ბაგრატის ტაძარი იმერეთის მხარეში, ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე. იგი 1003 წლით თარიღდება. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი მოცემულია ნაგებობის ჩრდილოეთის სარკმელთან განთავსებულ წარწერაში: “ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223”. თუკი ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, 1003 წელი გამოდის. ეს წარწერა არის საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების უძველესი ნიმუში. ბაგრატის ტაძარს თავისი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ნაგებობის მონუმენტურსა და დიდებულ იერს ერწყმის მრავალფეროვნება და დინამიურობა, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ეკლესიის ჩუქურთმები საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ ევოლუციას, რომელიც ძალიან მცირე პერიოდში, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში განიცადა ქართულმა ხუროთმოძღვრულმა ორნამენტმა. ტაძრის სამკაულები, რომლებიც X-XI საუკუნის მიჯნაზეა შექმნილი მსუბუქი და მცირე სიღრმისაა, კარიბჭეთა მორთულობა კი ღრმად ნაკვეთი, ცხოველხატული. ბაგრატი გეგმის მხრივ ოშკის ტაძარს მიემსგავსება, თუმცა ეს არ არის უბრალო გამეორება, არამედ ოშკის ტაძარში ჩანერგილი იდეის განვითარებაა. მაღალმხატვრულ ღირებულებებთან ერთად დიდია ბაგრატის ისტორიული მნიშვნელობა, იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა.
ისტორია
ბაგრატის ტაძარი აგებულია გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის (975-1014), მეფობის ხანაში. მემატიანე მოგვითხრობს, რომ ტაძრის კურთხევა დიდი ზეიმით მოეწყო, მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებიც. ამ ზეიმით ბაგრატმა თითქოს საგანგებოდ გამოაჩინა, რომ საქართველოს მაშინდელ დედაქალაქში ახლად აგებულ საეპისკოპოსო ტაძარს ზოგადეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი” – მატიანე ქართლისაი. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. XVII საუკუნის დასასრულამდე კათედრალი უვნებლად იდგა. 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩები აღწერენ ტაძრის ახლომდებარე ნაგებობებს, სამრეკლო კოშკს, რომელიც თითქმის დაუზიანებლად არის დღემდე შემორჩენილი და სასახლეებს. მათივე ცნობით, ტაძარში ინახებოდა მრავალი უძვირფასესი ხატი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ქუთაისის ციხე ხელში ჩაიგდეს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა და ბრძოლის დროს ციხესთან ერთად ბაგრატის ტაძარიც ააფეთქეს. ოსმალებმა მიიტაცეს ეკლესიის სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ, სოლომონ პირველმა, ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარიც გაათავისუფლა ოსმალებისგან, თუმცა ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. 2009 წელს ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული იყო ჩატანებული. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვანს ეკუთვნოდა. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაში იყო, თუმცა 2000-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ ბაგრატი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს. ჩატარებული სამუშაოების ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით აზრი დღემდე ორად იყოფა.
არქიტექტურა
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. მას ლაკონიური, დახვეწილი არქიტექტექტურულ-კომპოზიციური სტრუქტურა აქვს. გუმბათქვეშა კვადრატს აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით აფსიდები, დასავლეთით კი წაგრძელებული მართკუთხა მკლავი ასრულებს. გუმბათი ეყრდნობა ოთხ მძლავრ ბოძს, რომლებიც კედლებს დაშორებულია და მათ გარშემო დიდი თავისუფალი სიფრცე იქმნება. საგრძნობლად გაფართოებული დასავლეთის სამნავიანი მკლავის გვერდითა ნავები ორ-ორ სართულიან მოცულობებს – პატრონიკეებს ქმნის. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავი გამოსულია ნაწილების შემაერთებელი ხაზებიდან, რაც ხაზს უსვამს ჯვარგუმბათიანი გეგმის კონცეპციას. ხუროთმოძღვარი მკლავების გამოწევით შექმნილ უბეებს გონებამახვილურად იყენებს: ქმნის მასათა განლაგებაში დამატებით საფეხურს, დასავლეთ ნაწილში სამივე ფასადზე გარშემოსავლელის მოთავსებით. ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვარმა ფასადიდან ფასადზე გადავლებული არმატურის ერთიანი სისტემა იხმარა, რაც სიახლე იყო მშენებლობის ხელოვნებაში. ნაგებობას დაახლოებით ორი ათეული წლის შემდეგ მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. დასავლეთის ფასადს სამსართულიანი კოშკი ებჯინება. ეკლესიის შიდა სივრცის გადაწყვეტა მკვეათრადაა გამოვლენილი გარე მასებში. ტაძრის ფასადები შემკულია თაღედით. აღსანიშნავია ეკლესიის მრავალფეროვანი და ცხოველხატული მორთულობა. კარიბჭეების მდიდრული სამკაული, ბაზისებისა და სვეტისთავების ჩუქურთმები, სარკმელთა დახვეწილად მორთული საპირეები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. მორთულობაში გვხვდება როგორც მცენარეული და გეომეტრიული მოტივები, ასევე ცხოველთა გამოსახულებები. შესამჩნევია განსხვავება სხვადასხვა ეტაპზე შესრულებულ დეკორს შორის, რაც ამ მცირე დროში მიმდინარე ევოლუციის პროცესზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. კედელ-კამარებსა და იატაკს ამკობდა მოზაიკა. სამხრეთის კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი. ტაძარს შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რომლის შიგნითაც დამხმარე ნაგებობები იდგა. ბაგრატის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამსართულიანი სამრეკლოა აღმართული. სამრეკლოს I სართულის მოცულობა არათანაბარი თაღებით არის გახსნილი, II სართულზე იზოლირებული ოთახია მოწყობილი, ზედა სართული კი რვათაღიანი ფანჩატურით სრულდება. სამრეკლოს ჩრდილოეთიდან ქვის კიბე აქვს მიშენებული.