ზაქაგორი

ზაქაგორის ციხე

ზაქაგორი

ზაქაგორის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მდებარეობს. შუა საუკუნეებში თრუსოს ხეობის სათავდაცვო სისტემაში მას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. სოფლის საცხოვრებელი ნაწილი XIII-XIV საუკუნეებს განეკუთნება, ხოლო კოშკებს XVII საუკუნით ათარიღებენ. ზაქაგორი ნასოფლარად 50-იან წლებში იქცა.  მას ერთიანი გეგმარებითი სისტემა აქვს. იგი შედგება ხუთი საცხოვრებელი უბნის, ერთი კოშკურა სახლის და ორი სათავდაცვო კოშკისგან. მეორე, მესამე და მეოთხე უბნებს შორის დიდი მოედანია მოქცეული, მის ჩრდილო-აღოსავლეთ ნაწილში კოშკურა სახლი დგას, ხოლო სამხრეთითა და ჩრდილოეთით კოშკები. სათავდაცვო ნაგებობები საცხოვრებელი სახლებისგან განსხვავებით ნაგებია ნატეხი ქვებით. საცხოვრებელი სახლები ძირითადად ორსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. სართულშუა გადახურვა თითქმის ყველგან განადგურებულია. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, შედარებით დაბალი და ნაკლებად განათებული. შესასვლელები ვიწრო და დაბალია. მცირე საკმლები გარედან თანაბრადაა შევიწროებული. მეორე სართული საცხოვრებელია, კარები აქ შედარებით დიდი და ფართოა ვიდრე პირველ სართულზე. თითქმის ყველა სათავსოში ორი ან სამი ოთხკუთხა სარკმელია. სახლებზე გარედან მიდგმულია მეორე სართულზე ასასვლელი ქვის მასიური კიბე.
ზაქაგორის ციხეს გადმოჰყურებს X საუკუნის აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია.

 

 

ზაქაგორი

აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია

ზაქაგორი

აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობის სოფელ აბანოში მდებარეობს. ეკლესია საკმაოდ მაღალ მთაზე დგას და ზაქაგორის ციხეს გადმოჰყურებს. იგი ფიქლით ნაგებ ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია X საუკუნით თარიღდება. ნაგებობის ძირითადი ნაწილი გარედან შეთეთრებულია. 

 

 

ხევის სიონი

ხევის სიონის კომპლექსი

ხევის სიონი

ხევის სიონი  IX-X საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა. იგი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში  მდებარეობს. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, გალავანი და კოშკი.
კოშკი ეკლესიის მახლობლად ციცაბო კლდის პირას დგას. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ფუძის რვაკუთხა ქვაზე კი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია. ტაძრის დასავლეთ ფასადების მორთულობა ღარიბულია. კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სიონის ეკლესიიდან ულამაზესი ხედები იშლება ყაზბეგის მთებზე. 

 

არქიტექტურა

ეკლესია გეგმაში სწორკუთხა, თლილი ქვით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. მას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან (ამოქოლილია) და ჩრდილოეთიდან. ნავებს შორის ორ-ორ სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი სამ-სამი თაღია. ნავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აფსიდის კედელს ღვთისმსახურთათვის ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. სარკმლის ქვემოთ ქვის სავარძელია მაღალი სასულიერო პირისთვის. საკურთხეველს სამხრეთით და ჩრდილოეთით  სწორკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლო ეკვრის, რომლებიც გვერდითა ნავებს უერთდება. ეკლესიის თანადროული კანკელი ექვს კოლონაზე დაყრდნობილი თაღედია და საკურთხევლიდან 1 მ-ითაა გამოწეული. მისი სვეტები ქვემოთ წახნაგოვანია, ზემოთ – ცილინდრული; დასრულებულია მოჩუქურთმებული კაპიტელებით. შუა ნავის დასავლეთ კედელზე ჩანს მოხატულობის კვალი. შუა ნავის გადახურვა მაღალია, ორფერდა, გვერდითა ნავებისა – ცალფერდა. სამხრეთითა და ჩრდილოეთით შემორჩენილია მინაშენების კვალი.
ეკლესიას უსწორმასწორო მოხაზულობის, კარგად ნაწყობი თლილი ქვის გალავანი აქვს შემოვლებული. იგი ძირითადად ეკლესიის მცირეფართობიანი ეზოს საყრდენი კედლის მოვალეობას ასრულებს. გალავნის შესასვლელის წინ უფრო გვიანდელი ხანის  სამრეკლოს ნანგრევებია.
კოშკი ეკლესიის ჩრდილოეთით, მაღალი კლდის ქიმზე დგას. გეგმით კვადრატული კოშკი ხუთსართულიანია და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. იგი მოზრდილი უსწორმასწორო ქვებითაა ნაგები. კოშკის მეხუთე სართულის ზედა ნაწილი და ქვის სართულშუა გადახურვები ჩამონგრეულია. კოშკის კედლებში სართულშუა გადახურვისათვის ჩატანებულია ბრტყელი ქვები, რომლებზეც გრძელი ქვებია დალაგებული. ყველა სართულის იატაკში დატანებულია ერდო.

 

 

ჩაჟაშის ქვედა ციხე

ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი

ჩაჟაში

ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი (ე.წ. “თამარის სამჭედლო”, სვანურად – “ლაშქ-დუირია”) სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის  აღმოსავლეთით, შემოსასვლელში, მაღალ, კლდოვან მთის ბაქანზე მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეების ძეგლია და ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში შედიოდა თამარის ზედა ციხესთან ერთად. კომლექსიდან, რომელიც შედგებოდა ეკლესიისა და ოთხი კოშკისგან, ამჟამად ორი კოშკი და ეკლესიაა შემორჩენილი. თუმცა ამ ბორცვს არა აქვს გალავანი, თვითნ რთულად ასასვლელი რელიეფი და კლდოვანი ქანი ამ გალავნის ფუნქციას ასრულებს. თითქოს შემოსაზღვრულიც კია ქვემო ნაწილში, მით უფრო, რომ აღმოსავლეთიდან მას ხელოვნურად შეუქმნეს ძირი, ე.წ. სუბსტრუქციაზე აღმართეს. კლდოვანი ქანის ბუნებრიობა შენარჩუნებული და გამოყენებულია. ციხე-კომპლექსიდან შესანიშნავი ხედები იშლება მთელს უშგულზე. გადმოცემის თანახმად ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.

 

კოშკები

ციხის ოთხი კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ დასავლეთის და სამხრეთის განაპირა კოშკის ნაწილი. ეკლესიის სიახლოვეს, მის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს არსებული კოშკები მთლიანად დანგრეულია. ზურაბ ნიჟარაძის კოშკი კომპლესის აღმოსავლეთ კიდეში, ყველაზე მაღალ ადგილასაა აღმართული. იგი წარმოადგენს შედარებით მსხვილი და ვიწრო ფიქალის შესანიშნავი წყობით ნაგებ შენობას, მხოლოდ ძირში დიდი ზომის რიყის ქვებია გამოყენებული. კოშკი ერთიან, დაუნაწევრებელ, მძლავრ დომინანტად აღიქმება. კოშკის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები სადაა. აღმოსავლეთით, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულის დონეებზე სიბრტყის სხვადასხვა მონაკვეთში მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. დასავლეთი ფასადის, რომელიც სოფლისკენ არის მიმართული, მეორე და მეოთხე სართულებზე კარის ღიობებია შემორჩენილი კოჭის ბუდეებით, რაც აივნების არსებობაზე მეტყველებს. მესამე სართულის დონეზე პატარა სარკმელია გაჭრილი. კოშკს გამორჩეული დასრულება აქვს. იგი სრულდება ყოველი კედლის ცენტრში მოწყობილი ძლიერად შვერილი მაშიკულით. კოშკი განიერია, მძლავრია,მირე ენტაზისით. მეორე კოშკის ნანგრევი ანსამბლის სამხრეთით კლდის დამრეც ფერდზეა აგებული. სამხრეთიდან შეყენებული დიდი ზომის რიყის ქვებზე დგას. ვინაიდან კოშკის ნახევარია შემორჩენილი ჩამოკვეთილია მთელი დასავლეთი მხარე. იგი ჭრილივით იკითხება. 5-6 მეტრის სიმაღლეზე კოშკის ძირი ერთიან შევსებულ მასივს წარმოადგენდა. I სართული ძალიან მაღლაა გაჭრილი და მისგან მხოლოდ კარის ღიობია შემორჩენილი. ისიც დასავლეთით, ჩაჟაშისკენ მიმართული. კარის თავზე თეთრი ფერის დიდი არქიტრავის ქვაა გადებული. შირში მოცემული კოჭის ბუდეები, რაც აქაც აივნის არსებობის მანიშნებელია.

 

ეკლესია

ერთი ციდა, დამჯდარი პროპორციების, ფიქალის ლოდებით ნაგები დარბაზული ეკლესია სოფ. ჩაჟაშის ციტადელის ტერიტორიაზე, მაღალი კლდოვანი ბორცვის სამხრეთ-დასავლეთი ფერდის ხელოვნურად გამაგრებულ ბაქანზე, დგას, ციტადელისგან შემორჩენილი, ბაქნის დასავლეთ კიდეში აღმართული მაღალი კოშკის სიახლოვეს. გეგმაში მართკუთხა ფორმის, დაბალი დარბაზი ვიწრო, გადაკეთების გამო, უხეიროდ ამოყვანილი, ვიწრო, ფართო კონქიანი აფსიდით სრულდება, რომელსაც, დარბაზის მხარეს, მთელს სიმაღლეზე, მსუბუქად შვერილი მხრები აქვს. აფსიდის ცენტრში ერთი დიდი, სწორკუთხა მოხაზულობის სარკმელია, განიერი, ღრმა წირთხლებით. აფსიდის კედლის სამხრეთ კიდეში ღრმა, მომცრო მართკუთხა ნიშაა. აფსიდში კედელზე მიდგმული, დაბალი (როგორც სჩანს, ამჟამად, მისი ზედა ნაწილი მოშლილია), ფიქალითვე ამოყვანილი ტრაპეზია. დარბაზი და აფსიდი გამიჯნულია ფიქალითვე ნაშენი, შეულესავი კანკელით – ერთიანი კედელი, ცენტრში ღიობით აფსიდში შესასვლელად (აღსავლის კარი) და მის ორსავ მხარეს, მოზრდილი, სამკუთხა, ღრმა წირთხლებიანი ღიობებით ხატებისთვის. კანკელის ზედა ნაწილი მორღვეულია – არ არის ანტაბლემენტი და აღსავლის კარის თაღი, გვერდითა ნაწილების (აღსავლის ორსავ მხარეს) კიდეებიც უსწორმასწოროდაა “დასაფეხურებულ-დაკბილული”. აფსიდი ერთი საფეხურითაა ამაღლებლი დარბაზის იატაკის დონიდან, ოღონდ ეს დამოუკიდებელი საფეხური კი არაა (როგორც, ჩვეულებრივ, სვანეთის ეკლესიებში შეიძლება ვნახოთ), არამედ კანკელის კედლის ძირია, რომელიც, აღსავლის კარის “ღიაობის” გამო, აფსიდში შესასვლელი საფეხურის როლს ასრულებს. კონქის ზედა ნაწილი და მთელი კამარა შემორჩენილი არ არის და მათ მაგივრობას ფიქალის ლოდები სწევს, რომლებიც ერთგვარ “ბრტყელ გადახურვას” უქმნის ეკლესიას (ესეც, როგორც სჩანს, გვიანი გადაკეთების შედეგია). ეკლესიაში შესასვლელი ერთადერთი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი (გარედან დარბაზში ერთი საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ). უშგულის სხვა ეკლესიათა მსგავსად, ისიც საკმაოდ დაბალია, ფართო წირთხლებიანი; დარბაზის მხრიდან იგი თაღოვანია, ოდნავ “შეისრული” ფორმისა, ხოლო საფასადო მხრიდან – სწორკუთხაა, უზარმაზარი მართკუთხა ბალავრით გადახურული. კარის გარდა, დასავლეთ კედელში ერთი სარკმელიცაა გაჭრილი, იგივე ფორმისა, რაც აფსიდში, ოღონდ ბევრად უფრო დაბალი და უფრო ღრმა წირთხლების მქონე. ფასადებზე ორივე სარკმელი ბოლოებ-გაფართოვებული ღრიჭოებივით აღიქმება. გრძივი კედლების ქვედა ნაწილს ვიწრო, დაბალი საფეხური გასდევს. დარბაზის შიდა სივრცე, სრულიად სადა, შეუმკობელ-დაუნაწევრებელი, როგორც სჩანს, ერთიანად იყო შებათქაშებული. ამჟამად შებათქაშება მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. ეკლესიას თავდაპირველი კარები შერჩენილი არ აქვს. ახლა აქ არის შედარებით ბოლოდროინდელი, ჩაჟაშის ერთ-ერთი მკვიდრის შენაწირი, ხის, კვეთილობიანი კარი – ცენტრში დიდი ბოლნური ჯვარი მედალიონში, საფეხუროვან კვარცხლბეკზე, ხოლო კარის დანარჩენ არეზე მედალიონებია განაწილებული, მათში ჩასმული ბორჯღალებითა და სტილიზებული როზეტებით; კარის ქვედა ნაწილზე, ლითონის განიერი ფირფიტაა მიმაგრებული, მსხვილი დეკორატიული მოტივით შემკული. ამჟამად, ეს ფირფიტა კარის ხის საფუძველს საგრძნობლადაა მოშორებული. ეკლესიის სრულიად სადა, შეუმკობელი ფასადები, ინტერიერის მსგავსად, ერთიანად იქნებოდა შებათქაშებული. ამჟამად შებათქაშება, ფრაგმენტულად, მხოლოდ ჩრდილოეთ ფასადზეა შემორჩენილი. ეკლესია ფიქალის ფილებითაა გადახურული.

 

წყარო: memkvidreoba.gov.ge