ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი)

ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი, ურბნისის სიონი)

ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი, ურბნისის სიონი) შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება და ადრეული შუა საუკუნეების დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ტაძარი ურბნისის ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას. ნაგებობას რამდენიმე წარწერა აქვს შემორჩენილი, რომელთა შორის უადრესია ჩრდილოეთ კედელზე შემთხვევითად მოხვედრილი V-VI საუკუნეთა მიჯნის საამშენებლო წარწერა: “უფალო, იესუ ქრისტე, კონსტანტი, მამა მიქელ შეიწყალენ ამის სიონისა მაშენებელნი”. კონსტანტისა და მიქელის ვინაობები ცნობილი არ არის. ქრონოლოგიურად შემდგომი წარწერა X საუკუნით ან IX საუკუნის II ნახევრით თარიღდება: “უფალო ღმერთო, შეიწყალე თეოდორე ებისკოპოსი, ძეი ლუკასი, მაშენებელი ამის სიონისაი ოდეს ღმერთმან ღირს მყო ამის სიონისა ებისკოპოსად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროის ზომასა. ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქტცი (?) დამპალ იყუნეს და მომმადლა ღმერთმან ამის ყოვლისაი აღშენებაი, ყოველთა გაკეთებაი. ძალისაი, მეოხებითა ღმრთისაითა, ყოველი გათავებითა მიქმნია”. წარწერიდან ჩანს, რომ როდესაც თეოდორე ეპისკოპოსად დაუნიშნავთ, მას ურბნისის ტაძარი დანგრეული დახვედრია და სრულად აღუდგენია. აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება თეოდორე აპისკოპოსის კიდევ ერთი წარწერა: “დიდებაი შენდა ქრისტე, რამეთუ მომმადლე თეოდორე აბისკოპოსსა ამის სიონისა აღშენებაი, თანა შეწევნითა მიქელ ძისა კონსტანტინესითა. ქრისტემან შეუნდვენ. ესე მე აბიათარ დავწერე”. როგორც წარწერიდან ჩანს, თეოდორე აპისკოპოსს ტაძარი მიქელ კონსტანტინეს ძის დახმარებით აღუდგენია. იქვე მოთავსებული კიდევ ერთი წარწერის თანახმად კი მას ასევე დახმარებია ქავთარი თავისი ოჯახით: “სამებაო წმიდაო, შეიწყალე მონაი შენი ქავთარ, შუშან და ნაშობნი მათნი, შემწენი ამის სიონისასა. ქრისტემან შეუნდვენ, ამინ”. XI-XII საუკუნეთამიჯნაზე ურბნისი მოწინავე საეპისკოპოსო ყოფილა, რაკი 1103 წელს დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული კრება რუის-ურბნისს უკავშირდება. როგორც ჩანს, ურბნისს მძიმე დღეები დაუდგა მონღოლთა შემოსევებისას. სიმონ I-ის 1566 წლის სიგელში აღწერილია საეპისკოპოსოს სავალალო მდგომარეობა. სიგელში საკუთრივ ტაძარზე საუბარი არ არის, თუმცა საფიქრებელია, რომ არაერთგზისი შემოსევებისას დაუზიანებელი ვერც ის გადარჩებოდა. ამის შემდგომ XVII საუკუნის ამბავს კვლავ ტაძრის 1668 წლით დათარიღებული წარწერა გვამცნობს: “ქ. შენ, ყოვლად სანატრელო, ღვაწლმრავალო და დიდებულო, მოწამეთა უწინარესო და უწარჩინებულესო წმიდაო სტეფანე, შემწე მექმენ ორსავე შინა ცხორებასა, რომელმან აღვაშენეთ ძირითურთ აღმოფხრული ტაძარი შენი ჩვენ, დადიანის ასულმან დედოფალმან, პატრონმან მარიამ, რათა მეოხ ექმნა სულსა ჩემსა და სულსა ძისა ჩვენისა სასურველისა ოტიასასა, წინაშე ღვთისა შენისა, დღესა მას განკითხვისასა, ქორონიკონსა ტნვ”. ადრეულ წარწერებში ურბნისის ტაძარი სიონად იხსენიება, გვიან შუა საუკუნეებში კი ის წმ. სტეფანეს სახელზე უკურთხებიათ. წარწერიდან ირკვევა, რომ XVII საუკუნეში ეკლესია ვახტანგ V-ის მეუღლეს, მარიამ დედოფალს აღუდგენია და მას საკმაოდ დიდი სამუშაოებიც ჩაუტარებია. ამის შემდგომ ცნობას უკვე გვაწვდის კვლავ ანსამბლი, ამჯერად სამრეკლოს ვახტანგ VI-ის 1706 წლის წარწერა: “ქ. ჩვენ დიდის მეფის შაჰნავაზის ძის ლევანის ძემან და საქართველოს მბრძანებელმან და კეთილად განმგებელმან ბატონიშვილმან ვახტანგ და თანამეცხედრემან ჩვენმან დიდი ჩერქეზის ბატონის ასულმან დედოფალმან რუსუდან აღვაშენე სამრეკლო ესე გალავან-პალატითა და სხვა სახლებითა სულისა ჩვენისა საოხად და ძისა ჩვენისა ბაქარის აღსაზრდელად შეიწირე შენ ღვაწლმრავალო პირველმოწამეო სტეფანე და მეოხ გვეყავ დღესა მას დიდსა განკითხვისასა მას ჟამს ოდეს გვადგა სარქრად ბებიდას შვილი ჩემი ჯვარის მამა ურბნელი ეფისკოპოზი ფალავანდისშვილი ქრისტეფორე. ინდიქტიონსა მეფობისა ჩვენისსა ბ ქორონიკონს ტჟდ”. ვახტანგ VI-ის პერიოდში აშენებულ ნაგებობათაგან დღემდე მხოლოდ სამრეკლომ მოაღწია. ექვთიმე თაყაიშვილს ურბნისში, მღვდლის სახლის კედელში, უნახავს ქვა სამი 1739 წლის წარწერით. წარწერათა მიხედვით, ურბნელ ნიკოლოზ ხერხეულიძეს აუგია გალავანი კოშკებით და ბჭე. ჩანს, ვახტანგ VI-ის დროს აგებული გალავანი და სხვა ნაგებობები ოსმალებს დაუნგრევიათ და შემდეგ ვინმე ნიკოლოზ ხერხეულიძეს აღუდგენია. თუმცა ჩვენამდე არც ხერხეულიძის ნამოღვაწარს მოუღწევია. ტაძრის ეზოში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლინდა XVIII საუკუნის კოშკის ნაშთი, რომელიც, სავარაუდოდ, ხერხეულიძის წარმოებულ სააღმშენებლო საქმიანობას უნდა ეკუთვნოდეს. ურბნისის ბაზილიკის შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. ეკლესიის კედლებზე, გარდა მოყვანილისა, შემორჩენილია რამდენიმე მოსახსენიებელი მოკლე წარწერაც. 

 

ძეგლის აღწერა

ურბნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და იგი ზომით ერთ-ერთი უდიდესთაგანია ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ბაზილიკათაგან, სიგრძით იგი 32 მეტრია. ნაგებობაში საკმაოდ მკვეთრადაა ხაზგასმული სიგრძივი ღერძი. შესასვლელი ორია — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. მესამე, შედარებით მცირე ზომის შესასვლელი ჩრდილოეთიდანაც ყოფილა, კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. დასავლეთის შესასვლელი პირვანდელი ფორმა გაურკვეველია, სამხრეთის შესასვლელს კი ნალისებრი ლუნეტი ჰქონია, მსგავსად ბოლნისისა და ანჩისხატის ტაძრების შესასვლელებისა. მოგვიანებით აღდგენისას ლუნეტი წარწერიანი ქვებით ამოუვსიათ. ჩრდილოეთის შესასვლელი არქიტრავული ყოფილა. ტაძარს აღმოსავლეთით სამნაწილიანი საკურთხეველი აქვს, ნალისებრი, მცირედით დეფორმირებული მოხაზულობის აფსიდი, ფლანკირებული სწორკუთხა დამხმარე სათავსებით. ინტერიერი სამ ნავად იყოფა ოთხი წყვილი ჯვრული ბურჯით. ბურჯების დასავლეთ-აღმოსავლეთ მკლავი უფრო წაგრძელებულია, ვიდრე — სამხრეთ-ჩრდილოეთ მკლავი. ბურჯები სწორკუთხა ბაზისებზე დგას. ბურჯებს შორის ნავთა გამყოფი ნალისებრი თაღებია გადაყვანილი. საკურთხევლის სატრიუმფო თაღის თავზე მაღალი შუბლია, რომლის მიღმაც სათავსია. ჩანს, ეს ამაღლება გვიანდელი აღდგენისასაა დამატებული. ნავების თავდაპირველი გადახურვა უცნობია. ამჟამად მთავარი ნავი ცილინდრული კამარითაა გადახურული, გვერდითა ნავები კი — ნახევარკამარებით. კამარები ბურჯების განივ მკლავებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. გვერდითა ნავების გრძივი კედლები დანაწევრებულია გვიანდელი ორსაფეხურიანი პილასტრებით, თავდაპირველად გრძივი კედლები დაუნაწევრებელი ყოფილა. სატრიუმფო თაღის საყრდენი კაპიტელები და ბურჯების კაპიტელები პროფილირებულია. ინტერიერში ბურჯებზე განლაგებულია რამდენიმე სხვადასხვა ფორმის ჯვრის რელიეფური გამოსახულება, მათ შორის არის ბოლნური ჯვრებიც. აფსიდში ერთი სარკმელია გაჭრილი, თითო სარკმელი აქვთ აღმოსავლეთიდან პასტოფორიუმებსაც. თითო სარკმელია გაჭრილი სამივე ნავის დასავლეთ კედელშიც. გრძივ კედლებში ხუთ-ხუთი სარკმელია გაჭრილი. უცნობია შუა ნავი თავიდანვე ამაღლებული იყო თუ ბოლნისის მსგავსად ორკალთა გადახურვაში იყო გვერდითა ნავებთან ერთად მოქცეული. შესაბამისად, შუა ნავის თავდაპირველი განათების საკითხიც გაურკვეველია. სარკმლებს პირვანდელი ფორმით პარალელური წირთხლები ჰქონია, რაც დამახასიათებელია ადრეული შუა საუკუნეებისთვის. ტაძარს სამივე მხრიდან მთელს სიგრძეზე სხვადასხვა დროის მინაშენები ჰქონია, ბაზილიკის თანადროული ყოფილა სამხრეთის მინაშენი. მინაშენთა სახე დღეისათვის ვერ ზუსტდება. ნაგებობის გეგმა სწორკუთხედშია ჩაწერილი. სამხრეთის მინაშენი აღმოსავლეთით აფსიდალური სათავსით სრულდება. მინაშენი აღმოსავლეთიდან მცირედით მოკლეა, ბაზილიკასთან შედარებით. გვიანდელია მინაშენების ადგილას აგებული ორ-ორი არკბუტანებიანი კონტრფორსი. ტაძრის პირვანდელი მხატვრული სახის აღდგენა დღეს თითქმის შეუძლებელია. როგორც ჩანს, თლილი ქვის საპერანგე წყობის უდიდესი ნაწილი IX-X საუკუნეების აღდგენის პერიოდისაა, აგურის ნაწილი კი გვიანი შუა საუკუნეებისაა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ საფასადო დეკორზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. ამჟამად აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ერთი ბოლნური ჯვრის რელიეფი, რომლის პირვანდელი განლაგება უცნობია. ფასადები სრულდებოდა ადრეულ შუა საუკუნეებში გავრცელებული ტიპის კბილანა ლავგარდნით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები გვიანდელი აგურისგან გამოყვანილი დიდი ზომის ჯვრებითაა დეკორირებული. მიუხედავად მრავალგზისი გადაკეთებისა, ჩანს, ურბნისის ბაზილიკა პირვანდელი სახითაც მკაცრი, მონუმენტური და იმპოზანტური უნდა ყოფილიყო, იგი დღესაც ამგვარ შთაბეჭდილებას ახდენს. 

ურბნისის ბაზილიკის დასავლეთით 1706 წელს აგებული სამრეკლო დგას. იგი სამსართულიანია და სწორკუთხა ნასიური მოცულობისგან და ფანჩატურისგან შედგება. პირველი სართული სამ ნაწილადაა დაყოფილი. შუა ნაწილი გალავანში შესასვლელი კამაროვანი კარიბჭეა, გვერდითა ნაწილებში კი დახურული სადგომებია. კარიბჭის ცილინდრული კამარა პილასტრებზე გადაყვანილ ოთხ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კარიბჭის დასავლეთ ფასადი საზეიმო იერისაა. იგი შეისრულთაღოვანია, თაღი კი სწორკუთხედშია მოქცეული, მოტივი მეორედება, სწორკუთხედი უფრო დიდ ისრულ თარშია მოქცეული, რომელიც თავის მხრივ ასევე უფრო დიდ სწორკუთხედშია ჩასმული. . მეორე სართული მცველის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. იგი თავდაცვისთვის იყო გათვალისწინებული და კედლებში სათოფურებია გაჭრილი. მეორე სართულის აღმოსავლეთ ნაწილი აივანს უჭირავს. მესამე სართული ზარებისთვის განკუთვნილი ფანჩატურია. ფანჩატური რვაწახნაგაა და ყოველი წახნაგი თაღითაა გახსნილი. იგი გადახურულია გუმბათით. სახურავი ექსტერიერში პირამიდულია. 

 

 

იხილეთ მსგავსი ტიპის ძეგლები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *