ატენის ციხე

ატენის ციხე

ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ატენში მდებარეობს, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ქიმზე. იგი შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ X საუკუნეში ის უკვე არსებობდა. ციხე X საუკუნისთვის კლდეკარის ერისთავებს ეკუთვნოდათ. რატი ერისთავმა გაერთიანებისთვის მებრძოლ ბაგრატ III-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, ციხე მეფისათვის გადაეცა. შემდგომ პერიოდებში ატენის ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო. ატენის სიონის კედელზე შემორჩენილ XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი. ციხე კარგად ყოფილა გამაგრებული, მისი აუღებლობის შესახებ შემონახულია ცნობები. ატენის ციხე მრავალი ბრძოლის მოწმე გამხდარა, ის ვერ აუღიათ ლიპარიტ ბაღვაშს XI საუკუნეში და კახეთის მეფე ავგიორგის XVI საუკუნეში. ციხე დაეცა XVI საუკუნის მეორე ნახევარში შაჰ-თამაზის ლაშქრობისას, ღალატის შედეგად. ატენის ციხემ XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში გამანადგურებელი დარტყმა მიიღო. ქართლის მეფე როსტომის წინააღმდეგ აჯანყდნენ კახეთის მეფე თეიმურაზი და მისი მომხრე თავადები. ერთ-ერთმა შეთქმულმა ნოდარ ციციშვილმა ატენის ციხეს შეაფარა თავი. როსტომს ციხე ძალიან დაუნგრევია. შემდგომ პერიოდებში მას დიდი მეპატრონე აღარ ჰყოლია. მომდევნო საუკუნეებში იგი მაინც იხსენიება, თუმცა თვალსაჩინო ციხე უკვე აღარაა. გარდა ბრძოლებისა, სიმაგრე დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ, ამიტომაც მისი გეგმის და მასების თავდაპირველი სახით დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება – ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა, დიდი, მთავარი მონაკვეთი კი სამხრეთით მდებარეობს. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია განლაგებული.