ბანას კათედრალი

ბანა

ბანას კათედრალი საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაოში მდებარეობს, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ერზრუმის პროვინციაში, შენკაიას ოლქის სოფელ ფენაქში. ბანას პირველად XI საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანე სუმბატ დავითის ძე იხსენიებს, IX-X საუკუნეების მოვლენებთან დაკავშირებით: “ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა დასვეს ქართველთა მეფედ ნაცვლად მის მოკლულისა, და ამან ადარნასე (881-923), ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ”. ძეგლის დათარიღებისა და სამშენებლო ფენების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაძარი აშენდა VII საუკუნეში და IX საუკუნის ბოლოს ან X საუკუნის დასაწყისში განახლდა. მკვლევართა ნაწილი კი თვლის, რომ ის IX-X საუკუნეებშია აგებული, ადარნასე მეფის მმართველობის პერიოდში. გარდა ამისა, ადრეული თარიღი, VII საუკუნის ტაოში გაურკვეველი პოლიტიკური და ეთნორელიგიური ვითარების გათვალისწინებით, ბადებს კითხვებს მშენებლებისა და ქტიტორების შესახებ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ძეგლის პირვანდელი სახის რეკონსტრუქციის შესახებაც. ოშკის ტაძრის სამხრეთ მკლავში შემორჩენილია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტი, სადაც გამოსახულია ბანას ტაძარი თანმხლები წარწერით: “ბანასა ეკლესია დამკვიდრებულ არს კვირიკე ბანელისაგან”. გამოსახულება საკმაოდ რეალისტურია და ასახავს შენობის ძირითად ფორმებსა და ელემენტებს, თუმცა მისი ზედა ნაწილი სრულიად დაზიანებულია, ამიტომაც აღნიშნული ილუსტრაციაც ნაგებობის მხოლოდ ქვედა ნაწილს გვაჩვენებს.

IX-X საუკუნეებიდან ბანას დიდი საეკლესიო და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონია და მნიშვნელოვანი კულტურული კერაც ყოფილა. “მატიანე ქართლისა” მოგვითხრობს, რომ ბანაში დაუწერიათ ჯვარი ბაგრატ IV-სა და ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ არგვიროსის ძმისწულ ელენეს. ბანა იყო ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი შტოს რეზიდენცია და საძვალე. აქ არიან დაკრძალული ბაგრატ IV (1442-1445) და მისი მეუღლე სითი-ხათუნი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: “ამას ზევით, ამ წყალზედ, მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, დიდი. შუენიერად ნაგები, კეთილ-შუენიერს ადგილს, აღაშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ფანასკეტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა და აწ არს ცალიერი”. თურქებმა კათედრალი ციხედ აქციეს, სავარაუდოდ, ყირიმის ომის დროს. მათ ტაძრის გალერეას კედლები დააშენეს და ნაგებობას ორი კოშკი მიაშენეს. თურქების ბანაკი, რომელიც 1855 წლის 30 აგვისტოს რუსებმა დაიკავეს, აღწერის თანახმად ფენაქის ტაძართან იყო განლაგებული. 1877-78 წლების ომის დროსაც რუსებმა ფენაქი დაიკავეს და ბანას ტაძართან იდგნენ. აღნიშნულ წლებში სამხედრო შეტევებმა ძეგლი მნიშვნელოვნად დააზიანა. ნაგებობას ჰქონია წარწერებიც. საკურთხევლის აფსიდის სარკმლის ქვემოთ გამოვლინდა წარწერა, რომელიც შემდეგნაირადაა აღდგენილი: “[ქრისტე, შე]იწყალე თევდორე დიდი”. ერთ-ერთი კამარიდან ჩამოვარდნილ ქვაზე იკითხება წარწერის ნაწილი — “დიდი”. მიიჩნევა, რომ კამარაშიც საკურთხევლის წარწერა მეორდებოდა. წარწერა ყოფილა კუთხის ოთახის მეორე სართულზეც: “ქრისტე, შეიწყალე გიორგი”. გარდა ამისა, ცალკეულ ქვებზე ვხვდებით ასომთავრულ ნიშნებს. 

ბანას კათედრალი ციხედ გადაკეთებამდე, 1843 წელს, ინახულა გერმანელმა ბოტანიკოსმა და მოგზაურმა კარლ კოხმა. ამ დროისთვის ძეგლი სრული სახით იყო შემონახული. კარლ კოხზე ბანას ტაძარს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია, ის წერს: “ჩემ მიერ ნანახთაგან ეს უეჭველად ულამაზესი და ყველაზე ამაღლებული მხატვრული ქმნილებაა მთელს აღმოსავლეთში, გარდა კონსტანტინოპოლისა”. ნაგებობის ხუროთმოძღვრული სახის შესახებ უადრეს ცნობებსა და ასევე გეგმის სქემატურ ნახაზსაც სწორედ კ. კოხი გვთავაზობს. 1879 წელს ტაძარი უკვე გუმბათჩამონგრეული და დაზიანებული უნახავს ე. ვეიდენბაუმს. 1881 წელს ბანას კათედრალი ქართველმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ ინახულა, წარწერების შესწავლის მიზნით. მან გამოაქვეყნა ნაგებობის მცირე აღწერა. 1902 წელს ბანა ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა, არქიტექტორ ს. კლდიაშვილთან ერთად. მას ძეგლი უკვე ძლიერ დაზიანებული დახვდა, შემორჩენილი იყო საკურთხევლის აფსიდი მასთან მდებარე გუმბათის საყრდენ კუთხის ორ კოშკთან ერთად და გარშემოსავლელი მეტ-ნაკლები სისრულით. ე. თაყაიშვილი ბანას კიდევ ერთხელ ესტუმრა 1907 წელს, არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, ამ დროისთვის ტაძარი კიდევ უფრო დაზიანებული იყო. ორივე ექსპედიციის დროს გაკეთდა ნახაზები და დეტალური აღწერილობები. ე. თაყაიშვილის ექსპედიციის მასალები დღემდე უმნიშვნელოვანეს წყაროდ და დასაყრდენად რჩება ბანას კათედრალის კვლევისთვის. ტაძრის გადარჩენილი ნაწილი კიდევ უფრო დააზიანა 1984 წლის მიწისძვრამ და მისი თანდათანობითი დაზიანება დღემდე გრძელდება. დღეისათვის ძეგლისგან უმცირესი ნაწილია შემორჩენილი, აღმოსავლეთ აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილი, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის კოშკის აღმოსავლეთ ნაწილი და გარშემოსავლელი დაზიანებული სახით. ბანა სხვადასხვა დროს ინახულეს და შეისწავლეს ნ. მარმა, ნ. ტიერიმ, ი. კლაინბაუერმა, ფ. აიდმა, ნ. და დ. გუჩოვებმა, რ. ედვარდსმა და სხვებმა. 

 

ძეგლის აღწერა

ბანას კათედრალი წარმოადგენს კუთხისოთახებიან ტეტრაკონქს, უწყვეტი წრიული გარშემოსავლელით, შესაბამისად, ის ორგარსიანი ტეტრაკონქების ჯგუფშიც ეწერება. ორგარსიანი (გარშემოსავლელიანი) ტეტრაკონქები გვხვდება ისტორიულ ჰერეთში (ლეკითი (ლექართი)) და სომხეთში (ზუართნოცი, გაგიკ მეფის ტაძარი ანისში). ამ ტიპის ძეგლები ცნობილია ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოს სხვადასხვა რეგიონში (ეკლესია სტოა ადრიანაზე, რუსაფა-სერგიოპოლისის წმ. სერგის მარტირიონი, ბოსრას კათედრალი, სელევკია-პიერიას მარტირიონი, აპამეის ტეტრაკონქი, მილანის სან-ლორენცო მაჯორე და სხვა). ბანასგან და ამიერკავკასიის სხვა გარშემოსავლელიანი ტეტრაკონქებისგან განსხვავებით, სხვა რეგიონების ორგარსიან ტეტრაკონქებს, როგორც ჩანს, არ ჰქონიათ ნამდვილი გუმბათი, ასევე მათი გარშემოსავლელი სწორკუთხაა ან ტეტრაკონქის მოხაზულობას იმეორებს. განსხვავებები არსებობს სივრცის აგებისა და პროპორციების კუთხითაც. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის არქიტექტურული ტიპი კი მხოლოდ საქართველოსა (მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი, მარტვილის ტაძარი, ძველი შუამთა, ნინოწმინდის კათედრალი) და სომხეთშია (ავანი, ეჩმიაძინის რიფსიმე, თარგმანჩაცი, ადიამანი) ცნობილი. ამ არქიტექტურულ ტიპს საქართველოში ნინოწმინდის კათედრალმა დაუდო სათავე, სომხეთში კი უადრეს ნიმუშად ავანის ტაძარი მიიჩნევა. 

ბანას ტაძარს სამი შესასვლელი ჰქონდა, სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ნაგებობის ოთხივე აფსიდი ქვედა ნაწილში ღია თაღედებით იყო გახსნილი. აღმოსავლეთის აფსიდის თაღედი, განსხვავებით დანარჩენი სამი აფსიდის თაღედებისგან, მცირე სიმაღლის ბარიერზეა დაყრდნობილი. გარდა ამისა, აღმოსავლეთის აფსიდის თაღედი ექვს სვეტს ეყრდნობოდა, დანარჩენი აფსიდებისა კი — ოთხ-ოთხ სვეტს. აფსიდებს შორის კუთხის ოთახებია მოწყობილი, თუმცა განსხვავებით ე. წ. ჯვრის ტიპის ძეგლებისგან, ბანაში კუთხის ოთახები სამსართულიანია და კოშკურ მოცულობებს წარმოადგენს. სართულები ერთმანეთს ვიწრო კიბეებით უკავშირდებოდა. სწორედ ეს კუთხის კოშკურები იყო გუმბათის და კედლების მთავარი საყრდენიც და მანას ტაძრის უმთავრესი კონსტრუქციული მიღწევაც. ბანასთან ახლოს მდგომ სხვა ძეგლებში კოშკურების ადგილას ბურჯებია გამოყენებული, ეს ძეგლები ნაკლებად მდგრადი აღმოჩნდა და XIX საუკუნემდე არცერთს მოუღწევია. კოშკურებმა ბანას ტაძრის ის მდგრადობა განაპირობა, რითაც მან თითქმის დაუზიანებლად მოაღწია და მხოლოდ ძალისმიერი შეტევებისგან დაინგრა. ტრადიციული კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქებისგან განსხვავებით, ბანაში კუთხის კოშკურები კუთხით იჭრება ტაძრის შიდა სივრცეში და მათი ინტერიერში მოქცეული ორ-ორი კედელი აფსიდების წინ ბემებს ქმნის. ასეთი კომპოზიციური გადაწყვეტის გამო გუმბათს ოთხი საყრდენი აქვს და არა — რვა (ჯვრის ტიპის ძეგლებში გუმბათს რვა საყრდენი აქვს). კოშკურების ინტერიერისკენ მიმართული კედლების გადაკვეთის კუთხეებს (ბემების გადაკვეთის კუთხეებს) გეგმაში წრის 3/4 მოხაზულობის პილასტრები აუყვება. კუთხის კოშკურა ბურჯების პირველი ორი სართულების ოთახები ბემებისკენ შეწყვილებული თაღებით იყო გახსნილი, მესამე სართულის ოთახები კი — თითო თაღოვანი ღიობით. აფსიდების თაღებსაც და კუთხის ოთახების თაღებსაც ნალისებრი მოხაზულობა ჰქონდათ. კუთხის კოშკურების პირველი სართულის ოთახებს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ, მეორე სართულის ოთახები სწორკუთხაა, მესამე სართულისა კი — სამკუთხა. აფსიდებში სამ-სამი სარკმელი იყო გაჭრილი. გუმბათის სარკმელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ივარაუდება, რომ ოთხი სარკმელი უნდა ჰქონოდა. ტეტრაკონქი აფსიდების თაღედებს ზევით მოფარგლულია წრიული კედლით, რომელიც კუთხის კოშკურებსა და აფსიდების სვეტებს ეყრდნობა. საყრდენებს შორის კედლის ნაწილები დაკიდული იყო. წრიული კედლით მოფარგლულ ტეტრაკონქს ერტყმის უწყვეტი მრგვალი გარშემოსავლელი. გარშემოსავლელს ინტერიერში მძლავრად შვერილი პილასტრები და მათზე გადაყვანილი კედლის თაღები შემოუყვება მთელს პერიმეტრზე. ამ მძლავრ თაღედზეა მიშენებული გარშემოსავლელის კედელი და ძირითადი მზიდი დატვირთვა პილასტრებზე მოდის და არა კედელზე. პილასტრებსა და კედლის თაღებს ეყრდნობა გარშემოსავლელის კამაროვანი გადახურვა. გარშემოსავლელს აღმოსავლეთით მინაშენი ჰქონია (სავარაუდოდ, გუმბათიანი), რომელიც სამლოცველო უნდა ყოფილიყო. შესასვლელებს კარიბჭეები ჰქონია მიშენებული. იმ მონაკვეთებზე, სადაც გარშემოსავლელის კედელი ჩამონგრეულია და პილასტრების გარე მხარე გაშიშვლებულია, პილასტრებზე ჩანს სამკუთხა ანაბეჭდები. აღნიშნული ანაბეჭდების რაობაზე სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული, თუმცა მათი არსებობა და მნიშვნელობა ჯერ კიდევ ახსნას საჭიროებს. ნაგებობის გარე მასების გადაწყვეტის შესახებ ორგვარი მოსაზრება არსებობს. ერთი მოსაზრების თანახმად, ტაძარი ექსტერიერში ორი სხვადასხვა დიამეტრის მქონე წახნაგოვანი ცილინდრისგან შედგებოდა — ორსართულიანი გარშემოსავლელის ძირითადი მოცულობისგან და გუმბათის ყელისგან. მეორე მოსაზრების თანახმად, ტაძარი სამი იარუსისგან შედგებოდა, გარშემოსავლელი ერთსართულიანი იყო, მეორე იარუსი ტეტრაკონქის ფორმას იმეორებდა ექსტერიერშიც, მესამე იარუსი კი გუმბათის ყელი იყო. 

ბანას ტაძარი გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია სუფთად თლილი ქვით. ეკლესიის ინტერიერში დეკორირებულია აფსიდებისა და კუთხის ოთახების თაღედების კაპიტელები. სვეტისთავების კაპიტელთა უმეტესობა შემკულია კალათისებრი ჩუქურთმითა და ვოლუტების მოტივით. შემორჩენილი იყო ასევე მცენარეული მოტივით შემკული კაპიტელიც, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ბანას სვეტისთავები ანტიკურ იონურ და კორინთულ სვეტისთავებს მოგვაგონეს, თუმც აქ ანტიკური მოტივები თავისუფალი ვარიაციების სახითაა წარმოდგენილი. გარშემოსავლელის ფასადი დეკორატიული თაღედითაა შემკული. თაღედის თავზე, თაღებს შორის არსებულ სამკუთხა არეებში, მოთავსებული იყო მცენარეული რელიეფური კომპოზიციები, რომლისგანაც მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი — სტილიზებული რტოები, ფოთლებით, მტევნებითა და ბროწეულებით. ტაძრის კედლებზე გვხვდება ასევე ე. წ. ბოლნური ჯვრის რამდენიმე გამოსახულება. ეკლესიის ინტერიერი მოხატული იყო, თუმცა თავდაპირველად ის მოსახატად არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. 

 

 

იხილეთ კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქები ⇒ 

იხილეთ ტეტრაკონქები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *