რუისის ფერისცვალების ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მდებარეობს. ეკლესიის თავდაპირველი ნაგებობა VII-IX საუკუნეებით თარიღდება, თუმცა მისგან მხოლოდ გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილია შემორჩენილი. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში კი გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს. რუისის საეპისკოპოსო ფეოდალური საქართველოს მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. რუისს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. ასევე აქ ეკურთხა მეფედ გიორგი II. გადმოცემით, ამ ადგილას პირველი ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია, თუმცა მაშინდელი ნაგებობა შემორჩენილი არ არის. რუისის ტაძარს დიდი წიგნთსაცავი ჰქონდა, სადაც სადაც მრავალი ხელნაწერი ინახებოდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია XI საუკუნის რუისის სახარება. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი რამდენჯერმეა შეკეთებული და გადაკეთებული, იგი მაინც ახდენს შთაბეჭდილებას მნახველზე ლამაზი, მაღალი გუმბათით, საინტერესო დეკორატიული დეტალებითა და მოყვითალო და ღვინისფერი კვადრების მონაცვლეობით შექმნილი ცხოველხატული ფასადებით.
არქიტექტურა
რუისის ფერისცვალების ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. პირვანდელი ნაგებობისგან გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიის თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. ტაძარი ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ნაგებობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. შესავლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. XI საუკუნეში ტაძარს სამხრეთითა და ჩრდილოეთით კარიბჭე-ეგვტერები მიაშენეს. პირვანდელი სახით ჩრდილოეთის ეგვტერი შემორჩა, რომელიც რვასხივიანი ორნამენტირებული გუმბათით გადახურულ კვადრატულ სივრცეს წარმოადგენს. ეგვტერების აგების დროს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთებში გადაუტანიათ. დასავლეთის შესასვლელზე XV საუკუნეში კარიბჭე მიუშენებიათ, რომელიც სამ მხრივ თაღებითაა გახსნილი. ეგვტერს დასავლეთით ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი – კარიბჭე ეკვროდა. კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. სათავსს ჩრდილოეთით მოჩუქურთმებულ იმპოსტებზე დაყრდნობილი ფართო თაღოვანი შესასვლელი ღიობი ჰქონდა, რომლისგანაც დაბალი, ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთის კარიბჭე XV საუკუნეში ძირეულად გადაკეთებულა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები მორთულია დიდი ზომის მოჩუქურთმებული საფასადო ჯვრებით, რომლებიც ორნამენტირებულ სარკმლებს ეყრდნობიან. იმავე ფასადების გვერდითა ნაწილებში გაჭრილია თითო თაღოვანი სარკმელი, ეს სარკმლებიც მოჩუქურთმებულ ჩარჩოშია ჩასმული. გუმბათი თორმეტსარკმლიანია. სარკმლების მრავალფეროვანი ორნამენტით მორთულ საპირეებს შეწყვილებული ლილვების დეკორატიული თაღები და ნახევარსვეტები ევლება. ფასადებზე მიმოფანტულია X-XI საუკუნეების საინტერესო ორნამენტირებული ფრაგმენტები. გუმბათიცა და ფასადებიც ლილვისა და მეოთხედი წრეთარგისაგან შედგენილი ლავგარდნით სრულდება. რუისის ფერისცვალების ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო-მომწვანო და ღვინისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბალასტის კვადრები, შირიმი და აგური.
კომპლექსს რიყის ქვით ნაგები გალავანი აქვს შემოვლებული. იგი გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან საფეხურებადაა დანაწევრებული და ზოგან შეტეხილია. კომპლექსში შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები. ტაძრის დასავლეთით გვიანი შუასაუკუნეების კოშკი-სამრეკლო მდებარეობს, რომელიც გალავანშია ჩაშენებული. ნაგებობა სამსართულიანია. პირველი სართული კომპლექსის კარიბჭის ფუნქციას ითავსებს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. იგი გადახურულია ნახევარწრიულიკამარით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მიშენებულია მასიური კონტრფორსები. მეორე სართული საცხოვრებელია, მის კედელში ბუხარი და თახჩა ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია. მესამე სართული თაღებით გახსნილ სამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთითა და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი თითო თაღი აქვს. მისი გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია. კოშკი -სამრეკლო ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებითა და აგურით.