ნეკრესის მზის ტაძარი (ნეკრესის ცეცხლის ტაძარი) ანტიკური ხანის (I-III სს) სატაძრო კომლექსია, რომელიც ნეკრესის “დიდი კვადრატის” სახელითაც არის ცნობილი. იგი კახეთში, ნეკრესის მონასტერთან ახლოს, ნაზვრევი გორის ძირში, გაშლილ ველზე მდებარეობს. არქეოლოგიური სამუშაოებისას ნაგებობაში გამოიყო ორი სამშენებლო ფენა – ზედა ფენა წარმოდგენილია ციხე-სასახლის სახით, ქვედა კი რთული გეგმარების ცეცხლის ტაძარს წარმოადგენს. იგი ნაგებია რიყის დიდრონი ქვებითა და ფლეთილი ქვით კირხსნარზე. ზედა ფენებში გამოყენებულია აგურიც. გათხრებისას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა თარიღდება I-V საუკუნეებით. როგორც ჩანს, ცეცხლის ტაძარი II საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში კი ის ქრისტიანებმა დაანგრიეს. ნეკრესის ზოროასტრული ტაძარი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური ნიმუშია.
არქიტექტურა
ნეკრესის მზის ტაძრის ოთხივე კედლის ირგვლივ განთავსებული იყო დერეფნებით გამოყოფილი აფსიდიანი ოთხი ნაგებობა, რომლებიც ცენტრალური კვადრატისკენ მიმართული იყო აფსიდის რკალით. თვით აფსიდიანი სათავსოები განლაგებული იყო ჯვარედინად. მთლიანად ანსამბლი შედგებოდა შვიდი დამოუკიდებელი ნაგებობისგან. ისინი მოქცეული იყო კვადრატის ფორმის ზღუდს შორის, რომლის გარე ზომები იყო 50X50 მ. კვადრატული ზღუდის თითოეული კედლის ცენტრში 5 მ-ის სიგანის ღიობებია, რომლებიც უსწორდება იმავე სიგანის აფსიდიანი დარბაზების შესასვლელ კარს. დანარჩენი ნაგებობები და სათავსოები, რომელთაგან თითოეულს აქვს 1,5 მ სიგანის კარი, ერთმანეთთან დაკავშირებული იყო კორიდორული სისტემით. კვადრატის დაგეგმარების სისტემა ჯვრული ხასიათისაა. მის შიგნით, თითოეული შესასვლელის პირდაპირ სამ და ოთხსათავსოიანი ბლოკია. თითოეული ბლოკის შემადგენლობაში ერთი აფსიდიანი დარბაზია, რომელიც ცენტრალური შესასვლელის პირდაპირ მდებარეობს. «დიდი კვადრატის» ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეებზე განთავსებულია სამნავიანი აფსიდიანი ბლოკები, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებზე – ოთხსათავსიანი ნაგებობები. «დიდი კვადრატის» დიაგონალზე სამი სწორკუთხა დარბაზია: ერთი ცენტრშია და თითო – კუთხეებში. მათ ერთობლიობას ჯვრის ფორმა აქვს. აფსიდური დარბაზები ჯვარედინად და სიმეტრიულად არის განლაგებული, ხოლო ოთხსათავსოიანი ბლოკები «დიდი კვადრატის» მიმართ ასიმეტრიულად არის განთავსებული. ამავე დროს ეს ოთხსათავსოიანი აფსიდური ბლოკები, ცენტრალურ კვადრატულ სათავსოსთან ერთად, სვასტიკის მკვეთრად გამოხატულ ორ ფრთას გამოსახავს.