დოლოჭოპის ბაზილიკა

დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა
previous arrow
next arrow
Slider

 

დოლოჭოპის ბაზილიკა IV-V საუკუნეების ძეგლია. ნატაძრალი კახეთში, ქ. ყვარლის შემოგარენში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ დოლოჭოპის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი საეტაპო მნიშვნელობის ძეგლია და ქართული ულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს.

 

არქიტექტურა

დოლოჭოპის ბაზილიკა 35.7 მ სიგრძის და 18 მ სიგანის, მართკუთხა გეგმის ბაზილიკური ტიპის ტაძარია და აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე აღმოჩენილ ბაზილიკათადან უდიდესია. ეკლესია ნაგებია ფლეთილი და რიყეზე ნარჩევი დიდი ზომის ქვებით. ყოველ კედელში, გარდა აღმოსავლეთისა, თითო შესასვლელი კარი ყოფილა დატანებული. მისი ნაოსი 5 წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტით სამ ნავად იყო დაყოფილი. კუთხეებში, ღიობების ნაპირებში, თაღების გამოსაყვანად და სვეტების კაპიტელებად, კარგად ნათალი შირიმის ქვა გამოუყენებიათ. შუა ნავს აღმოსავლეთით მკვეთრად ნალისებური გეგმის აფსიდი აქვს, რომელიც ზემოდან, ქვის კონქით იყო დასრულებული. სამეუფეო ტახტი საფეხუროვან ხარისხებზე დაშენებული, დასავლეთისკენ ვიწრო მხარით მიმართული, ტრაპეციული გეგმის შემაღლებაზე ყოფილა დაფუძნებული. ასეთი აღნაგობის საკურთხევლები საქართველოში მანამდე არ დადასტურებულა. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ, გვერდითა ნავების გაგრძელებაზე, სწორკუთხა გეგმის პასტოფორიუმები – სავარაუდოდ სადიაკვნე და სამკვეთლოა მოწყობილი. ბაზილიკა ხის კონსტრუქციებზე დაყრდნობილი კრამიტის საბურველით იყო გადახურული. ტაძრის შუა ნავი გვერდითებზე მაღალი ყოფილა, ორფერდა სახურავით გადახურული.  V ს-ის დიდი ბაზილიკის საკურთხევლის იატაკქვეშა სივრცეში გამოვლინდა დაახლოებით 15 კვ. მ. ფართობის საძვალე-კრიპტა, რომელიც ტაძრის მშენებლობის დროსაა დატანებული აფსიდის ქვედა მოცულობაში. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ წმინდა ნაწილების ან წმინდანთა ნეშტების მოსათავსებელი ამგვარი აკლდამების არსებობა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა გვიანანტიკურ რომაულ და ადრებიზანტიურ ქრისტიანულ ტაძრებში, საქართველოში კი, მსგავსი კონსტრუქცია ამგვარად სრულყოფილი სახით პირველად აქ გამოვლინდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ V ს-ის ეს გრანდიოზული ტაძარი კიდევ უფრო ადრეული, IV საუკუნის პირველი ნახევრის, 25 მ-მდე სიგრძის და 15 მ-მდე სიგანის ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებზე ყოფილა აღმართული. დოლოჭოპის ბაზილიკის გამოკვლევამ დაადასტურა სავსებით კანონიკური გეგმარების, ვრცელი ქრისტიანული ტაძრის IV საუკუნეში აგების ფაქტი. მის შესწავლამდე მიჩნეული იყო, რომ IV საუკუნიდან მოყოლებული, V საუკუნის დასასრულამდე, საქართველოში მხოლოდ მცირე ზომის, პრიმიტიული გეგმარების ქრისტიანული ეკლესიები შენდებოდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ტაძარი VIII საუკუნეებში დანგრეულა. არსებობს ვარაუდი რომ მისი განადგურება არაბი სარდლის, მურვან ყრუს ლაშქრობას უკავშირდება.

 

როგორ მივიდეთ

დოლოჭოპის ბაზილიკას რომ ესტუმროთ, ჯერ ილიას ტბასთან უნდა მიხვიდეთ, საიდანაც ბაზილიკა დაახლოებით 2კმ-ში მდებარეობს. ტბიდან ნატაძრალამდე მიდიოდა სამანქანე გრუნტის გზა, თუმცა მდინარის ადიდებამ გზის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია და დღესდღეობით მხოლოდ ფეხით შეიძლება მისვლა. გზად პატარა მდინარის გადავლაც მოგიწევთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.