კურტანიძეულის წმინდა მარინეს კომპლექსი

კურტანიძეულის წმინდა მარინეს კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალაში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეების ძეგლია და მოიცავს: წმ. მარინეს ეკლესიას, კოშკს, გალავანსა და ორ სასახლეს. ტაძარს, გალავანსა და კოშკს 1980 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. წმინდა მარინეს ეკლესია საკმაოდ მაღალი პროპორციითა და დახვეწილობით ხასიათდება. ელეგანტურადაა გადაწყვეტილი მისი შიგა სივრცეც. მინიმალიზმი და გაფანტული განათება ზრდის სივრცის შეგრძნებას, რაც საკმაოდ მასშტაბურ იერს ანიჭებს მას. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი, ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. დარბაზის გრძივი კედლები თითო წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, პილასტრებო რთული პროფილირებული კაპიტელებით სრულდება, საიდანაც ორსაფეხურიანი კამარის საბჯენი თაღი გადადის. პილასტრებს შორის შეკიდული თაღედია, რომლებიც პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. ტაძრის ყველა კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, თაღოვანი ნიშია. იმავე სარკმლის თავზე ორი მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია, რომლებიც გარედან ჭვირული ჯვრის გამოსახულებითა იყო გაფორმებული (ერთის გაფორმება ჩამოტეხილია). ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთითა და ჩრდილოეთით, ორივე მათგანი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. აღმოსავლეთის სარკმელი ოთხმაგი ლილვითაა მოჩარჩოებული, შიდა ორი ლილვი გეომეტრიული ორნამენტითაა გაფორმებული. გარეთა ორი ლილვით ჯვრის ღერძია აღმართული, რომელიც შუაში ჯვარედინდება და ორნამენტით იმკობა. ჯვრის ღერძის ორივე მხარეს ჭვირული ჯვარია ჩასმული, რომლებიც ტაძრის მცირე სარკმლების მორთულობას წარმოადგენენ. იმავე ფასადზე გვხვდება ასომთავრული წარწერა: ,,წმინდაო მარინე მეოხ ეყავ კახეთსა“. სარკმლის ფუძესთან ორი კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრის რელიეფია, სარკმლის გარშემო კი – რელიეფური დისკოები. დასავლეთის კარი ოთხმაგი ლილვითაა მოჩარჩოებული, რომლის ზედა ორი ლილვი მაღლა გრძელდება და სარკმლის მოჩარჩოებას უერთდება. სარკმლის მოჩარჩოების თაღზე ორ ხვიარას შორის მოქცეული ჯვრის რელიეფია. ლილვებითაა მოჩარჩოებული ჩრდილოეთის შესასვლელიც, რომელიც ამ ლილვებითვე შედგენილი ჯვრის გამოსახულებით სრულდება. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავს ეკვრის ორნამენტითა და ლილვებით შემკული სარკმელი. ორნამენტულია სამხრეთის სარკმლის მოჩარჩოებაც და მის გარშემო განლაგებულია მცირე ზომის რელიეფები. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს, რომელიც ნაწილობრივ მოჩუქურთმებულია. ეკლესია ნაგებია შირიმის კარგად თლილი კვადრებით.

გალავანი არაწესიერი ფორმისაა. იგი ნატეხი და რიყის ქვითაა ნაგები. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში სათოფური აქვს გაკეთებული. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. გალავანში ჩართულია სწორკუთხა, ზევითკენ შევიწროვებული კოშკი, რომელიც ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შემორჩენილია ნაგებობის ორი სართული. შესასვლელი გაჭრილია პირველი სართულის დონეზე, ჩრდილოეთ კედელში, მიწიდან 4,3 მეტრის სიმაღლეზე. იგი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი – სწორკუთხა. პირველი სართულის დასავლეთ კედელში ორი სარკმელ-სათოფური გვხვდება. პირველი სართული ცენტრში მდგარ ოთხკუთხა ბურჯზე დაყრდნობილი თაღით იყო გადახურული. ასეთივე ბურჯის კვალია შემორჩენილი მეორე სართულზეც. ამ სართულზე ჩრდილოეთის კედელში სარკმელია გაჭრილი.

გალავნის აღმოსავლეთით 50 მეტრში ორი სასახლის ნაშთია, რომლებსაც გალავანი ჰქონდათ შემოვლებული (იკითხება კვალი). ორივე ნაგებობა ნაშენია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. ორივე მათგანი ორსართულიანი ყოფილა. დასავლეთით მდგარი სასახლის დიდ დარბაზს პირველ სართულზე აღმოსავლეთის მხრიდან აქვს შესასვლელი. კარი თაღოვანია და აგურითაა გამოყვანილი. პირველი სართული უსარკმლოა, მეორე სართული კი მაღალი, განიერი სარკმლებით ყოფილა განათებული. სართულშორისი გადახურვა ხის ძელებისა ყოფილა. აღმოსავლეთით მდგარი შენობა სამი დარბაზისგან შედგება და გადაკეთება-გაფართოვების კვალი ეტყობა. ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია. პირველი სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა მცირე ნიშია. მეორე სართული თითქმის სრულიად განადგურებულია. სოფლის მიმდებარედ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. გიორგის გუმბათიანი ეკლესია და ქაჩალაურის ციხე-კომპლექსი.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *