ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესია

ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესია

ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი ყურადღებას იქცევს აზიდული, დახვეწილი პროპორციებითა და საინტერესო რელიეფებით. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა, დასავლეთის თაღი კრონშტეინებზეა დაყრდნობილი. იატაკზე დაგებულია ქვის ფილები, რომელთა შორის ჩუქურთმიანი ქვებია ჩაყოლებული. ეკლესიას XIX ს-ისშეკეთების კვალი ეტყობა. ტაძრის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია ხის პატრონიკე. ინტერიერი შელესილია. ნაგებობა ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, რომელიც გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. შესასვლელის თაღში წმინდანის გამოსახულება გვხვდება. ეკლესია კარგად თლილი, რუხი ფერის ბაზალტის ქვის ფოროვანი კვადრებით. ფასადები მოჩუქურთმებული ლავგარდნით სრულდება, სხვადასხვა მხარეს დეკორატიული მოტივები განსხვავებულია. ფასადებზე ასევე გვხვდება ძალიან საინტერესო რელიეფური გამოსახულებები. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე დამოსახულია დანიელი ლომების ხაროში, წარწერით, ამ რელიეფის ქვემოთ კი, სარკმლის ორივე მხარეს – ფარშევანგები. სამხრეთის ფასადზე ორი რელიეფია – ქტიტორები და ფრინველთა ოჯახი. ქტიტორთა რელიეფი ყურადღებას იქცევს დინამიურობით, სტილიზებული, არაპროპორციული ფიგურები თითქოს ცეკვავენო. უნიკალურია ფრინველთა რელიეფიც. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, გვხვდება ღვთისმშობელი ყრმით, ჯვარი ვაზის მტევნებითა და ანგელოზი ჯვრით ხელში. ამ რელიეფის ქვემოთ მოთავსებულია ლომისა და ხარის გამოსახულებები. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებს, გარდა აღნიშნული რელიეფებისა, ორნამენტირებული თავსართებიც ამკობს. ახალციხის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპოზიციები უშუალობითა და გრაფიკული ხაზოვანებით ხასიათდება, საგრძნობია სიმსუბუქე და გარკვეული დინამიურობაც. ტაძრის გარშემო ძველი რელიეფური საფლავის ქვებია, რომელთა შორის არქიტექტურული დეტალებიც მრავლადაა მიმოფანტული. ეკლესიას გალავანი აქვს შემოვლებული, რომელშიც დოლაბია ჩაშენებული. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *