ზაქაგორი

აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია

ზაქაგორი

აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობის სოფელ აბანოში მდებარეობს. ეკლესია საკმაოდ მაღალ მთაზე დგას და ზაქაგორის ციხეს გადმოჰყურებს. იგი ფიქლით ნაგებ ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია X საუკუნით თარიღდება. ნაგებობის ძირითადი ნაწილი გარედან შეთეთრებულია. 

 

 

ხევის სიონი

ხევის სიონის კომპლექსი

ხევის სიონი

ხევის სიონი  IX-X საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა. იგი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში  მდებარეობს. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, გალავანი და კოშკი.
კოშკი ეკლესიის მახლობლად ციცაბო კლდის პირას დგას. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ფუძის რვაკუთხა ქვაზე კი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია. ტაძრის დასავლეთ ფასადების მორთულობა ღარიბულია. კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სიონის ეკლესიიდან ულამაზესი ხედები იშლება ყაზბეგის მთებზე. 

 

არქიტექტურა

ეკლესია გეგმაში სწორკუთხა, თლილი ქვით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. მას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან (ამოქოლილია) და ჩრდილოეთიდან. ნავებს შორის ორ-ორ სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი სამ-სამი თაღია. ნავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აფსიდის კედელს ღვთისმსახურთათვის ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. სარკმლის ქვემოთ ქვის სავარძელია მაღალი სასულიერო პირისთვის. საკურთხეველს სამხრეთით და ჩრდილოეთით  სწორკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლო ეკვრის, რომლებიც გვერდითა ნავებს უერთდება. ეკლესიის თანადროული კანკელი ექვს კოლონაზე დაყრდნობილი თაღედია და საკურთხევლიდან 1 მ-ითაა გამოწეული. მისი სვეტები ქვემოთ წახნაგოვანია, ზემოთ – ცილინდრული; დასრულებულია მოჩუქურთმებული კაპიტელებით. შუა ნავის დასავლეთ კედელზე ჩანს მოხატულობის კვალი. შუა ნავის გადახურვა მაღალია, ორფერდა, გვერდითა ნავებისა – ცალფერდა. სამხრეთითა და ჩრდილოეთით შემორჩენილია მინაშენების კვალი.
ეკლესიას უსწორმასწორო მოხაზულობის, კარგად ნაწყობი თლილი ქვის გალავანი აქვს შემოვლებული. იგი ძირითადად ეკლესიის მცირეფართობიანი ეზოს საყრდენი კედლის მოვალეობას ასრულებს. გალავნის შესასვლელის წინ უფრო გვიანდელი ხანის  სამრეკლოს ნანგრევებია.
კოშკი ეკლესიის ჩრდილოეთით, მაღალი კლდის ქიმზე დგას. გეგმით კვადრატული კოშკი ხუთსართულიანია და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. იგი მოზრდილი უსწორმასწორო ქვებითაა ნაგები. კოშკის მეხუთე სართულის ზედა ნაწილი და ქვის სართულშუა გადახურვები ჩამონგრეულია. კოშკის კედლებში სართულშუა გადახურვისათვის ჩატანებულია ბრტყელი ქვები, რომლებზეც გრძელი ქვებია დალაგებული. ყველა სართულის იატაკში დატანებულია ერდო.