ზეგაანის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი

ზეგაანის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი

ზეგაანის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზეგაანთან ახლოს მდებარეობს. იგი მოიცავს VI-VII საუკუნეების სამეკლესიიან ბაზილიკას, განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას, მარანს, გალავანს, სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობების ნაშთებსა და გალავნის გარეთ მდებარე V საუკუნის წმ. მარინეს ეკლესიას. მთავარი ტაძარი დახვეწილი, ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება, ყურადღებას იქცევს, გვერდითა ნავებთან შედარებით, მკვეთრად მაღალი ცენტრალური ნავი. გლუვი კედლების რიტმში მთავარ მხატვრულ აქცენტს აკეთებს ორ და სამ თაღიანი შესასვლელები. ტაძრის სახასიათო თავისებურებაა დასავლეთის ორსართულიანი სტოა, რომელიც საინტერესო კომპოზიციას ქმნის. რესტავრაციისას ეკლესიისთვის სრულიად შეუსაბამო, ბეტონის ძალიან უხეში ლავგარდანი გაუკეთებიათ, რომელიც იმიტაციაა ადრეული შუა საუკუნეების, თაღებისგან შედგენილი ლავგარდნების (სავარაუდოდ ასეთი ლავგარდანი უნდა ჰქონოდა ნაგებობას თავიდან). აღნიშნული ლავგარდანი უსიამოვნოდ იქცევს ყურადღებას და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული ძეგლია ზეგაანის წმ. მარინეს ეკლესია – მცირე ზომის, თავისუფალი ჯვრის ტიპის ტაძარი, რომლის გუმბათი ექსტერიერში აღმოსავლეთ-დასავლეთ მკლავის ორკალთა სახურავშია მოქცეული. ეს პატარა ტაძარი მკაფიოდ გამოხატული ფორმებით გამოირჩევა, პროპორციებში იგრძნობა სიმაღლისკენ სწრაფვა. ეკლესიის ინტერიერში შემონახულია XVI საუკუნის, ე.წ. ხალხური მხატვრობის ტიპის ფრესკები. ზეგაანის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, ნაგებობათა ინდივიდუალური თავისებურებებითა და მხატვრული ღირებულებით, ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია.

 

არქიტექტურა

ზეგაანის ღვთისმშობლის სახელობის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI-VII საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. ტაძრის ცენტრალურ ეკლესიას სამი მხრიდან ჰქონია შესასვლელი – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ჩრდილოეთის შესასვლელი მოგვიანებით ამოუქოლავთ. სამხრეთის ეკლესია გახსნილია ორ ბურჯზე დაყრდნობილი სამი თაღით, ჩრდილოეთის ეკლესია კი ორი თაღით. დასავლეთიდან ეკლესიას ორი თაღით გახსნილი, ორსართულიანი სტოა ეკვრის, რომლის პირველი სართული გვერდითა ეკლესიებს აერთიანებს და გარშემოსავლელს ქმნის. მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის წინ მოკლე ბემაა. აფსიდის კონქის თაღი ნალისებრია. ნალისებრი მოხაზულობისაა ბემის თაღიცა და კამარაც. საკურთხეველი, დარბაზთან შედარებით, სამი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდს საფეხური შემოუყვება. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა დამხმარე სათავსია მოწყობილი. დარბაზის კამარა კონსოლებზე დაყრდნობილ თაღებს ეყრდნობა. ტაძრის დასავლეთ ნაწილში პატრონიკეა მოწყობილი. პატრონიკეს დასავლეთ კედელში ორი ნალისებრი თაღით გახსნილი ღიობია, რომლითაც, ის დასავლეთ კარიბჭის მეორე სართულს უკავშირდებოდა. დარბაზი აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო და გრძივი კედლების ორ-ორი სარკმლით ნათდება. თითო სარკმელი აქვთ დამხმარე სათავსებსაც. კარიბჭის მეორე სართულს სამი სარკმელი აქვს – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ცენტრალური ეკლესიის აღმოსავლეთისა და გრძივი კედლების სარკმლები შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან კი – ნალისებრთაღოვანი, ნაგებობის ყველა დანარჩენი სარკმელი კი – ორივე მხრიდან სწორკუთხა. სამხრეთის ეკლესია აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება, ჩრდილოეთისა კი – უაფსიდოა. ტაძრის ფასადები სადაა, ძირითად მხატვრულ ეფექტს ნაგებობის კომპოზიციური გადაწყვეტა, კედლების ლამაზი წყობა და თაღებით გახსნილი შესასვლელები ქმნის. ეკლესია ნაგებია მსხვილი რიყის ქვის რეგულარული წყობით, შენობის გარეთა კუთხეები, პილასტრებისა და სვეტების იმპოსტები და სარკმელების გარე ნაწილები გამოყვანილია შირიმის თლილი ქვით.

ზეგაანის სამეკლესიიანი ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია დგას. ნაგებობას ერთი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან. ტაძარი აღმოსავლეთით სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის კონქის თაღი ოვალური ფორმისაა, ასეთივე მოხაზულობისაა დარბაზის კამარაც. საკურთხევლის ქვეშ საძვალეა, აღმოსავლეთით სწორკუთხა ღიობით. ეკლესია აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო სარკმლით ნათდება. ფასადები სადაა, მოურთველი. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით კირის დუღაბზე. ეკლესიების გარშემო შემორჩენილია მარნისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ყველაწმინდის კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რომელიც ნანგრევების სახითაა გადარჩენილი.

ზეგაანის ყველაწმინდის კომპლექსის გალავნის გარეთ დგას V საუკუნის ზეგაანის წმ. მარინეს ეკლესია. იგი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, დაბალი გუმბათით. გუმბათი ექსტერიერში არ იკითხება, აღმოსავლეთ-დასავლეთ მკლავის ორკალთა გადახურვაშია მოქცეული. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან. ჩრდილო და სამხრეთ მკლავები, საერთო მოცულობასთან შედარებით, დაბალია. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი კი – სწორკუთხა. აფსიდი დაგრძელებულია ბემით. საკურთხევლის იატაკი, დარბაზთან შედარებით, ერთი საფეხურითაა შემაღლებული. სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავები ნალისებური კამარებითაა დახურული. გუმბათქვეშა კვადრატიტან წრეზე გადასვლა მკვეტრი და ჩამოყალიბებული ფორმის არ არის. ეკლესია ოთხივე მკლავში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. ორი სარკმელი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან კი – ნალისებრთაღოვანი, ორი სარკმელი კი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. ინტერიერი შელესილი და მოხატულია, ფრესკები დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. მოხატულობა თბილი კოლორიტითა და ე.წ. ხალხური მხატვრობისთვის დამახასიათებელი ნაივურობით ხასიათდება. აფსიდი და ბემა ვედრების სცენას უჭირავს, კამარებზე საუფლო ციკლია წარმოდგენილი (შობა, ნათლისღება, ფერისცვალება, ჯვარცმა და ამაღლება). კედლებზე ასევე გვხვდება ქტიტორის, ეკლესიის მამების, წმინდანებისა და მთავარანგელოზების გამოსახულებები. ფასადები სადაა და რიყის ქვით გამოყვანილი თაროსებრი ლავგარდნით სრულდება, რომელსაც ფრონტონის კუთხეებში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. ეკლესია ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით, კუთხეებში ჩართულია წესიერი ფორმის ქვები, რამდენიმე სარკმლის გარე ნაწილებისთვის კი შირიმის თლილი ქვაა გამოყენებული.

 

 

იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒ 

იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიები ⇒ 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *