პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში მდებარეობს. ძეგლი თარიღდება X საუკუნით, ჩანს სხვადასხვა დროის შეკეთებათა კვალი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენის ნაშთები, პირველი ფენა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება, მეორე ფენა — XV-XVI საუკუნეებით. საქართველოს კულტურის Read more

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ქსანთან ახლოს. ძეგლი, სამშენებლო წყობისა და არქიტექტურული ფორმების მიხედვით, გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაუმუშავებელი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან კი — მცირედ შეისრული, კვერცხისებრი ფორმის თაღით. არქიტრავადაც დაუმუშავებელი ქვაა Read more

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მდებარეობს. არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს ციხე-გალავანს, სასახლეს, წმ. გიორგის ეკლესიას, მარანსა და სხვა სამეურნეო ნაგებობებს. ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება. მისი მშენებლობის შესახებ ცნობები არ შემონახულა, თუმცა, სავარაუდოდ, ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ უნდა იყოს აგებული. სასახლე XIX საუკუნის I ნახევარში აუგია Read more

ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები)

ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები)

ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები)

ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს. ყველაზე ადრეული წერილობითი ცნობა ვანის ქვაბების შესახებ კომპლექსის მთავარი ტაძრის XII საუკუნის წარწერამ შემოგვინახა, რომლის მიხედვითაც თამარის მეფობის ხანაში ვანი გურგენისძეთა საგვარეულო მონასტერია: „ესე არს სამკ(ჳ)დრ(ე)ბ(ე)ლი ჩ(უე)ნ გ(უ)რგ(ე)ნ(ა)თი მე იჩქითმ(ა)ნ აღვ(ა)შ(ე)ნე შ(ეგვინდვ)ნ(ე)ს ღ(მერთმა)ნ“. ძეგლის შესახებ უფრო ადრეული ცნობა არ მოიპოვება, თუმცა სტილისტურ ნიშნებზე დაყრდნობით, მონასტრის უძველესი ქვაბთა ჯგუფი არაუგვიანეს VIII საუკუნით თარიღდება. ნ. ბახტაძეს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ კომპლექსი წინარექრისტიანულ ფენებსაც შეიცავს და მასში ჩართულია მოგვიანებით გადაკეთებული წარმართული ქვაბოვანი ტაძარი. IX–XI საუკუნეებში კომპლექსი გაფართოებულა, ამ პერიოდში გამოიკვეთა ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები და წმ. გიორგის ეკლესია ანსამბლის ცენტრში. 1089 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ვანის ქვაბები მნიშვნელოვნად დააზიანა. XII საუკუნეში, 1191 წლამდე, ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საკუთრებაა. 1186-1191 წლებში იჩქით გურგენისძემ მონასტერი განაახლა და მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. 1191-1204 წლებში ვანი სამეფო მონასტერია. 1204 წელს მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა კომპლექსის ზღუდე აღადგინა, რის შესახებაც შემორჩენილი წარწერითაა ცნობილი: „ქ(რისტ)ე, [ად(იდ)ე ორ]თავე შ(ინ)ა ს(უ)[ფ(ე)ვ(ა)თა მ](ე)ფეთა [მ(ე)ფე დ]ა დ(ე)დ(ო)[ფ](ა)ლი თ(ა)მ(ა)რ. წე[ლსა] მ(ე)ფ(ო)ბისა მ(ა)თსა კ ანტ(ო)ნ [ჭ](ყონდიდელი)სა მ(იე)რ აღ(ე)შენა ზღ(უ)დე ესე. შ(ეიწ)[ყ(ა)ლ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ], ა(მე)ნ“. 1204-1283 წლებში მონასტერი თმოგველთა საგვარეულოს ხელშია. მათი აგებულია წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1204-1234 წლებში ერისთავთერისთავ მხარგრძელს მონასტრისთვის ახალი ტიპიკონი შეუდგენია – „ვაჰანის ქვაბთა განგება“. წესდებას აქვს სხვადასხვა პერიოდის მინაწერები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ. მინაწერებში, XIV საუკუნის II ნახევრიდან მონასტრის მფლობელებად იხსენიებიან ღარიბასძენი და რჩეულაშვილები. ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები) 1283 წელს კიდევ ერთხელ დაანგრია მიწისძვრამ. XIV-XVI საუკუნეებში მონასტერში ცხოვრება კვლავ აღდგა, ამ პერიოდისაა მცირე გუმბათოვანი ტაძრის მრავალი წარწერა. ვანის ქვაბები XIV საუკუნემდე მამათა მონასტერი ყოფილა, XIV საუკუნის მიწურულიდან კი, როგორც ჩანს, აქ დედათა მოღვაწეობისთვისაც უნდა ყოფილიყო განყოფილება. 1551 წლიდან, შაჰ-თამაზის ლაშქრობის შემდეგ, მონასტერი საბოლოოდ დაიცალა და გაუკაცრიელდა. 

 

ძეგლის აღწერა

ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები) კლდეში ნაკვეთი კომპლექსია, რომელიც 16 იარუსადაა განლაგებული და 200-მდე ქვაბს მოიცავს. ძეგლი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს XV-XVI საუკუნეების მრავალი წარწერით, რომელთა შორის გვხვდება ხალხური პოეზიის ნიმუშები და XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე შესრულებული ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი, რომელიც პოემის დღეისათვის შემორჩენილ უადრეს ხელნაწერ ნიმუშად მიიჩნევა. კომპლექსის ერთ-ერთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების ანსამბლი ამჟამად მოიცავს გუმბათოვან და დარბაზულ ეკლესიებს, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ქვაბს, საძვალეებს, გვირაბებს, წყალსადენს, წყალსაცავის ნაშთს და ქვითკირის ზღუდეს. ზღუდის მისადგომებს ტერასაზე მდგარი ოვალური კოშკი იცავდა. ქვითკირის ზღუდით გამაგრებული, ტერასულად განლაგებული სენაკები მონასტრის წინ შიდა ეზოს ქმნის. ვანის ქვაბების კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო ნაგებობა კლდეში ნაკვეთი საწნახლით და წყალსადენი ტერასით, ქვითკირის სახლები და სხვა. კომპლექსის ცენტრში საკმაოდ დიდი ზომის გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს, რომელსაც ქვითკირის კარიბჭე და ორსართულიანი ეკვდერი ეკვრის. კარიბჭის ქვეშ საძვალეა. ანსამბლის ზედა ნაწილში ქვითკირის მცირე გუმბათოვანი ტაძარია. ცენტრალური ტაძრის  ჩრდილოეთით, კომპლექსის ქვედა მონაკვეთში, ნახევრადქვაბოვანი დარბაზული ეკლესია გვხვდება. კლდეში ნაკვეთი, მოხატული ეკლესია, ქვედა ნაწილში მდებარეობს. ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე სამ სართულად ქვაბსამარხი და ქვის სახლებია განლაგებული. სამონაზვნო სენაკებს შორის გვხვდება უფრო გვიანდელი საცხოვრებელი,  სამეურნეო და დამხმარე სათავსები. 

ცენტრალური წმ. გიორგის სახელობის ტაძარი კლდეში ნაკვეთ გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. იგი ძალიან დაზიანებულია, ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოქცეულია. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. კლდეში გამოკვეთილი გუმბათი უსარკმლოა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე ქვითაა მოპირკეთებული და პროფილირებული კაპიტელით სრულდება, რაც კედელთან შერწყმული სვეტის ეფექტს ქმნის. ტაძარში შემორჩენილია ტრაპეზის ქვა და კანკელის ქვის საფუძველი. ეკლესიის თლილი ქვით ნაგები დასავლეთ კედელი მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაძარს ორიარუსიანი ეკვდერი ეკვრის, პირველ იარუსზე საკურთხეველია მოწყობილი. ეკლესიას დასავლეთიდან ჩუქურთმებით შემკული სამრეკლო – კარიბჭე ჰქონდა მიშენებული. ტაძრის შესასვლელში გამოვლინდა ბალავრის ქვა ასომთავრული წარწერით: „იესო ქრისტე ადიდე ორთავე შინა სუფევათა მეფეთა მეფე და დედოფალი თამარ, რომლისა ზე მე იჩქითმან გურგენისძემან აღვაშენე კედელი ესე და დავასვენენ ხატნი მაცხოვრისაი, ღვთისმშობლისაი, ნათლისმცემლისაი და ჯუარი წმიდისა სვიმეონისი, ვინცა ილოცვიდეთ მეცა მომიხსენეთ“. წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძარი თამარის მეფობის ხანაში იჩქით გურგენისძეს აღუდგენია. ამავე ტაძარშია აღმოჩენილი იჩქით გურგენისძის მეორე წარწერაც, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამ დროისთვის ვანის ქვაბები გურგენისძეთა საგვარეულო მონასტერი ყოფილა. 

გუმბათოვანი მცირე ეკლესია კომპლექსის ზედა ნაწილში მდებარეობს. ტაძრის გეგმაში მცირედითაა გამოვლენილი ჯვრულობა. საკურთხევლის აფსიდია კვერცხისებრი მოხაზულობის კონქითაა გადახურული. აფსიდი და დარბაზი დაახლოებით ერთი ზომისაა, ამიტომაც გუმბათი ნაგებობის დასავლეთ ნახევარზეა განლაგებული, რაც სახასიათო არ არის ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრებისთვის. ტაძარი ნაგებია ქვითა და აგურით კირის დუღაბზე. ინტერიერიცა და ექსტერიერიც შელესილია. სამხრეთითსა და ჩრდილოეთის კედლებში თითო თაღოვანი კარია გაჭრილი. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელია, მის თავზე კი ასევე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. გუმბათი წრიულია და ექვსსარკმლიანი. ინტერიერში მელნით შესრულებული მრავალი ნახატი და წარწერა გვხვდება, რომელთა შორის პოეზიის ნიმუშებიც არის. 

მოხატული ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. დღეისათვის ტაძრის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია. ინტერიერი შელესილი და ნაწილობრივ მოხატული ყოფილა. საკურთხევლის აფსიდში, ტრაპეზის ზევით ბარძიმისა და ანგელოზთა გამოსახულებებია ფრაგმენტულად შემონახული. ეკლესიაში ყოფილა ასევე წმ. მესვეტეების – სვიმეონ უფროსისა და სვიმეონ უმცროსის გამოსახულებები. წმ. სვიმეონ უმცროსის ფრესკას ახლავს წარწერა: „წმიდაჲ სჳმიონ“. ეკლესიის მოხატულობა XIII საუკუნით თარიღდება.

ნახევრადქვაბოვანი დარბაზული ეკლესია სანახევროდ კლდეშია გამოკვეთილი და სივრცეში მხოლოდ დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებით გამოდის. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის საკურთხეველის აფსიდით სრულდება. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი. დარბაზი შებრტყელებული კამარითაა გადახურული. ინტერიერი ერთი ვიწრო და მაღალი სარკმლით ნათდება. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი დიდი ზომის კვადრებით. ფასადები სრულიად სადაა და თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. ტაძარი მცირე ზომისაა, თუმცა დიდი ზომის საპერანგე ქვები, დამჯდარი პროპორციები და მასიური ლავგარდანი მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ქმნის და კომპლექსის მთლიანობაში მკაფიო აქცენტს აკეთებს.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში: