გუდარეხის მონასტერი

გუდარეხის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი XIII საუკუნით თარიღდება. იგი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. კომლექსი მოიცავს: მთავარ ტაძარს, სამრეკლოს, საჟამნოს, ჯვრიან შენობას, ჩუქურთმიან შენობას, გალავანს, ჭიშკარს, სასახლეს, საჯინიბოს, მარანს, სენაკებსა და სხვა დანიშნულების ნაგებობეს, პილასტრებიან შენობას, კლდეში გამოკვეთილ ნაგებობებსა და შალვას ეკლესიას. გუდარეხის მონასტრის ერთგვარი სავიზიტო ბარათი მისი სამრეკლოა, რომელიც საქართველოში ყველაზე ძველ დათარიღებულ სამრეკლოს წარმოადგენს და წარწერის თანახმად, 1278 წელს არის აგებული. სამონასტრო ანსამბლის მთავარი ტაძარი გამოირჩევა მაღალი ოსტატობით შემკული ჩუქურთმებით. მას ასევე მხატვრულობას მატებს ორფერი ქვით ნაწყობი პერანგი. განსაკუთრებით გამორჩეულია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი, რომელიც გუმბათოვანი ტაძრებისთვის დამახასიათებელი სამთავისისეული დეკორითაა შემკული. გუდარეხის ტაძრის კედლები, წინა პერიოდის ძეგლებთან შედარებით, უფრო ნაკლებადაა დანაწევრებული, ამ პერიოდიდან თანდათან იზრდება დიდი გლუვი ზედაპირების მნიშვნელობა. მონასტრის ერთ-ერთი განსაკუთრებულად ღირსშესანიშნავი ნაგებობაა გალავანი, რომელიც ცხოველხატული წყობითა და ულამაზესი ბურჯებით გამოირჩევა. ზღუდის გარეთ გამოვლენილია შუასაუკუნეების ნასოფლარი. არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ გუდარეხს ჰქონია საკუთარი კერამიკული წარმოება. ასევე აქ ნაპოვნი 18 ქართული და 1 მონღოლური მონეტა XIII საუკუნეში გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე მიუთითებს. გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია და უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე დახვეწილობითა და მასშტაბურობით.

 

არქიტექტურა

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი მთავარ ტაძარს, სამრეკლოს, საჟამნოს, ჯვრიან შენობას, ჩუქურთმიან შენობას, გალავანს, ჭიშკარს, სასახლეს, საჯინიბოს, მარანს, სენაკებსა და სხვა დანიშნულების ნაგებობეს, პილასტრებიან შენობას, კლდეში გამოკვეთილ ნაგებობებსა და შალვას ეკლესიას მოიცავს. მთავარი ტაძარი დარბაზულ ნაგებობას. ჩრდილოეთიდან მოგვიანებით ეკვდერი მიუშენებიათ. მინაშენი სამხრეთიდანაც ყოფილა, რომელიც ამჟამად საძირკვლის დონეზე იკითხება. ნაგებობა აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესიის ცილინდრული კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. ნაგებობას ერთი სწორკუთხა შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. კარის ღიობს ჩუქურთმიანი მოჩარჩოება და თაღოვანი სათაური აქვს. ტიმპანის არე სადაა. შესასვლელის აღმოსავლეთით განთავსებულია ტაძრის მთავარი წარწერა: “ავაშენე ესე ეკლესია ხელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორისძისათა. სალოცველად და სადიდებლად დედოფალთ დედოფლისათვის, რუსუდან დედოფლის და შვილთა მისთა დღეგრძელობისა და ჩემისა სულისათვის ესე წმიდაი ეკლესია მე გლახაკმან ანტონი მანგლელმან ვაკურთხე უფასოდ სალოცველად სულისა ჩემისა”. ეკვდერის წყობაში ალაგ-ალაგ ჩართულია თავად ტაძარზე უფრო ადრეული ნაგებობის ქვები. მის ჩრდილოეთ კედელში ორი წარწერიანი ქვაა დატანებული, რომლებიც პალეოგრაფიულად X-XI საუკუნეებზე მიგვითითებს. ერთ ქვაზე ამოტვიფრულია: “ქრისტე შეიწყალე გიორგი”, მეორეზე კი – “ქრისტე შეიწყალე ადამ”. სამხრეთის მინაშენი აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, ის თურმე ტაძრის მთავარ წარწერას ფარავდა, ამიტომას ექვთიმეს მოუნგრევია. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ორი ფერის კვადრებით. ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. გამორჩეულია აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც სამთავისისეული კომპოზიციითაა შემკული – ორი სამკუთხა ნიში, ცენტრალურ ღერძზე განლაგებული დიდი, მოჩუქურთმებული საფასადო ჯვარი, სარკმელი და სარკმლის ქვემოთ გვერდიგვერდ განლაგებული მოჩუქურთმებული კვადრატები. ეს მორთულობა გუმბათოვანი ტაძრებისთვისაა დამახასიათებელი. გუდარეხში ამ კომპოზიციის ტრადიციული ვარიანტისგან განსხვავებით არ გვხვდება დეკორატიული თაღები.  ეკლესიაში შემორჩენილი იყო ძველი მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. ამჟამად ფრესკები უკეთაა შემორჩენილი საკურთხეველსა და სამხრეთის კედელზე. აქ გვხვდება მთავარანგელოზებისა, წმინდა გიორგის, დიმიტრისა და თევდორეს გამოსახულებები.

სამრეკლო გუდარეხის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაგებობაა, იგი უძველესი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. ნაგებობის პირველი სართული ღიაა და კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს, მაღლა რვამალიანი სამრეკლო-ფანჩატულია, მათ შორის კი სადგომი. სამრეკლო ტაძრის მსგავსად ორი ფერის ქვითაა ნაგები. ფანჩატურის ღიობებს პილასტრებზე გადაყვანილი ლილვოვანი თაღები ევლება. პილასტრებს მოჩუქურთმებული ბაზისები და კაპიტელები აქვს. ნაგებობის პირველი იარუსის ღიობების თავზე განთავსებულია აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებები. სამრეკლოს აღმოსავლეთ ფასადზე დატანებული წარწერის თანახმად იგი 1278 წელსაა აგებული: “ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ მეფე დიმიტრი. მე წინათ მეფობისა მათისა, უღირსი მღვდელი და ჯუარის მტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღმშენებლად სამრეკლოთა ამათ, სადიდებლად მეფობისა მათისა და სალოცავად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა… შეიწირენ ღმერთმან და ყოვლად წმინდამან მშობელმან მისმან, ამინ. ქორონიკონსა (1278)”…

გუდარეხის კომპლექსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნაგებობა გალავანია, რომელიც გარს ერტყმის მონასტერს. მისი პერიმეტრი დაახლოებით 400 მეტრს შეადგენს. ზღუდის კედელი თლილი ქვის პერანგითაა შემოსილი, ქვა უმეტეს წილად დიდი ზომისაა, თუმცა გამოყენებულია საშუალო ზომის და წვრილი ქვაც (უმეტესად ხშირად შენაკეთებ ადგილებში). დუღაბის მოსამზადებლად მიწიანი ქვიშა უხმარიათ, ამის გამო ის ადვილად ფხვნადია, ამიტომ კედლის პერანგის კილოებში ქვითკირი მთლიანად გამოფიტულა და წყობა, ერთი შეხედვით, ყორული ჩანს. კვადრები ენაცვლება არაწესიერად გამოთლილ ქვებს, რომლებიც შესანიშნავადაა ერთმანეთზე მორგებული. ასეთი წყობა ცხოველსახულ იერს ანიჭებს ნაგებობას. გალავნის გარედან, ერთმანეთისგან საშუალოდ 8,0 მეტრის დაშორებით, ჩარიგებულია ორწახნაგა, ნახევარწრიული და სამწახნაგა ძალიან ლამაზი ბურჯები. ბურჯების ქვები საგანგებოდაა დამუშავებული, სპეციალურადაა გათლილი. ბურჯებს შორის, კედელში დატოვებულია თითო ვიწრო და მაღალი ოთხკუთხა ხვრელი. ეს ღიობები, სავარაუდოდ, საბრძოლველად იყო განკუთვნილი, შიგა მხრიდან გალავანზე მიშენებული ნაგებობებისთვის კი სარკმლის როლსაც ასრულებდა. ზღუდეს მიშენებული ერთ-ერთი დიდი ზომის ნაგებობა საჯინიბოა. გალავანს ორი შესასვლელი ჰქონია, მთავარი ჭიშკარი (დიდნი კარნი) ზღუდეს ჩრდილოეთიდან უნდა ჰქონოდა. 

ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით არის ჭიშკარი (ცოტანი კარნი), რომლის სიგანე 2,75 მეტრს შეადგენს. იგი თაღით ყოფილა გადახურული, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. თაღი სავარაუდოდ ორმაგი იყო: წინ ლილვაკიანი, უკან სადა. ეს ხსნის კარის სვეტისთავების დიდ სიგანეს, რადგან მათ ორივე თაღი უნდა დაეჭირათ. 

მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს XII საუკუნის სასახლე. იგი, როგორც ძველი ქართული საერო ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ნაგებობას წარმოადგენს გუდარეხში. სასახლე ხელოვნურად შექმნილ ბაქანზეა აგებული, ტაძრის ქვემოთ. შენობა ძალიან დაზიანებულია. მეტ-ნაკლებად შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლები. სასახლე ერთი ორსართულიანი დარბაზისაგან შედგებოდა, რომელსაც სავარაუდოდ მინაშენები ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელი ნაგლეჯი ქვითაა ნაგები და შიგნიდან კონრფორსებით იყო გამაგრებული. შენობის პერანგი სხვადასხვა ქანის მოყვითალო და ღვინისფერი დიდი და საშუალო ფილებითაა ნაწყობი. სავარაუდოდ შენობა ჩარდახიანი კამარით იყო გადახურული, რომელიც პილასტრებზე დაყრდნობილ 6 თაღს ეჭირა. სასახლის ქვედა სართულზე გამოვლინდა მარანი და ტკბილის დაგროვებისა და დაწრეტისთვის განკუთვნილი აუზი. სამხრეთ-დასავლეთიდან სასახლეზე მიდგმულია შენობა, რომელიც ორი ოთახისაგან შედგება.

სენაკი I პატარა უსწორო ოთხკუთხედ ნაგებობას წარმოადგენს, რომელზეც ჯვრიანი და ჩუქურთმიანი შენობებია მიშენებული. მის ფასადებს წნული ჩუქურთმით შემკული ლავგარდანი ასრულებს. აღმოსავლეთის კედელში სარკმელია, რომლის ძირიც ორნამენტირებულია. სენაკიდან ჩუქურთმიან შენობაში პატარა, მრგვალი სარკმლისებრი ხვრელი გადის. იმავე კედელზე ზემოდან შენახულია მთლიანად ქვის საწვიმარი ღარი.

ჯვრიანი შენობა საკულტო დანიშნულების არ არის, თუმცა მისი აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული, რის გამოც მას აღნიშნული სახელი ეწოდა. იგი ოთხკუთხა, ორსართულიანი შენობაა, რომელსაც არც აფსიდა და არც რაიმე სხვა საეკლესიო ნიშნები არ აქვს. რთული სათქმელია, რა დანიშნულება ჰქონდა ამ ნაგებობას. ის მოგვიანებით არის მიშენებული სენაკზე. ჯვრიანი შენობა ნაგებია მქისედ თლილი არეული ქვებით.

ჩუქურთმიანი შენობა პატარა, უსწორო, ოთხკუთხა სადგომს წარმოადგენს. მისი კედელი შემოსილია ლამაზი, კარგად გათლილი ღვინისფერი ფილებით. შენობის კარი გარედან მოჩუქურთმებული ჩარჩოთია შემკული. შესასვლელის სამხრეთით პატარა, ვიწრო მოჩუქურთმებული სარკმელია გამოჭრილი მთლიან ქვაში. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ნიადაგის ზედაპირის დონეზე, ნაცხვირიანი ქვაა ჩართული: შესაძლებელია, ეს ნაცხვირი ცხენის დასაბმელად ყოფილიყო განკუთვნილი.

ზღუდის გარეთ პატარა ერთნავიანი ტაძარი – საჟამნო დგას. ნაგებობა დარბაზულია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. კედლები მოპირკეთებულია ლეგა-მოყვითალო ქვიშაქვითა და მოყავისფრო-ღვინისფერი ფილებით. ფასადებს მოჩუქურთმებული ლავგარდანი ასრულებს. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი განსაკუთრებით უხვადაა დეკორირებული. როგორც ჩანს, ეკლესიის ინტერიერი მოხატული ყოფილა. 

 

 

იხილეთ დარბახული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *