ასურეთი (ელიზაბეტთალი)

ასურეთი (ელიზაბეტთალი) ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760-800 მეტრზე. იგი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში მტრის შემოსევების შედეგად გაუკაცრიელდა, XIX საუკუნის 20-იან წლებში კი ცარისტულმა რუსეთმა აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლა და გერმანული კოლონია – ელიზაბეტთალი შექმნა. ელიზაბეტთალი სოფელს XX საუკუნის 10-იან წლებამდე ერქვა, შემდეგ ძირძველი სახელწოდება – ასურეთი დაუბრუნდა. აქ ჩამოსახლებულ გერმანელებს მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთები ეძლეოდათ სამუდამო მემკვიდრეობით მფლობელობაში თუმცა – არა პირად საკუთრებაში. მათ უნდა სცოდნოდათ მიწის დამუშავება, მევენახეობა ან რაიმე ტიპის ხელობა. მათ ჰქონდათ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება და ასევე გათავისუფლებული იყვნენ სამხედრო გადასახადისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას აქ მცხოვრები გერმანელებიც უარყოფითად შეხვდნენ, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ელიზაბეტთალში საუკუნეზე დიდხანს ცხოვრების შემდეგ, 1941 წელს, ისინი შუა აზიაში გადაასახლეს, სოფელში კი რაჭველები ჩამოასახლეს და მხოლოდ ის გერმანელები დატოვეს, რომლებიც ქართველებზე იყვნენ დაქორწინებული. ასურეთში შემორჩენილია თეთრი ქვითა და ცემენტით, ლურსმნის გარეშე ნაგები გერმანული სახლები, გოთიკური სტილის ლუთრენული ეკლესია, დიდი მარანი და გერმანელთა სასაფლაო. ელიზაბეტთალის სახასიათო არქიტექტურა მრავალ დამთვალიერებელს იზიდავს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *