თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია

თეჯისის წმინდა გიორგის ეკლესია

თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მდებარეობს. ტაძარს შემოვლებული აქვს მეგალითური გალავანი, რომელსაც ჰქონდა ქვის მონოლითით გადახურული შესასვლელი, თუმცა ამჟამად ჩამოშლილია. მეგალითი უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობაა (დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები), რომელიც გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში. სავარაუდოდ ტაძრის მშენებლობაშიც გამოყენებულია მეგალითური ნაგებობის ქვები. ტაძარი გეგმაში მართკუთხა დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აფსიდში ორი ნიშია. საკურთხეველში დევს ტრაპეზის ქვა. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმლები. ეკლესია სხვადასხვა წყაროებში მოხსენიებულია როგორც წმ. გიორგის, წმ. დემეტრეს და წმ. ნიკოლოზის სახელობის. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ავირჩიეთ ის ვარიანტი, რომლითაც გუგლის რუკაზეა არნიშნული.
თეჯისში, გარდა თეჯისის წმ. გიორგის ეკლესიისა, სოფლის თავზე არის მეორე ეკლესიაც, აია კონსტანტინი (წმ. კონსტანტინე) რომელსაც ასევე მეგალითური გალავანი აქვს, ეკლესიაში მოქცეულია თეჯისის მენჰირი, ტაძრის მიმდებარედ შეინიშნება წრიული ციკლოპური ნაგებობების ნაშთები.

 

როგორ მივიდეთ

სოფელ თეჯისში მოსახვედრად წალკის გზიდან სოფელი ბარეთისკენ უნდა გადაუხვიოთ, გზად ბარეთის ტბის ხედითაც დატკბებით. თეჯისამდე მიდის სამანქანე გრუნტის გზა, თუმცა ბოლო მონაკვეთზე ძალიან ცუდი გზაა და თუ შესაბამისი მანქანით არ ხართ წასული სჯობს ის სოფლის თავზე დატოვოთ და ფეხით განაგრძოთ. ფეხით გასავლელი დაახლოებით 500 მეტრი გექნებათ, თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია სოფლის შესასვლელშივეა. წალკის გზიდან სოფელ თეჯისამდე 11 კმ-ა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *