ხორნაბუჯის ციხე

ხორნაბუჯი

ხორნაბუჯის ციხე

ხორნაბუჯი შუა საუკუნეების ციხე-ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის, კამბეჩოვანის ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლის წყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად. მას თამარის ციხის სახელითაც იხსენიებენ.

 

ისტორია

ხორნაბუჯი წყაროებში პირველად V საუკუნეში იხსენიება, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. 1068 კახეთ-ჰერეთის მეფემ აღსართან I-მა დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა. აქვე მეფე თეიმურაზ I-ს დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე ჯავახიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.

 

არქიტექტურა

ხორნაბუჯის შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩენილია 2 წყალსაცავი.