ალავერდი

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს, ალაზნის ველზე. მონასტერი აქ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, იოანე ზედაზნელის მოწაფემ – იოსებ ალავერდელმა დააარსა VI საუკუნეში. XI საუკუნეში კი კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი ააგო (ეკლესიის სიმაღლე 50 მ-ს აღემატება). ვახუშტი ბაგრატიონი ალავერდის შესახებ წერს: “ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი” – მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში გარდაიქმნა ალავერდად. უკიდეგანო ალაზნის ველზე აღმართული თეთრი ტაძარი და თოვლიანი კავკასიონის ფონი უმშვენიერესი სანახავია. ალავერდის ტაძარი გამოირჩევა გრანდიოზულობით, რაც მკვეთრად გამოხატულია როგორც გარე მასებში, ასევე შიგა სივრცეში. პროპორციების აზიდულობა, რაც ზოგადად სახასიათოა კახეთის ძეგლებისთვის, საოცარი ძალით მოქმედებს მნახველზე. დიდებულების შთაბეჭდილებას ხელს უწყობს ფასადების მინიმალისტური მორთულობაც, უზარმაზარი კედლების ფართო, მხოლოდ თაღებითა და ნიშებით დანაწევრებული სიბრტყეები. განვითარებული შუასაუკუნეები ქართული ხუროთმოძღვრების აყვავების ხანა იყო. XI საუკუნეში აიგო დიდი საკათედრო ტაძრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: ბაგრატის ტაძარი – ქუთაისში, სვეტიცხოველი – მცხეთაში, ოშკი – ტაო-კლარჯეთში და ალავერდი – კახეთში. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა და აღუდგენიათ. პირველი დიდი რესტავრაცია ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნეში, მომხდარა. ამ დროს თავიდან აუშენებიათ ჩამოქცეული გუმბათის ყელი და კედლების ნაწილები. თავდაპირველად ტაძარი უფრო დაბალი ყოფილა. 1616 წელს მონასტერი შაჰ-აბასმა დაარბია. იგი როსტომ მეფემ აღადგინა, თუმცა ამავე საუკუნეში თურმქმენთა მომთაბარე ტომებმა შენობა ციხე-სიმაგრედ აქციეს და ალავერდის ტერიტორია ძალიან შეილახა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ტაძარი ლეკებმა დაარბიეს. 1721 წელს, მთავარ ეპისკოპოსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის თაოსნობით ტაძარი და გალავანი შეკეთდა. 1735 წელს ეკლესია თამაზ-ხანმა ააოხრა, ამას დაემატა 1742 წლის მიწისძვრაც. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო თეიმურაზ II-ს მეუღლემ, დედოფალმა თამარმა და დაასრულა მისმა ძემ – ერეკლე II. XVIII საუკუნის 80-იან წლებში ალავერდისა და მცხეთის კათედრები გაერთიანდა, რამაც ეკონომიურ აღორძინებას შეუწყო ხელი. ალავერდის საკათედრო ტაძარი თავიდანვე ითავსებდა მონასტრის ფუნქციებსაც. აქ თავიდან მამათა მონასტერი იყო, XVII-XVIII საუკუნეებში კი დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ამჟამად აქ მამათა მონასტერია. საუკუნეთა მანძილზე ალავერდი მძლავრი სასულიერო-კულტურული ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი: ფილიპე ალავერდელი, ნიკიფორე ირბახი, ზებედე მთავარეპისკოპოსი და სხვები. ალავერდი კახთა მეფეთა საძვალეც წარმოადგენს. 2009 წლის დეკემბერში, არქეოლოგებმა ჩრდილოეთ კედლის კალთაში მოთავსებულ საფლავს მიაკვლიეს, რომელიც მწვანე ქვის ზოლითაა გამოყოფილი. სპეციალისტების ვარაუდით, ეს ტაძრის დამაარსებლის – იოსებ ალავერდელის საფლავი უნდა იყოს. ალავერდში ყოველწლიურად, 27 სექტემბერს, ტაძრის დღეობა – “ალავერდობა” იმართება.

არქიტექტურა

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ–ს აღემატება). ტაძრის გეგმას საფუძვლად ჯვარი უდევს, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება და ტრიკონქს ქმნის. უაფსიდო დასავლეთი მკლავი წაგრძელებულია და გვერდითი ნავები აქვს, რომლებსაც ელიფსური ფორმის თაღების წყვილი მალით უკავშირდება. თაღები ვარსკლავისებურ ბოძებს ეყრდნობა. საკურთხეველი ნახევარწრიულ აფსიდსა და მის წინ მდებარე ბემას მოიცავს. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელთა ზემოთ აფსიდიანი თითო სათავსია. საკურთხევლში და გვერდის აფსიდებში, სამ-სამი მაღალი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის აფსიდში გეგმით ნახევარწრიული და მაღალი თერთმეტი თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ აფსიდში, სადაც იოსებ ალავერდელის საფლავია, ბოლოებთან, მიჯრით განლაგებული ორ-ორი აფსიდის-მაგვარი ნიშია, რომლებსაც ირგლივ თითო სადა ლილვი ევლება. შესასვლელი სამია: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთ მკლავის დასავლეთი კედლის შესასვლელის ორივე მხარეს თითო მძლავრი პილასტრია, რომლებზედაც დაყრდნობილია პატრონიკეთა დამაკავშირებელი ღია გადასასვლელი. დასავლეთი კარიბჭე XVIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ადრე არსებული კარიბჭის ადგილზე. ტაძრის დასავლეთი შესასვლელის გვერდებზე შემორჩენილია თავდაპირველი კარიბჭის შირიმით ამოყვანილი ორ-ორი რთულპროფილიანი პილასტრი და მათზე დაყრდნობილი თაღების მცირე ნაწილები. ტაძარი ნაშენია რიყის ქვით, გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. ტაძრის გარეთა ფორმები სრულიად შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას. ფორმათა ურთიერთგანლაგება და პროპორციები წამყვან ელემენტს – ცენტრში აღმართულ მაღალ გუმბათს ექვემდებარება, რომელიც ორფერდა სახურავით გადახურული ჯვრის მკლავების გადაკვეთაზეა აღმართული. მკლავებს შორის დაბალი, ცალფერდა სახურავით გადახურული ნაწილებია. ტაძრის ფასადები ძუნწადაა დეკორირებული, უზარმაზარი კედლის სიბრტყეები დანაწევრებულია მხოლოდ თაღებითა და ნიშებით, რაც აძლიერებს ტაძრის დიდებულების აღქმას. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა პეიოდის მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლი ყრმით და მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი. კონქის მხატვრობა XV საუკუნით თარიღდება. ზემოდან მეორე და მესამე რეგისტრებში ეკლესიის მამების მონუმენტური ფიგურებისა და გრანდიოზული ორნამენტის ფრაგმენტებია, რომლებიც მხატვრობა XI საუკუნისაა. სამხრეთ მკლავში თითქმის მთლიანადაა გადარჩენილი მოხატულობა. სარკმლებს შორის შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. XVI საუკუნის მხატვრობაა დასავლეთის მკლავშიც. ეკლესია ნაგებია უმთავრესად რიყის ქვით, ექსტერიერიცა და ინტერიერიც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით.

ტაძარს გარს ევლება ორიარუსიანი, ირეგულარი ფორმის გალავანი. ქვედა იარუსი ყრუა და ზედასთან შედარებით სქელია. ზედა იარუსს მთელ სიგრძეზე საბრძოლო ბაქანი გასდევს. გალავანში ჩართულია 5 ცილინდრული კოშკი, რომელთაგანაც 4 მდინარის მხარესაა, ერთი ჩრდილო-დასავლეთით დგას. ყველა კოშკი გალავნის გარეთაა გასული. შესასვლელი ორია: ერთი (მთავარი) ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხის პირდაპირაა, მეორე (ამოშენებული) – ჩრდილოეთ კედელში. სამხრეთ შესასვლელზე XIX საუკუნეში სამრეკლოს ცილინდრული ფანჩატური დააშენეს. როგორც ჩანს, სამრეკლო ამ ადგილას ადრეც მდგარა, მისგან შემორჩენილია ქვედა კუბური ფორმის ნაწილი – ფართო შეისრულთაღოვანი გასასვლელით შუაში. ტაძრის პირდაპირ ქვით ნაგები ორი პალატი მდგარა, თუმცა მხოლოდ ერთია შემორჩენილი. იგი ორსართულიანი მოგრძო ნაგებობაა, დგას შესასვლელის დასავლეთით. პალატი ჩართულია გალავნის კედელში და გარედან გამაგრებულია ხუთი მძლავრი კონტრფორსით. I სართულზე სატრაპეზო იყო, რომლის შიდა სივრცე ორსაფეხურიანი პილასტრების ოთხი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით ხუთ ნაწილადაა გაყოფილი. სატრაპეზოს თითოეული ნაწილი გადახურულია დამოუკიდებელი, საკმაოდ რთული და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული კამარით. სატრაპეზოს ზემოთ საცხოვრებელი სათავსები იყო განთავსებული. ამჟამინდელი II სართული მოგვიანებითაა აგებული და გამოყენებულია თავდაპირველი სართულის კედლების ნაწილები. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით ირანის შაჰის ნაცვლის სასახლე დგას. იგი XVII საუკუნით თარიღდება. სასახლე რვაწახნაგა, ორიარუსიანი კოშკისაგან და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მიდგმული დაბალი, კვადრატული სათავსისაგან შედგება. ბურჯებითა და თაღებით შექმნილ ქვედა იარუსის რვაწახნაგოვან ბაქანზე დადგმულია ამდენივე წახნაგის მქონე ყელი. შიდა სივრცე ერთიანია, გადახურულია რთული ფორმის ორსაფეხურიანი კამარით. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მიშენებული სათავსი კვადრატული გეგმისაა. მარანი ტაძრის ჩრდილოეთ კედლის პარალელურად 50 მეტრზე დგას. ნაგებობის აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ფართო სარკმლებია გაჭრილი. შიგნით მიწაში ჩაფლული ქვევრებია. ამჟამად ის მარნის ახალ შენობაშია ჩართული. გალავნის გარეთ, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 მეტრზე, აბანო მდებარეობს. იგი ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აბანო გეგმით რთული მოხაზულობისაა და ერთმანეთთან გასასვლელებით დაკავშირებული სხვადასხვა ფართობის რამდენიმე სათავსისაგან შედგება. გამოირჩევა მთავარი სათავსი, სამი საკმაოდ ღრმა, შეისრული კამარით გადახურული კომპარტიმენტით. სათავსის ცენტრალური ნაწილი გუმბათოვანი კამარით იყო გადახურული. დანარჩები სათავსები შედარებით მცირე ფართობისაა: მათაც მთავარი სათავსის მსგავსი გუმბათოვანი კამარები ჰქონდათ.

შავ-თეთრი ფოტოები აღებულია წიგნიდან: ძველი ქართული ხუროთმოძღვრება – ვახტანგ ბარიძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *