სამთავისი

სამთავისი

სამთავისი XI საუკუნეების ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, თუმცა ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეში ძეგლი ძალიან დაზიანდა, ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში, ადგილობრივი ფეოდალების, ამილახვრების აღზევების შემდეგ, შესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის ქტიტორები ყოფილან – გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი – მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.

 

არქიტექტურა და მორთულობა

სამთავისის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მთავარი ტაძარი, გალავანი, ეპისკოპოსის რეზიდენცია, მცირე ეკლესია და სამრეკლო.
მთავარი ტაძარი ჰარმონიული პროპორციებითა და უდიდესი ოსტატობით შესრულებული მორთულობით  გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელი ზოგი თავისებურება საფუძვლად დაედო ქართული ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. სამთავისის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, გეგმით აღმოსავლეთისკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25/18 მ. სიმაღლე 37 მ). ტაძარი სუფთად გათლილი მოყვითალო და მონაცრისფრო კვადრებითაა მოპირკეთებული. აქვს ორი შესასვლელი – დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ცენტრალურ სივრცეში ოთხი ცალკე მდგომი, ნახევარწრიული ტარებით შეკრული ბურჯია აღმართული, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა. გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელი 7 სარკმლის და 13 წახნაგისგან შედგება. ტაძარს აქვს სამკვეთლო და სადიაკვნე, რომელთა აღმოსავლეთ ნაწილი, ისევე როგორც საკურთხეველი, ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ისინი ტაძრის შიდა სივრცეს დასავლეთის გასასვლელებით უკავშირდებიან. მათ თავზე კი თითო ამავე ზომის პატრონიკეა. ფასადები დეკორირებულია, გარშემო შემოუყვება დეკორატიული თაღედი. განსაკუთრებით უხვად აღმოსავლეთი ფასადია მორთული. იგი სიმეტრიულად არის დანაწევრებული ლილვებით შემოფარგლული ხუთი დეკორატიული თაღით და აფსიდის ორივე მხარეს არსებული ფესტონებით შემკული ორი სამკუთხა ნიშნით. შუათაღი ყველაზე მაღალია, მასში ზევიდან ქვევით ერთმანეთის მიყოლებით გალაგებულია მოჩუქურთმებული დიდი რელიეფური ჯვარი, ვარდული, სარკმელი და მის ქვეშ გაგრძელებულ ღერძზე ორი ირიბად ერთმანეთზე მიდგმული კვადრატი. ფასადის მარჯვენა კუთხეში გრიფონის (თუ ფასკუნჯის) ბარელიეფი და ყურძნისა და ბროწეულის რელიეფებია. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
გალავანი მრავალგვერდაა (200/70 მ). კედლების სიმაღლე 3-დან 5 მეტრამდე მერყეობს. თარიღდება XVII საუკუნის მეორე ნახევრით და XVIII საუკუნის პირველი მესამედით. ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. კედელი ორ იარუსიანია და ქონგურებით მთავრდება. ქვედა იარუსი 3-4 მ სიმაღლეზე ყრუა. ქვის საბრძოლო ბილიკი მხოლოდ სამხრეთით მიუყვება. ბილიკის გასწვრივ ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ჰქონდა ორი ჭიშკარი: დასავლეთით (რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს) და ჩრდილოეთით -სამრეკლოს ქვედა სართულში. გალავნის კედელში ჩრდილ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით თითო კოშკია ჩართული. ჩრდილო-აღმოსავლეთის ცილინდრულ კოშკს შესასვლი მეორე სართულზე აქვს, პირველი სართული კი ყრუ კედელია. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები და სამეურნეო დანიშნულების ნიშნებია. მეორე კოშკი მცირე ზომის (1 მ-მდე დიამეტრის) სამეთვალყურეო კოშკია.
ეპისკოპოსის რეზიდენცია დგას მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჩართულილა გალავანში. ორი ფენა განირჩევა, პირველი მიეკუთვნება – განვითარებულ ფეოდალურ ხანას, მეორე – XVIII საუკუნეს. ნაგებია რიყის დიდი ქვებით და ნაწილობრივ აგურით. ძლიერ დაზიანებულია.
მცირე ეკლესია დგას მთავარი ტაძრის სამხრეთით, გალავნის შუა წელზე. დარბაზულია (5,8/3,2მ), ნაგებია რიყისა და თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამარა, ჩამოცვენილია პერანგი, შიგნით 1,5 მეტრის სიმაღლემდე მიწითაა ამოვსებული.
სამრეკლო დგას ტაძრის ჩრდილოეთით, გალავნის შუა წელზე. იგი სამსართულიანი ნაგებობაა (5,7X7,3 მ). თარიღდება XVIII ს-ის I ნახევრით. ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელშია, პირველი სართული მაღალი და განიერი თაღოვანი კარიბჭეა. მის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია მეორე სართულზე ასასვლელი აგურის ათსაფეხურიანი კიბე. ინტერიერი რვაწახნაგოვანია, ჭერი – ნახევარსფერული. კედლებში ღრმა ნიშებია და ბუხარი. დასავლეთ კედელში მესამე სართულზე ასავლელი სპირალური კიბეა დატანებული. მესამე სართული გეგმით წრიული ფანჩატურია, იგი შვიდი შეისრული თაღით სიმეტრიულადაა გახსნილი. გადახურულია სფერული კამარით და აგურის შვიდწახნაგოვანი სახურავი აქვს.

 

მოხატულობა

სამთავისის ინტერიერში არის XVII საუკუნის (1679წ) მხატვრობა, რომელიც მხოლოდ გუმბათსა და საკურთხევლის კონში არის შემორჩენილი. საკურთხევლის მხატვრობა, გარდა კონქისა, წარმოდგენილია სამი რეგისტრით. კონქში მოცემულია ვედრების კომპოზიცია. შუაში გამოსახულია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი. საყდრიდან გაირჩევა მუთაქის მარჯვენა ნაწილი და თვით საყდრის ფეხები, რომლებიც სადადაა შემკული. ქრისტეს მარცხენა მუხლზე დიდი ზომის გადაშლილი წიგნი უდევს, რომელიც მარცხენა ხელით უჭირავს, მარჯვენა ხელი კი კურთხევის ნიშნად მკერდის წინ აქვს აღმართული. კონქის კომპოზიციაში, ქრისტეს ორსავე მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული ვედრების ტრადიციულ პოზაში. საკურთხევლის ბემის ორსაფეხურიან თაღში გამოსახულია ძუელი დღეთაი, ქერუბიმნი, საყდარნი და მთავარანგელოზთა წელზედა ფიგურები. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. ქრისტეს ორივე მხარეს 12 ფიგურაა. ზოგიერთ მათგანს შემორჩა წარწერა. ქრისტეს ჩრდილოეთით დგანან: პეტრე მოციქული, სვიმონ კანანელი და ბართლომე მოციქული, სამხრეთით – იოანე ღვთისმეტყველი, მათე მოციქული, თომა მოციქული, იაკობ ზებედესი. მესამე რეგისტრში, ცენტრალურ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია წმ. დიონისე არეოპაგელი, იაკობ ძმა უფლისა, იუდა იაკობისი, წმინდა გრიგოლ პტელია, წმ. ლაზარე, წმ. ლავრენტი; სარკმლის სამხრეთით – წმ. იორეტეოსი, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ანანია მოციქული, წმინდა სვიმონ ძმა უფლისა, წმ. ხურსიმე მოციქული, სტეფანე პირველმოწამე. მეოთხე რეგისტრში, კილისებრ თაღებში გამოსახულია მღვდელთმთავრები, საკურთხევლის ნიშში – წმინდა მსხვერპლი. საკურთხევლის სარკმლების წირთხლები დათმობილი აქვს მთავარანგელოზთა ფიგურებს. მხატვრობა დასრულებული იყო ორნამენტის ხოლით (მარმარილოს იმიტაცია).
გუმბათში მხატვრობა წარმოდგენილია თაღსა და გუმბათის ყელში სამ რეგისტრად. გუმბათის თაღის ქვემოთ, იქ, საიდანაც იწყება გუმბათის ვერტიკალურ ყელზე გადასვლა, შემოვლებულია თეთრი და მოწითალო ფერის ზოლები. თაღის ფონი მუქი მონაცრისფრო-მომწვანოა. გუმბათის თაღი მთლიანად უკავია პანტოკრატორის წელამდე გამოსახულებას, რომლის თავიც, როგორც წესი, დასავლეთითაა გამოსახული. მას თავზე ჯვრული შარავანდი ადგას. ქრისტეს კვართი აცვია, ზემოდან კი ჰიმატიონი აქვს მოსხმული. მარჯვენა ხელით კურთხევას გამოსახავს, მარცხენა ხელში კი დახურული წიგნი უჭირავს. გუმბათის ყელის პირველი რეგისტრის მხატვრობა შეიცავს კანონიკური სახარების ავტორთა ოთხ აპოკალიფსურ გამოსახულებას, რომლებიც ელიპსურ მედალიონებშია ჩახატული. მათ სახელების აღმნიშვნელი ქართული წარწერები ახლავს. იქვე მიწერილია თითო ბერძნული დიდი ზომის ასო. აღნიშნული რეგისტრი მომდევნო ქვევითა რეგისტრებზე შესამჩნევად დაბალია. ამიტომ იგი სარტყელისებური ფორმის მოჩანს. რეგისტრში წარმოდგენილი მედალიონების ზემოთა ნაწილები წაკვეცილია თაღის წრეხაზით. მედალიონები რეგისტრში შემდეგნაირად ნაწილდება: ჩრდილო-აღმოსავლეთ მედალიონში ფრთოსანი ლომია გამოსახული, სამხრეთ-დასავლეთ მედალიონში გამოსახულია ფრთოსანი ხარი, სამხრეთ-დასავლეთის მედალიონში წარმოდგენილია არწივი, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მედალიონში კი ანგელოზია გამოსახული. ოთხივე აპოკალიფსურ მახარებელს ხელში უპყრია მოოჭვილი სახარება. ამავე რეგისტრში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეზე, მედალიონებს შორის გამოსახულია ორი მრავალფრთედი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *