მეგალითური კულტურა საქართველოში

მეგალითური კულტურა საქართველოში

მეგალითური კულტურა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ის დღემდე კვლევის საგანს წარმოადგენს. მეგალითი (მეგა – დიდი, ლითოს – ქვა) უზარმაზარი, დაუმუშავებელი ან დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აგებული ნაგებობაა. მეგალითური ძეგლები ჯერაც არ არის სრულყოფილად შესწავლილი და მათი აგების მეთოდებსა თუ დანიშნულებაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. აღნიშნული ნაგებობები ძირითადად ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით თარიღდება (ძვ. წ. III-II ათასწლეულები). მეგალითური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლთა ტიპებია: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები, ციკლოპური ციხე-სიმაგრეები. მენჰირი მეგალითური ნაგებობების ყველაზე მერტივი ფორმაა, იგი ვერტიკალურად აღმართულ ლოდს, მონოლითს წარმოადგენს. მათი სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრსაც კი აღწევს. ზოგიერთი მენჰირი დამუშავებულია, ზოგი კი დაუმუშავებელი, ბუნებრივი ფორმის ლოდია. მონოლითთა ნაწილზე ამოტვიფრულია სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულებები.

სტოუნჰენჯი. ფოტოგრაფი: William Russell Sedgfield. გადაღებულია 1853 წელს.

კრომლეხი ქვის ფილების წრიული ან კვადრატული ნაგებობაა. მსოფლიოში განსაკუთრებით ცნობილი კრომლეხია სტოუნჰენჯი. კრომლეხები მიცვალებულთა დასაკრძალად გამოიყენებოდა, თუმცა მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით ზოგიერთი ამ ტიპის ძეგლი ასტრონომიული დანიშნულებისა იყო. დოლმენი ქვის უზარმაზარი ფილებით შექმნილ კამერას წარმოადგენს, რომელიც ქვის ერთიანი ფილითვეა გადახურული. დოლმენთა უმრავლესობას ერთი კედლის ცენტრში გაჭრილი აქვს ხვრელობი, რომელიც ქვისავე საცობით იხურება. არქეოლოგების აზრით ნაგებობათა ნაწილი ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა, ნაწილს კი დასაკრძალავი დანიშნულება ჰქონდა. მეგალითური კორიდორები ორ რიგად ჩამწკრივებულ ლოდებს წარმოადგენს, რომლებიც დიდი ზომის ფილებითაა გადახურული და დახურულ დერეფანს ქმნის. მეგალითური, იგივე ციკლოპური, ციხე-სიმაგრეები დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ქვებისგან ნაგებ სასიმაგრო კომპლექსს წარმოადგენს. ასეთ სიმაგრეებში გამოყენებულია, როგორც მომცრო ზომის ნამტვრევი ქვები, ასევე უზარმაზარი ლოდები. ციკლოპური ციხე-ნამოსახლარები მოიცავენ თავდაცვით ნაგებობებს, საცხოვრებელ განყოფილებებს, დარან სამალავებს და საკულტო ნაგებობებს.

მოაი. ფოტოგრაფი: Katherine Maria Routledge. გადაღებულია 1914-15 წლებში.

მეგალითური ნაგებობის კიდევ ერთი განსხვავებული სახეა მოაი, რომელიც მხოლოდ აღდგომის კუნძულებზე გვხვდება. მოაი უზარმაზარ მონოლითში ამოჭრილ ადამიანის ფიგურას წარმოადგენს. მათი წონა ზოგჯერ წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს. კუნძულზე მდებარე რანო-რარაკუს კრატერის ფერდობზე ნაპოვნია დაუსრულებელი ქანდაკება, რომელიც 20 მეტრამდე სიმაღლისაა და 270 ტონას იწონის. მეგალითური კულტურა ერთ-ერთი საინტერესო საკვლევი თემაა მეცნიერთათვის, ამ ძეგლებთან და მათ ამშენებლებთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერაც საიდუმლოებითაა მოცული. გიგანტური ლოდებით ნაგები ეს საოცარი ნაგებობები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

მეგალითური კულტურა საქართველოში

მეგალითური კულტურა საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული, ასეთი ძეგლები განსაკუთრებით მრავლად გვხვდება სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და აფხაზეთში. აქ მეგალითური ნაგებობების ფაქტობრივად ყველა ტიპი გვხვდება. საქართველოში ციკლოპურ ციხე-ნამოსახლარებსა და მსგავს მონუმენტურ ძეგლებს გმირთ-ნაკვეთებად იხსენიებდნენ და მათ აგებას ხალხი დევებს ან გიგანტებს მიაწერდა, მონოლითებს კი ქვა-კაცას, ქვა-რძალს ან ძუძუ-ქვას უწოდებდნენ. ეს სახელები გვხვდება არამხოლოდ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, არამედ წერილობით წყაროებშიც. დიდი ლოდებით ნაგებ სიმაგრეებს ხშირად აღწერს ვახუშტი ბაგრატიონი, ასევე “დიდ ლოდსა” და “დიდროვან ლოდებს” იხსენიებს ვახტანგ VI “დასტურლამალში”. მეგალითურ ძეგლებს სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებსა და რიტუალებს უკავშირებდნენ შუასაუკუნეებშიც, XIX-XX საუკუნემდეც კი. ვახუშტი ბატონიშვილი “საქართველოს გეოგრაფიაში” წერს: “პატივანს ქვეით ვაკეს არს ლოდი, რომელი გვალვასა თუ გადააბრუნო და შენამო, მოვალს წვიმა, ხოლო წვიმიანობასა შინა თუ შეაყარო ნაცარი და გადააბრუნო, იქმნების უწვიმრობა”.

მურჯახეთის მენჰირი

მსგავსი რიტუალები საქართველოს ბევრ სოფელშია ცნობილი, ერთ-ერთი ასეთია მურჯახეთის მენჰირს უკავშირდება: ადგილობრივები მონოლითს მიაწერდნენ რძის მოცემა-მომატების ძალას, ამიტომაც ქალები მიდიოდნენ თაყვანსაცემად, საკმეველს უკმევდნენ და ქონს ან ზეთს უსვამდნენ. საქართველოში მრავალი მენჰირია შემონახული, ისინი თევზისა (კალმახის) ნაყოფიერების კულტებს უკავშირდებოდა, რაზეც ამ მონოლითებზე ამოკვეთილი გამოსახულებები მეტყველებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება დოლმენები, ერთ-ერთი დოლმენი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გადმოტანილი. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ფართოდაა გავრცელებული ციკლოპური კომპლექსები, ისევე როგორც სხვა მეგალითური ფორმები.

ეთნოგრაფიული
აფხაზური დოლმენი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ზოგიერთ ციკლოპურ კომპლექსში, გარდა თავდაცვითი სიმაგრეებისა, საცხოვრებელი ნაგებობებისა და ქვაყრილებში (კარკნალში) შემალული დარან-სამალავებისა, ვხვდებით დოლმენებსა და საკულტო მონოლითებსაც. ერთ-ერთი ასეთი მეგალითური ნამოსახლარია გოხნარის ლოდოვანი, რომელიც თავისი მასშტაბურობითაც გამოირჩევა. ციკლოპურ სიმაგრეთაგან აუცილებლად უნდა აღინიშნოს აბულისა და შაორის ციხეები, რომლებიც საკმაოდ კარგადაა შემონახული და საოცრად შთამბეჭდავ ძეგლებს წარმოადგენენ. საყურადღებოა გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი, რომელიც მიწით დაფარული საცხოვრებლებისგან შედგება, მის თავისებურებას წარმოადგენს ნაგებობათა გუმბათისებური გადახურვა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგალითური ძეგლია საროს ციხე, აქ უკვე გვხვდება გარკვეულწილად დამუშავებული ლოდები, რომლებიც ერთმანეთსაა მორგებული. სამწუხაროდ მრავალი მეგალითური ძეგლი ქრისტიანულ პერიოდში დაზიანდა, მენჰირთა ნაწილზე ამოტვიფრულია ჯვრები და მოქცეულია მცირე ზომის ეკლესიებში, ციკლოპური ნაგებობების ლოდები გამოყენებულია ტაძრების ასაგებად, რომელბიც კომპლექსის ტერიტორიებზევე დგას, ასეთია მაგალითად თეჯისის მეგალითები.

აბული
აბულის ციხე

თეჯისის წმ. კონსტანტინეს ეკლესია ნაგებია უზარმარი ლოდებით, მასში მოქცეულია მენჰირი და გარშემო მეგალითური გალავანი ევლება. თეჯისის მენჰირს წარსულში კრომლეხი ჰქონია შემოვლებული. ასეთი ცვლილებები კიდევ უფრო ართულებს მსგავსი ძეგლების კვლევას. არქეოლოგიურ კვლევით ლიტერატურაში საქართველოს მეგალითური ძეგლების შესახებ ინფორმაცია პირველად 1881 წელს ჩნდება, ავრანლოს ციკლოპურ ნაგებობას იხსენიებს იოაკიმოვი. შემდგომში ამ თემით ინტერესდებიან ივანე როსტომაშვილი, ალექსანდრე გრენი და ექვთიმე თაყაიშვილი, მათ შორის უფრო გარკვეულ ინფორმაციებს ექვთიმე თაყაიშვილი იძლევა. საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ადრეთვე სმირნოვი და ნიკო მარი. საქართველოს მეგალითების კვლევის საქმეში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 1923 წელი, ალგეთის ხეობის კვლევისთვის მივლინებულმა ლეონ მელქისეთ-ბეგმა აღმოაჩინა გოხნარის მეგალითური სადგომი, რასაც მთელი რიგი ექსპედიციები მოყვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამ დროის განმავლობაში მრავალი მეგალითური ძეგლი იქნა შესწავლილი და კვლევა-ძიება დღემდე გრძელდება. ეს მითებსა და მისტიურ საბურველში გახვეული ნაგებობები აქტუალობას არ კარგავს და მუდმივად იზიდავს, როგორც მკვლევარებს, ასევე ზოგადად კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს.
სტატიის ქვემოთ გთავაზობთ ჩამოშლად კატალოგს, სადაც ავტომატურად განთავსდება საიტზე დამატებული ყოველი ახალი სტატია მეგალითური ძეგლების შესახებ.

 

განძის მენჰირი

განძის მენჰირი

განძის მენჰირი (განძის ვეშაპი) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან (იგივე განძანი) მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. ლიტერატურაში Read more