კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საჭირო ლიტერატურის მოძიება. წინამდებარე სტატია განკუთვნილია ხელოვნების ისტორიის საწყისი კურსების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული მოყვარულებისთვის. ლიტერატურის მოძიების ჩვევები ყალიბდება და უმჯობესდება გამოცდილებასთან ერთად, ამიტომაც საწყის ეტაპზე გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ვიპოვნოთ ჩვენთვის გამოსადეგი და ღირებული მასალა, საჭიროა ვიცოდეთ რას ვეძებთ, სად მოვძებნოთ და როგორ მოვძებნოთ. შემოგთავაზებთ საძიებო პროცესის ძირითადი მიმართულებების მოკლე მიმოხილვას. თუკი კონკრეტული ძეგლის შესახებ გვჭირდება ლიტერატურა, პირველ რიგში შეგვიძლია საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი გამოვიყენოთ (ბმული იხილეთ ქვემოთ). ვებ გვერდზე განთავსებული ბიბლიოგრაფიები სრულყოფილი არ არის, თუმცა, როგორც წესი, ძირითადი მნიშვნელოვანი ლიტერატურის მოძიებას შეძლებთ. ამის შემდეგ საჭიროა მოიძიოთ უახლესი პუბლიკაციები თქვენთვის საინტერესო ძეგლის შესახებ. ასეთი პუბლიკაციები შესაძლოა ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონშიც იყოს მოცემული, თუმცა მაინც უნდა გადაამოწმოთ. ამისთვის საუკეთესოა ძიება საკვანძო სიტყვებით ან ფრაზებით. საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით ძიება შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც google search-ში, ასევე სხვადასხვა კატალოგებსა თუ ელექტრონული ლიტერატურის საიტებზე. ამგვარად იპოვნით უფრო ადრეულ წყაროებსაც და უახლესსაც, თუ მათ შესახებ რაიმე ინფორმაცია განთავსებულა ინტერნეტ სივრცეში. უახლესი პუბლიკაციები ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი და გამოსადეგი, მათში გაეცნობით მიმდინარე მოსაზრებებსა და თეორიებს, ბოლო ხანების მიგნებებს, ასევე, როგორც წესი, სქოლიოში ნახავთ კონკრეტულ ნაშრომზე ადრე გამოქვეყნებულ ყველა მნიშვნელოვან წყაროს. ძიების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადია, თუკი ლიტერატურას ეძებთ არა რომელიმე ძეგლის შესახებ, არამედ რაიმე ზოგად საკითხზე. საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით ძიება ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, მრავლისმომცემია. თუმცა ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენთვის საინტერესო საკითხზე ცალკე პუბლიკაცია, შესაძლოა არ არსებობდეს და ის მხოლოდ სხვადასხვა ძეგლის ან სხვა პრობლემის თემაზე არსებულ ნაშრომებში იყოს განხილული, როგორც ერთ-ერთი დაკავშირებული ასპექტი. ამიტომაც, გარდა საკვანძო სიტყვებით ძიებისა, მრავლისმომცემია იმ ძეგლების შესახებ ლიტერატურის მოძიება, რომლებსაც შესაძლოა თქვენთვის საინტერესო თემა უკავშირდებოდეს. მაგალითად, თუ საფასადო თაღედების შესახებ გჭირდებათ ლიტერატურა, მოიძიოთ ის ძეგლები, რომელთა ფასადებიც თაღედებითაა შემკული და შემდეგ ამ ძეგლების შესახებ არსებული ლიტერატურა დაამუშაოთ. ამ შემთხვევაშიც სქოლიოებში ბევრი მნიშვნელოვანი და საყურადღებო წყარო შეიძლება იპოვნოთ. გარდა თავად ძიების პროცესისა, აუცილებელია შეაფასოთ თითოეული ნაპოვნი ლიტერატურის ხარისხი, რამდენად სანდო ავტორის დაწერილია, რამდენად გულდასმით აქვს შესწავლილი ავტორს საკვლევი თემა და ა.შ.
იმისთვის, რომ გაარკვიოთ მოძიებული წყაროები თქვენთვის გამოსადეგი არის თუ არა, ბუნებრივია, ძიების პარალელურად ნაპოვნ მასალას თვალიც უნდა გადაავლოთ და პირველადი შეფასება გაუკეთოთ. თავისთავად ცხადია, ბიბლიოთეკებში ნებისმიერი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება შეგიძლიათ, თუმცა დღესდღეობით უკვე დიდი მასალაა გაციფრულებული, რაც საქმეს ძალიან ამარტივებს. ამიტომაც გადავწყვიტე მოკლედ მიმოვიხილო რამდენიმე მნიშვნელოვანი საიტი, სადაც ლიტერატურა მოიძიება ელექტრონული სახით. აქვე განვიხილავ რამდენიმე ისეთ საიტსაც, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციები ან ვიზუალური მასალაა განთავსებული. ასეთი საიტები ძალიან გამოსადეგია თქვენთვის საინტერესო ძეგლების ან საკვლევი თემისთვის პარალელების საპოვნელად.
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი (მიჰყევით ბმულს) — ვებ გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ლიტერატურა თქვენთვის საჭირო ძეგლის შესახებ. ამისთვის საძიებელში უნდა ჩაწეროთ ძეგლის სახელი ან მდებარეობა. საიტზე მოცემული ბიბლიოგრაფიები არ არის სრულყოფილი, თუმცა მნიშვნელოვანი და გამოსადეგი რესურსია, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
“ივერიელი” — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა (მიჰყევით ბმულს) — ვებ გვერდზე მოცემულია ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების დიდი რესურსი, ასევე ფოტოები, აფიშები, პლაკატები და ა. შ. ამ ეტაპზე ქართულ სივრცეში სახელოვნებათმცოდენო თუ სხვა სახის ლიტერატურის ყველაზე დიდი ელექტრონული ბაზა სწორედ ივერიელს გააჩნია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები (მიჰყევით ბმულს) — ელექტრონულ კატალოგებში აღრიცხულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები (წიგნები, პერიოდიკა და ა.შ.) და მითითებულია თუ რომელ ფონდებში შეგიძლიათ იპოვნოთ ესა თუ ის წიგნი ან სხვა სახის ლიტერატურა.
el.ge — ელექტრონული რესურსების პორტალი (მიჰყევით ბმულს) — el.ge-ზეც, წიგნებისა თუ ჟურნალ-გაზეთების ელექტრონული ვერსიების საკმაოდ დიდი ბაზაა წარმოდგენილი. არის ლიტერატურა, რომელსაც ვერ იპოვნით “ივერიელზე” და ნახავთ el.ge-ზე ან პირიქით. ორივე საიტი მუდმივად ივსება ახალი მასალით.
აას-ის (ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება) ელექტრონული ბიბლიოთეკა — archaeolib.ge (მიჰყევით ბმულს) — საიტზე განთავსებულია ლიტერატურა არქეოლოგიის თემაზე. ამ ლიტერატურის ნაწილი ხელოვნებათმცოდნეობით ასპექტებსაც მოიცავს და, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც იპოვნით გამოსადეგ მასალას.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ელექტრონული რესურსები (მიჰყევით ბმულს) — სამხატვრო აკადემიის ელექტრონულ რესურსებში წარმოდგენილია ასამდე ლიტერატურული წყარო ხელოვნების ისტორიის, რესტავრაცია-კონსერვაციის და სამუზეუმო საქმის თემაზე. art.edu.ge-ზე (მიჰყევით ბმულს) ასევე შეგიძლიათ ნახოთ სამხატვრო აკადემიის ჟურნალის — ACADEMIA — ნომრების ელექტრონული ვერსიები. სამხატვრო აკადემიას აქვს ასევე ფეისბუქ ჯგუფი — სამხატვრო აკადემიის ელექტრონული ბიბლიოთეკა (მიჰყევით ბმულს), სადაც სტუდენტებისთვის საჭირო სახელოვნებათმცოდნეო და სხვა თემატიკის ლიტერატურაა განთავსებული ელექტრონული სახით.
უცხოური ლიტერატურის ყველაზე დიდ ბაზად ალბათ Internet Archive (მიჰყევით ბმულს) უნდა ჩაითვალოს. Irtenet Archive-ზე განთავსებული წიგნების დიდი ნაწილის გადმოწერა თავისუფლად ხელმისაწვდომია. წიგნების ნაწილზე შეგიძლიათ მოიპოვოთ კითხვის უფლება ერთი საათით (ამისთვის უნდა დაკლიკოთ ღილაკზე — borrow) და ეს მოთხოვნა ყოველ ერთ საათში შეგიძლიათ განაახლოთ. ლიტერატურის რაღაც ნაწილისთვის კი მხოლოდ საწყისი გვერდების ნახვაა შესაძლებელი.
უცხოური ჟურნალების ან ცალკეული სტატიების მოძიება არაერთ პორტალზე შეიძლება, მათ შორის jstor (მიჰყევით ბმულს), academia.edu (მიჰყევით ბმულს), ResearchGate (მიჰყევით ბმულს) და სხვა. ზოგიერთ ჟურნალს აქვს საკუთარი საიტიც, სადაც ჟურნალის ყველა ნომრის ელექტრონული ვერსიაა ხოლმე განთავსებული.
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი (memkvidreoba.gov.ge) (მიჰყევით ბმულს) — პორტალი წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უდიდეს ბაზას. საიტზე განთავსებულ ძეგლების უმეტესობას ახლავს მოკლე აღწერილობა, ფოტო მასალა და ზუსტი კოორდინატები. გარდა ამისა აღწერილობისა და რუკის ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ძეგლის დოკუმენტაცია — პასპორტები, სააღრიცხვო ბარათები და სხვა. ძველ პასპორტებს ხშირ შემთხვევაში ახლავს ძეგლების ნახაზებიც. ძეგლთა დოკუმენტაცია საშუალებას მოგცემთ მცირე აღწერილობები და ნახაზები მოიპოვოთ ისეთ ძეგლებზეც, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში არ გამოქვეყნებულა.
arthistory.tsu.ge (ქართული კედლის მხატვრობა, მონაცემთა ელექტრონული ბაზა) (მიჰყევით ბმულს) — საიტზე წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშები, ვიზუალური მასალისა და აღწერილობების თანხლებით. თითოეული ნიმუშის აღწერილობას ახლავს ბიბლიოგრაფიაც, რაც თქვენთვის საჭირო ლიტერატურის მოძიებაში დაგეხმარებათ.
ათინათი (atinati.com) (მიჰყევით ბმულს) — ათინათი, ზოგადად, მოიცავს ხელოვნებისა და კულტურის თემატიკას. არქიტექტურის განყოფილებაში განთავსებულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციები ინგლისურ ენაზე, ვიზუალურ მასალასთან ერთად. ტექსტები მომზადებულია ქართველი პოფესიონალი ხელოვნების ისტორიკოსების მიერ.
angi.ge (მიჰყევით ბმულს) — თუ ამ სტატიას კითხულობთ, ესე იგი სწორედ ანგზე მოხვდით. ანგზე განთავსებულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერილობები, აქცენტით არქიტექტურაზე, ნახაზებთან და ფოტო მასალასთან ერთად. ტექსტების ნაწილს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, ამ ლიტერატურის ელ. ვერსიების ბმულებთან ერთად. ტექსტთა ნაწილი, რომლებსაც ბიბლიოგრაფიები არ ახლავს, ამჟამად გადის რედაქტირებას და საბოლოოდ ყველა ტექსტს დაერთვება ბიბლიოგრაფია. ტექსტების ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ განხილული ძეგლის მონათესავე (ხუროთმოძღვრული ტიპის მიხედვით) ძეგლები. საიტზე ასევე მოცემულია ხელოვნების ისტორიის თემაზე ქართული და უცხოური საბაზისო წიგნების ელ. ვერსიების ბმულები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოთეკის განყოფილებაში.
epigraphy.iliauni.edu.ge (საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი) (მიჰყევით ბმულს) — საიტზე წარმოდგენილია საქართველოს ეპიგრაფიკული ძეგლები დეტალური აღწერილობით. თითოეული ძეგლის აღწერილობას თან ახლავს ბიბლიოგრაფია, რაც დაგეხმარებათ საჭირო ლიტერატურის მოძიებაში.
ვირტუალური მუზეუმი — “სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები” (maps.nekeri.net) (მიჰყევით ბმულს) — საიტზე განთავსებულია თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლები, მცირე აღწერილობების, ნახაზებისა და დეტალური ფოტო მასალის თანხლებით.
dzeglebi.ge (მიჰყევით ბმულს) — საიტზე განთავსებულია საქართველოს კულტურული ძეგლების აღწერილობები მცირერიცხოვან ვიზუალურ მასალასთან ერთად, ასევე სტატიები ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა მიმართულებით. გამოქვეყნებულ ტექსტებს თან ახლავს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
saunje.ge (მიჰყევით ბმულს) — საიტზე განთავსებულია საქართველოს კულტურული ძეგლების აღწერილობები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ასევე სტატიები ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა მიმართულებით. ტექსტები უმრავლეს შემთხვევაში აღებულია სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურიდან ადაპტაციის გარეშე. თითოეულ ტექსტს მითითებული აქვს წყარო.
novators.ge (მიჰყევით ბმულს) — საიტზე გამოქვეყნებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა აღწერილობები ფოტო მასალასთან ერთად. ტექსტებს არ აქვს მითითებული წყაროები, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეფუძნება ენციკლოპედიური ხასიათი ლიტერატურას, როგორიცაა მაგ.: “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა”.