ოფრეთის ციხე-სიმაგრე (ჩახლაბერდის ციხე)

ოფრეთის ციხე

ოფრეთის ციხე-სიმაგრე (ჩახლაბერდის ციხე) ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთთან ახლოს მდებარეობს, შულავრისხევის ზემო წელზე. ამჟამად იგი სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული. ძეგლი ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება, რაზეც მისი მშენებლობის ტექნიკა და ციხის ეკლესიის ნალისებრი აფსიდი მეტყველებს. ოფრეთის ციხე-სიმაგრე (ჩახლაბერდის ციხე) სტრატეგიულად მომგებიან ადგილას მდებარეობს, ოთხი ხეობის გზასაყარზე. აქ იკრიბება წოფის, შულავრის, ტალავრის და მანხუტის ხევებიდან ამოსული გზები, მათ ფოლადაურის ხეობაში მიმავალი გზაც უერთდება, რომელიც ტაშირში გარდამავალი “მგლის კარის” უღელტეხილისკენ მიემართება. ოფრეთის ციხეს ისტორიულ წყაროებში პირველად X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი იხსენიებს, იგი მიიჩნევს, რომ აქ ჰყავდა დატყვევებული ვარსქენ პიტიხშს შუშანიკი. ვარდან დიდის ცნობით, 978 წელს, ქვემო ქართლის ოლქები და ციხეები, მათ შორის ოფრეთის ციხე-სიმაგრე, გურგენ კვირიკიანს მიუღია მემკვიდრეობით. იგი კვირიკიანების ხელშია XI საუკუნეშიც. XI საუკუნის ამბებთან დაკავშირებით ოფრეთის ციხეს იხსენიებს “მატიანე ქართლისა”. ამ დროს ციხე ეჭირა კვირიკე II-ის ძმას, სუმბატს. ბაგრატ IV-ს ორივე ძმა შეუპყრია, გათავისუფლების საფასურად ძმებს სხვა ციხეებთან ერთად ოფრეთიც შეუთავაზებიათ, თუმცა ბაგრატს მხოლოდ სამშვილდე მოუთხოვია და სხვა ციხეები კვლავ კვირიკიანების ხელში დარჩენილა: “აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმა კვირიკესი: ოფრეთს და კობას და ვარზაქარსა”… ქართველთა მეფემ “მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი… სამშვილდე ოდენ იურვა სახელად თვისად, და ეგრევე მონებდეს სომეხნი”. XI საუკუნის შემდეგ ის წყაროებში უკვე აღარ იხსენიება. 1185 წელს თამარ მეფემ სარგის მხარგრძელს ამირსპასალარობასთან ერთად ლორეც უბოძა, როგორც ჩანს, მის მფლობელობაში აღმოჩნდა შულავრისხევის ზემო წელიც. განვითარებულ შუა საუკუნეებში ოფრეთის ციხეს თავისი მნიშვნელობა დაუკარგავს, ამაზე მიუთითებს, ის ფაქტიც, რომ ციხეს არ ემჩნევა შემდგომი პერიოდების შეკეთების კვალი. 

 

არქიტექტურა

ოფრეთის ციხე-სიმაგრე (ჩახლაბერდის ციხე) საკმაოდ მასშტაბური სასიმაგრო ნაგებობაა, იგი მოიცავს: გალავანს, შიდა ციხეს, ციხის ეკლესიასა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. სასიმაგრო კომპლექსი გეგმარებითა და მშენებლობის ტექნიკით წოფის ციხეს მიემსგავსება. გალავანი მთის შემაღლების საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას ფარგლავს, მის კედლებში მრგვალი კოშკებია ჩართული. შიდა ციხე ყველაზე მაღალ ადგილასაა აგებული. კოშკები ციტადელსაც აქვს დატანებული. შიდა ციხის ტერიტორიაზეა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. ციხე ნაგებია საშუალო ზომის კვადრების თარაწული წყობით კირხსნარზე, ე.წ. უჯარმული წყობით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *