მურჯახეთის მენჰირი (მურჯახეთის ვეშაპოიდი, “ძუძუს ქვა”) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. მონოლითის სიმაღლე 2.90 მეტრია. მენჰირი დაკავშირებულია ნაყოფიერების კულტთან, რასაც მის ერთ მხარეს გამოსახული ფალოსური სიმბოლო მიუთითებს. ივანე როსტომაშვილისა და პრასკოვია უვაროვას ცნობით ადგილობრივები მენჰირს უწოდებდნენ “ძუძუს ქვას” და მიაწერდნენ რძის მოცემა-მომატების ძალას, ამიტომაც ქალები მიდიოდნენ თაყვანსაცემად, საკმეველს უკმევდნენ და ქონს ან ზეთს უსვამდნენ. ზეთის კვალი ფოტოებშიც შესამჩნევია. ლეონ მელქისეთ-ბეგი მიიჩნევს, რომ მონილითი თავიდან იყო ვეშაპოიდი (თევზის კულტთან დაკავშირებული მენჰირი), ფალოსური დატვირთვა კი შედარებით უფრო გვიან მიენიჭა, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. მურჯახეთის მენჰირის მიმდებარედ, მინდორში არის მეორე მონოლითიც, რომელიც წაქცეულია. როსტომაშვილი აღწერს, რომ ხელი შეუცურებია მენჰირის ქვეშ და ორი ჩაღრმავებული ადგილი შეუნიშნავს. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ X საუკუნის მურჯახეთის ეკლესია.
პირველი ფოტოს წყარო: “Материалы по археологии Кавказа” – პრასკოვია უვაროვა
მეორე ფოტოს (უფრო შორი ხედი) ავტორი: დევი ბერძენიშვილი, წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.