სხვილოს ციხე

სხვილოს ციხე შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აგებულია XIV საუკუნეში. აქ არის გადაღებული რამდენიმე სცენა ქართული მხატვრული ფილმისა – “შერეკილები”. ციხე წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. იგი 2 მ სიმაღლეზე იყო მოთავსებული და, როგორც ჩანს, ხის კიბით ადიოდნენ იქამდე. ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მ აღწევს, სისქე – 2 მ, სულ ზემოთ მოწყობილი ყოფილა მებრძოლთა სამოძრაო იარუსი. საბრძოლო ბილიკის გასწვრივ განლაგებულია სათოფურები და სალოდეები. მაღალი კედლები ქონგურებით არის დაგვირგვინებული. ციხის თავსა და ბოლოში თითო კოშკი დგას. ორივე ხუთსართულიანი უნდა ყოფილიყო, მათგან მთავარია ჩრდილოეთის კოშკი. თავდაპირველად ციხის ტერიტორიაზე მცირე ზომის ეკლესია იდგა, შემდეგში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, სივიწროვის გამო მას თავზე მეორე ეკლესია დააშენეს. ეკლესიის დასავლეთით ციხის კედელთან დიდი ზომის წყალსაცავია. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.
სხვილოს ციხესთან ახლოს მდებარეობს ჯვარპატიოსნის ეკლესია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *