, სიმშვიდე და ჩიტების ჟღურტული ნამდვილად სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს.

 

დღე მეორე

მეორე დღეს ხორისარის უღელტეხილის (3450მ) რთულ ფერდობებს უნდა აუყვეთ. გზა მოზრდილი ქვებითაა დაფარული, რომლებიც ირყევა და სიარულის დროს სიფრთხილე გმართებთ. ხორისარის უღელტეხილის ტერიტორიაზე ხშირად არიან არჩვები, თუ ყურადღებით იქნებით შესაძლოა თვალი მოჰკრათ და ფოტოებიც გადაუღოთ. საბანაკედან 4 კმ-ის გავლის შემდეგ პატარა მოსწორებულ ადგილას მოხვდებით, სადაც ნიშნულსაც ნახავთ. ერთ მხარეს წითელი ხორისარი, წინ კი მონუმენტური და შთამბეჭდავი რუხი კლდოვანი მასივი ზღაპრულ გარემოს ქმნის. ეს ადგილი განსაკუთრებით შემიყვარდა. არჩვებიც აქ ვნახე (მანამდე არასოდეს მენახა) და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სამყაროს ჩურჩული მესმოდა. აქედან რთული, თუმცა არცთუ დიდი აღმართია ხორისარის უღელტეხილის უმაღლეს წერტილამდე, საიდანაც შესანიშნავი ვრცელი ხედი იშლება ყელის წეგანსა და ყელიწადის ტბაზე. თუკი არ დაგეზარებათ და მწვერვალზეც ახვალთ, 3736 მეტრიდან დანახული სამყარო და ბედნიერების ჟრუანტელი ყველა სირთულეს და საერთოდ ყოველგვარ ამაოებას დაგავიწყებთ. ხორისარის უღელტეხილიდან საკმაოდ მკვეთრი დაღმართის ჩავლის შემდეგ ტბამდე უკვე მარტივი გზაა და დღის მთავარი სირთულეები შეგიძლიათ გადალახულად ჩათვალოთ. მოვარდისფრო-მოწითალო შერხოტა და მის წინ გაწოლილი ლურჯი, მოლივლივე ყელიწადის ტბა საოცარი და დაუვიწყარი სანახაობაა. ტბასთან მშვენიერი მინდორიც არის დასაბანაკებლად. სიმშვიდე, ხელუხლებელი ბუნება, ულამაზესი მზის ჩასვლა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა (კარგი ამინდის შემთხვევაში) ზღვა ემოციებითა და ენერგიით აგავსებთ, რათა მომდევნო დრეს შემართებით შეუდგეთ გზას შინისაკენ.

 

დღე მესამე

მესამე დღე ესის უღელტეხილის (3410მ) ძალიან მკვეთრი, ნაშალი ქვით დაფარული აღმართით იწყება. თუმცა აღმართს რომ აივლით დაღლილობა სრულიად დაგავიწყდებათ. ესის უღელტეხილიდან მყინვარწვერის, შერხოტასა და ყელიწადის ტბის წარმოუდგენლად მშვენიერი ხედი იშლება. აქედან უკვე აღმართები სრულდება და ესიკომის ხეობის დაღმართებს უნდა დაუყვეთ. აქ გზის აბნევა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან მთელი გზა ხეობას მიუყვებით, თუმცა რამდენიმე ადგილას ფერდობები ჩაშლილია და გადავლისას სიფრთხილე გმართებთ. მარშრუტი სოფელ კეტრისში სრულდება, სადაც ზაქაგორის ციხეს, მთავარანგელოზის ეკლესიასა და თრუსოს ხეობის კოშკებს შეავლებთ თვალს. 

 

 

ერთი კომენტარი პოსტზე - “ყელიწადის ტბა

  • აგვისტო 9, 2021 at 7:39 pm
    Permalink

    !!!

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *