თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ეს არის მდინარე თერგის ხეობა თრუსოს უღელტეხილიდან სოფელ კობამდე (25კმ).ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა, სოფელ კობთან. ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. ფართოდაა გავრცელებული მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები. თრუსოს ხეობის სოფლებია: აბანო, ალმასიანი, ბურმასიგი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, კართსოფელი, კეტრისი, კობი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუათისი, ტეფი, უხათი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა. მუდმივი მცხოვრები მხოლოდ ორ სოფელშია. აბანოს მინერალურ ტბასა და თრუსოს ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია თრუსოს ნასოფლარების ციხე-კოშკები, საცხოვრისები და რელიგიური დანიშნულების ძეგლები. თრუსოს ხეობის ძეგლებიდან განსაკუთრებით ცნობილია ზაქაგორის ციხე. თრუსოს ხეობიდან მოხვდებით ყელიწადის ტბაზეც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ეგზოტიკური და გასაოცარი ადგილია.
XIV ს. დასაწყისში ვახტანგ III-მ ქსნის ერისთავს შალვა ქვენიფნეველს დამსახურებისათვის სხვა მამულებთან ერთად თრუსოს ხეობა უწყალობა. XVI–XVIII სს-ში ხეობა არაგვის ერისთავების მფლობელობაში იყო, XIX ს-ში  შედიოდა ანანურის, ხოლო შემდეგ დუშეთის მაზრების შემადგენლობაში. აქ უძველესი მოსახლეობა ქართულია (წანარები). XIII–XV სს-ში თრუსოში სახლობდნენ დვალები, რომელთა ნაწილი XVII–XVIII სს-ში შეერწყა მოსულ ოსურ მოსახლეობას.

გაითვალისწინეთ: ზაქაგორის ციხის მიღმა სოფლებში გადასვლა მხოლოდ სპეციალური საშვითაა შესაძლებელი.

 

 

გარბნის წმ. გიორგი

გარბნის წმინდა გიორგის ეკლესია

გარბნის წმინდა გიორგის ეკლესია

გარბნის წმინდა გიორგის ეკლესია (ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია)  მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარბანში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი აზიდული და დახვეწილი პროპორციებითა და სადა, ელეგანტური მორთულობით ხასიათდება. გარბნის ეკლესიაში ვლინდება თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი მოტივები და ამავდროულად ინდივიდუალურობითაც გამოირჩევა, ასე რომ, ის ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. გარბნის წმინდა გიორგის ეკლესია (ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია) დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით (მინაშენები დღესდღეობით თითქმის მთლიანად დანგრეულია). სამხრეთის მინაშენი თარებით გახსნილი სტოა. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში – ორი. დასავლეთის სარკმელი შიგნით სათაურითაა შემკული, რაც იშვიათად გვხვდება ქართულ ეკლესიათა ინტერიერში. ფასადები სადაა, დაუნაწევრებელი და პატარა თაღებისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს. ნანგრევებში აღმოჩნდა ლავგარდნის სხვა ქვები, უფრო გართულებული მორთულობით, ვარდულებით, ყურძნის მტევნებით და სხვა. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია წარწერა: “წდი გიორგის ოქრო”. სავარაუდოდ სწორედ ამ წარწერიდან მომდინარეობს ეკლესიის სახელი (ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია), რომელიც ძველთაგანვეა გავრცელებული მოხევეებში. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, თუმცა თითქმის მთლიანად განადგურებული ფრესკები ეკლესიის რესტავრაციისას სრულიად დაიკარგა. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე მათგანი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი ქვით. ტაძარს შემოვლებული ჰქონია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხა მოხაზულობის გალავანი, რომლისგანაც ფრაგმენტებია შემორჩენილი.