სამღერეთის საბეროს მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამღერეთის მახლობლად მდებარეობს, მდინარე ხრამის მარცხენა შენაკადის – ტრონეს შესართავთან, ღრმა ხევში. იგი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტრის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირია. ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს: “სამღერეთს ზეით, გვიანას, არს მონასტერი მცირე, აწ ხუცის ამარ”. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სატრაპეზოს, სენაკების ნაშთებს, სამრეკლოს, გალავანსა და საცხოვრებელი სენაკების ნაშთებს. ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მიუხედავად ამისა იგი ყურადღებას იქცევს მონუმენტურობით, დახვეწილობითა და ნატიფი მორთულობით. განსაკუთრებით დაზიანებულია ტაძარი – ჩამონგრეულია კამარა და დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების დიდი ნაწილი, ასევე თითქმის სრულად შემოძარცვული აქვს პერანგი. სამღერეთის საბეროს მონასტერი სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს, იგი ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ნიმუშია.
ძეგლის აღწერა
სამღერეთის საბეროს მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: ტაძარი, სატრაპეზო, სამრეკლო, გალავანი და საცხოვრებელი სენაკების ნაშთები. კომპლექსის მთავარი ნაგებობა დარბაზული ეკლესიაა, სამხრეთის მინაშენით. ტაძარი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. სამხრეთის მინაშენიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება, თუმცა ის თავად ტაძარზე უფრო გვიანდელი უნდა იყოს. მის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის აფსიდიანი ეკლესიაა მოწყობილი, დასავლეთ ნაწილი კი კარიბჭეა, რომელიც მთავარ ტაძარსაც უკავშირდება და მცირე ეკლესიასაც. ტაძრის გრძივი კედლები დანაწევრებული ყოფილა თაღედით (ჩრდილოეთის კედელი დღესდღეობით თითქმის მთლიანად დანგრეულია). კონქი და კამარა ეყრდნობოდა ჯვრულ პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს. საკურთხეველში ორი მაღალი თაღოვანი ნიშია. ნაგებობას თაღოვანი სარკმლები აქვს, რომლებიც ინტერიერში ფართოვდება. შესასვლელი სამი ყოფილა – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, თუმცა ჩრდილოეთის შესასვლელი ამჟამად ამოშენებულია. დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელები გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი, ჩრდილოეთის შესასვლელი კი პირიქით – გარედან თაღოვანია და შიგნიდან – არქიტრავული. ექსტერიერიცა და ინტერიერიც მოპირკეთებულია თლილი მომწვანო ქვით, ფასადებზე პერანგი თითქმის სრულიად ჩამოცვენილია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ნაშთები. ფასადები მდიდრული ჩუქურთმებით ყოფილა შემკული, ტაძრის ძირითად ნაწილს მხოლოდ დასავლეთის შესასვლელში აქვს მორთულობა შემორჩენილი. ყურადღებას იქცევს კარიბჭის მხატვრული გაფორმება, რომელიც ჯვრული კამარითაა გადახურული. ჩუქურთმითაა შემკული მისი დიდი, თაღოვანი შესასვლელი და ჭერი, ასევე მთავარ ტაძარსა და მცირე ეკლესიაში შესასვლელები. ტაძრის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება საპერანგე ქვები, ნანგრევებში შეიმჩნევა ჩუქურთმიანი ქვებიც. აქვე გვხვდება ქვის ბაზაც, რომელშიც სავარაუდოდ ქვაჯვარა იყო ჩასმული.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკლესიის თანადროული სამრეკლოა, რომელიც გალავნის სისტემაშია ჩართული. მაღალი გალავანი, რომელიც მონასტერს ერტყა გარს დღესდღეობით თითქმის დანგრეულია, უკეთაა შემორჩენილი აღმოსავლეთ ნაწილი, სამრეკლოს ტერიტორიაზე.
ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით მონასტრის სატრაპეზო დგას. ის მართხკუთხა გეგმის ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისა იყო, აქ გამოვლინდა მარანი, მეორე სართული კი – სასადილო ოთახი. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და სამხრეთით. შესასვლელებიცა და სარკმლებიც თაღოვანია. სართულშორისი გადახურვა ჰორიზონტალური იყო (შემორჩენილია ხის კოჭების საყრდენი კონსოლები), დარბაზის გადახურვა კი – კამაროვანი იყო. კედლები, ტაძრის მსგავსად, მოპირკეთებულია თლილი მომწვანო ქვით. გადახურვები და ნაწილობრივ კედლებიც ჩამოქცეულია. სატრაპეზოში ორი წარწერაა, რომლებზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იკითხება.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- დ. ბერძენიშვილი – ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან. 2014. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე – ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. 2013 წ. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- სამღერეთის სამონასტრო კომპლექსი – საბერო. memkvidreoba.gov.ge ⇒
- სამღერეთის საბერო. novators.ge ⇒
- სამღერეთი. saunje.ge ⇒
- სამღერეთის მონასტერი. ka.wikipedia.org ⇒