კოშის წმ. გრიგოლის ეკლესია

კოშის წმ. გრიგოლის ეკლესია

კოშის წმ. გრიგოლის ეკლესია სომხეთში, სოფელ კოშში მდებარე ქართული ეკლესიაა. ძეგლი XIII საუკუნით, 1270-1285 წლებით თარიღდება. იგი აგებულია მხარგრძელების მიერ. ტაძრის სამხრეთ ფასადზე ვრცელი წარწერაა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: “ქ. ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თ(ი)ს(აჲ)თ(ა) მეოხ(ე)ბითა წ(მიდ)ისა ღ(მრ)თისმშ(ო)ბლ(ი)ს(ა)ჲთ(ა) ჩ(უე)ნ მ(ა)ნდატ(უ)რთო(ჳ)ხ(უ)ცესმ(ა)ნ ივ(ა)ნე და შ(აჰა)ნშეს და მისთა ძმათა დედამ(ა)ნ ხ(ო)შ(ა)მ(ა)ნ გაგიშჳთ თქ(უე)ნ კოშელთა ზ(ე)მოისა მზღვ(ა)რისა შარიადი ჩ(უე)ნისა და ჩ(უე)ნთა შვილთა შ(ა)ჰ(ა)ნშეს და მისთა ძმათა დღეგრძელობის(ა)თჳს. და ქუემოისა მზღვ(ა)რი(ს)აჲ დიკი(ს)აჲ ოდენ კოშელისა კაცისაჲ გაშო(ჳ)ებო(ჳ)ლია ღალაჲ. და თქ(უე)ნ გაგჳკუეთეთ რომე ერთი საჴნვ(ე)ლი თქ(უე)ნითა ჴარითა და მისითა ჭურჭლითა უკ(უ)დავად იყოს ჩ(უე)ნთჳს და ამისნი ჩ(უე)ნ გ(ა)მსრ(ულე)ბ(ე)ლნი ვ(ა)რთ და ვ(ი)ნცა შეცვ(ა)ლოს წყეულ და შ(ე)ჩ(უე)ნ(ე)ბ(უ)ლ არს წ(მიდი)თა მ(ა)დლითა”. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რუხი და მოწითალო სუფთად თლილი ქვით. შესასვლელი ორია, სამხრეთითა და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი — თაღოვანი. გარედან შესასვლელთა თავზე გამოყოფილია მცირედ შეისრული ფორმის ტიმპანის არე. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდის კედლებს კონქის ქუსლთან გასდევს თეროსა და დახრილი სიბრტყის პროფილის მქონე მცირედ ამოზნექილი არშია. აფსიდის კუთხეებს ამოკვეთილი ლილვი ასდევს. ტაძრის გრძივი კედლები ინტერიერში ერთი წყვილი ნახევარწრიული პილასტრით ორ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთის მონაკვეთი დაახლოებით ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე დასავლეთისა. პილასტრებს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. პილასტრებს შორის გადაყვანილია დეკორატიული თაღები. ძეგლის უნიკალური თავისებურებაა დასავლეთის დეკორატიული თაღების გადაწყვეტა — აღმოსავლეთ მხარეს თაღები ქუსლთან ჰორიზონტალურ, ლილვის ფორმის გადანაკეცს იკეთებს, მიდის პილასტრამდე და პილასტრის გასწვრივ ლილვის სახით ეშვება ქვემოთ; დასავლეთით კი თაღები ქუსლთან წყდება და იმპოსტებს ეყრდნობა. ლილვოვანი ფორმისაა აღმოსავლეთის თაღების მეოთხედპილასტრებიც. გადაწყვეტა იმგვარია, რომ დეკორატიული თაღების საყრდენებს რთულია პილასტრების ქვედა საფეხური ეწოდოს. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ინტერიერი რვა სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, ორ-ორი — სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, სამი კი — დასავლეთ კედელში. საკურთხევლის სარკმელი ნახევარწრიულია. თავისებურია დასავლეთის სარკმლების გადაწყვეტა — ორი სარკმელი ერთ დონეზე, ერთმანეთთან ახლოსაა გაჭრილი, მესამე სარკმელი კი მათ თავზეა, ცენტრში. მესამე სარკმელს ჯვრის ფორმა აქვს. ყველა სარკმელი, გარდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯვრის ფორმის სარკმლისა, შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი — სწორკუთხა. ექსტერიერში სარკმლებს ლილვები აჩარჩოებს. პორტალებს წრეთარგისა და ორი ერთმანეთზე გადაცდენილად მოთავსებული ლილვისგან შედგენილი პროფილის მქონე მოჩარჩოება აქვს, რომელსაც ერთმანეთზა გადაბმული ნახევარწრეებისგან შექმნილი არშია შემოსდევს. გარდა თაღოვანი მოჩარჩოებისა, პორტალებს აქვს ასევე ლილვის სწორკუთხა ჩარჩოებიც. არშიის ნახევარწრეები წითლად და თეთრად ყოფილა დაფერილი, წითელი საღებავით შესრულებული გრეხილი ლილვის ეფექტის მქონე დეკორით ყოფილა შემკული პორტალთა მოჩარჩოების ლილვებიც. სამხრეთის შესასვლელის ტიმპანი მოხატული ყოფილა, შემორჩენილია მცირე კვალი. სამხრეთის შესასვლელის მოჩარჩოებაზე შემორჩენილია ფრესკული წარწერის ფრაგმენტი. დასავლეთ ტიმპანზე მოხატულობის კვალი აღარ ჩანს, თუმცა შერჩენილი ბათქაშიდან გამომდინარე, ისიც მოხატული უნდა ყოფილიყო. ნაგებობის კედლების შეერთების კუთხეებს ლილვები ასდევს, რომლებსაც პორტალთა მსგავსი ნახევარწრიული წრეებისგან შედგენილი დეკორი ასდევს. კედლის კუთხეებშიც აღნიშნულ არშიებს ნახევარწრეები წითლად და თეთრად ჰქონია დაფერილი. სამხრეთ ფასადზე დეკორირებული მზის საათია. დასავლეთ კედელზე მოგვიანებით ამოკვეთილი და წითლად დაფერილი ხაჩკარებია. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, რომელსაც თავზე ლილვი გასდევს. ეკლესიას სხვადასხვა დროს ცვლილებები განუცდია. ჩრდილოეთიდან მოკლე სათავსი მიუშენებიათ, რომელიც საკურთხეველს კარით უკავშირდებოდა, კარი ამჟამად ამოქოლილია. მინაშენების არსებობის კვალი ჩანს სამხრეთისა და დასავლეთის პორტალებზეც. ეკლესია რესტავრირებულია. ნაგებობა გადახურულია ლორფინით. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *