არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დულუზაურების განაპირას მდებარეობს. ანსამბლის ძირითადი ნაწილი IX-XI საუკუნეებს მიეკუთვნება (არის გვიანი შუა საუკუნეების ფენებიც) და მოიცავს: გალავანს, კოშკს, ციხე-სახლს, სასახლეს და ეკლესიას. არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი) ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო, საყურადღებო და მრავალფეროვანი ძეგლია, რომელშიც იკვეთება ეპოქისთვის სახასიათო ნიშნები და მათი პერიოდული ცვალებადობაც. კომპლექსი გალავნით გამაგრებულ ორ ნაწილად იყოფა: ზედა ციხე და ქვედა ციხე. ზედა ციხის ტერიტორიაზე განლაგებულია ციხე-სახლი, კარის ეკლესია და სასახლე, ქვედა ციხეში კი – სხვა ნაგებობები, რომელთაგან მხოლოდ მცირე კვალი იკითხება და სამსართულიანი კოშკი.

ციხე-სახლი კომპლექსის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, გორის შემაღლებულ თხემზე დგას. ნაგებობის ჩრდილოეთის მხარე მცირედით მომრგვალებულია, დანარჩენი კედლები კი ურთიერთმართობულია. ამჟამად მხოლოდ სამი სართულია შემორჩენილი, თუმცა, როგორც ჩანს, თავიდან ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო. პირველი სართული ყრუა, დანარჩენს სართულებზე გაჭრილია ვიწრო სარკმლები. სართულშორისი გადახურვა ხის კოჭოვანი ყოფილა. ციხის აღმოსავლეთის კონტრფორსზე მოგვიანებით მეორე კონტრფორსი მიუშენებიათ, შიგნიდან კი კედელი დამატებით სწორი კედლით გაუმაგრებიათ. ციხე-სახლი ნაგებია კლდის ნატეხი ქვით კირის დუღაბზე.

კვირიას ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენებით. დარბაზი ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც დარბაზისგან ვიწრო მხრებითაა გამოყოფილი. კონქი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აფსიდში გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს მაღალი, ღრმა, თაღოვანი ნიშებია განლაგებული. აფსიდის კედელს ჩამოსაჯდომი საფეხური შემოუყვება. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. დარბაზის კედლები დაუნაწევრებელია, კამარა პირდაპირ კედლებს ეყრდნობოდა. დარბაზს საფეხური შემოსდევს. ინტერირი შელესილი ყოფილა. თავიდან ტაძარს მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა – სამხრეთიდან, რომელიც გარედან თაღოვანი ყოფილა, შიგნიდან კი არქიტრავული. მოგვიანებით მეორე შესასვლელი დასავლეთის კედელში გაუჭრიათ და დასავლეთითა და სამხრეთით ეკლესიისთვის დიდი თაღებით გახსნილი კარიბჭეები მიუშენებიათ. თაღები შირიმითაა გადაყვანილი. თაღთასაბჯენი კაპიტელებიც შირიმისაა და პროფილირებულია ორი ჰორიზონტალური ლილვით. უფრო გვიან ტაძრის სამხრეთის შესასვლელი და კარიბჭეების თაღები ამოუშენებიათ და დახურულ სათავსებად უქცევიათ. სამხრეთის კარიბჭეს აღმოსავლეთით ცრუ აფსიდი აქვს, რომელშიც ვიწრო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესია აღმოსავლეთიდა და სამხრეთის სარკმლებით ნათდებოდა, სამხრეთის სარკმელი მინაშენის არეშია მოყოლილი და განათების წყაროს აღარ წარმოადგენს. ფასადები სადაა და წრეთარგის მოხაზულობის შირიმის ლავგარდნით სრულდება. ეკლესია ნაგებია კლდისა და შირიმის ქვით. ნაგებობა დახურულია ფიქლით, რომელზეც დუღაბით დაწყობილი იყო ბრტყელი და ღარიანი კრამიტი.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სასახლე დგას, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებულ დიდ დარბაზს წარმოადგენს, ჩრდილოეთის მხრიდან ორი მინაშენით. ნაგებობის დიდი ნაწილი მიწითაა ამოვსებული. სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში საკმაოდ ფართო თაღის თავი ჩანს, რომელიც გაწმენდას საჭიროებს. ჩრდილოეთის კედელში სარკმელია გაჭრილი. სასახლე ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე.

ციხის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, გალავნის კედელში მოქცეულია ოთხსართულიანი სწორკუთხა კოშკი. პირველი სართული ყრუა, მეორე და მესამე სართულის კედლებში კი სწორკუთხა ნიშები და საბრძოლო და სასინათლო დანიშნულების ვიწრო ღიობებია. მეოთხე სართული საბრძოლო ბანი უნდა ყოფილიყო. ნაგებობას შესასვლელი ციხის ეზოს მხრიდან აქვს, მესამე სართულის დონეზე. კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით.

მთელს კომპლექსს გალავანი შემოუყვება. იგი მშენებლობის რამდენიმე ფენას მოიცავს. გალავანი ციხე-სახლის შემდეგ არის აგებული და მშენებლობისასაა ჩართული მის კედლებში ციხე-სახლიცა და ქვედა კოშკიც.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *