გუდარეხის კოშკი

გუდარეხის კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდარეხში მდებარეობს, გუდარეხის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება და დასმულია კლდის ქანზე. როგორც ჩანს, გუდარეხის კოშკი ალგეთის სისტემის სასიგნალო-სათვალთვალო კოშკების სისტემაში შედიოდა (ბირთვისი, ტბისი, ფარცხისი და სხვა). ვიზუალურად იგი ალგეთის ხეობის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ ტბისის სამონასტრო კომპლექსთანაა დაკავშირებული. კოშკის დასავლეთ კედელს, ძირიდან კოშკის შუა სიმაღლემდე, მოგვიანებით მიშენებული კონტრფორსი ამოუყვება. შენობის ჩრდილოეთ მახრეს, მეორე სართულზე, გაჭრილია ტრაპეციის ფორმის კარი. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედლების სისქეში მოწყობილი კიბეებით. პირველი სართული ყრუა, შემდეგ სართულებზე კი სათოფურები გვხვდება. მეხუთე სართულზე მოწყობილია მაშიკულები და გაჭრილია კარი, რომელიც ხის აივანზე გადის. კოშკის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *