განძის მენჰირი

განძის მენჰირი (განძის ვეშაპი) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან (იგივე განძანი) მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. ლიტერატურაში მონოლითის პირველი აღწერა 1898 წელს გამოჩნდა, იგი ივანე როსტომაშვილმა აღწერა. მენჰირს ამჟამად შემოშენებული აქვს მეტისმეტად მცირე ზომის ეკლესია, რაც ხელს უშლის ამ მეგალითური ქვა-სვეტის სრულყოფილად აღქმას. მენჰირი ყბაღია თევზის გამოსახულებას წარმოადგენს, ის თევზის კულტს უკავშირდება. მენჰირის ზედა ნაწილში გამოსახულია სიცოცხლის მომცემის სიმბოლო, ქვევით კი სავარაუდოდ ორი ფრინველია ამოკვეთილი. მონოლითის სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრამდეა. ადგილობრივები ამ მონოლითს ქათ-ქარს (რძის ქვა) ან სურბ სარგისს (წმინდა სარგისი) ეძახიან. ლეონ მელქისეთ-ბეგი აღნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობა განძის მენჰირს უკავშირებს ისეთ წესებს, რაც ფალოსის კულტის გამოძახილია, თუმცა ნაყოფიერების კულტთან მისი გაიგივება უფრო მოგვიანებით პერიოდებში მოხდა. სოფელ განძაში ასევე შეგიძლიათ განვითარებული შუასაუკუნეების რამდენიმე ეკლესიის მონახულება.

 

ფოტოს ავტორი: დევი ბერძენიშვილი. ფოტოს წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო არქივი.

ამჟამად განძის ვეშაპის ზუსტი კოორდინატები დადგენილი არ გვაქვს, თუმცა თუ ადგილობრივებს შეეკითხებით აუცილებლად მიგასწავლიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *