დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კლდეისში მდებარე ტაძარია, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. იგი დარბაზული ნაგებობაა, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. ეკლესია ძალიან დაზიანებული სახითაა მოღწეული, მთავარი დარბაზის კამარა და კედლების სარკმლებამდე ნაწილი ჩამონგრეულია, დაზიანებულია მინაშენებიც. ძეგლს ამჟამად უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამხრეთის მინაშენი აბსიდიანი სათავსია. მის სამხრეთ კედელში დატანებულია კარი, რომელიც ეკლესიის მთავარ კორპუსს უკავშირდება. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია. ტაძრის მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც სწორკუთხედშია ჩაწერილი. ნაგებობას ორი თაღოვანი სარკმელი ჰქონია. ორივე მათგანი ჩუქურთმებითა და შეწყვილებული გრეხილი ლილვებითაა მორთული. გრძივ კედლებს მთელ სიგრძეზე გაყოლებული აქვს ხარისხი. ეკლესიის კამარის საბჯენი თაღები მძლავრ პილასტრებს ეყრდნობოდა. ტაძარს ერთი სწორკუთხა შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. შესასვლელის ტიმპანზე ასომთავრული წარწერები და განედლებული ჯვრის, ვაზისა და გეომეტრიული ორნამენტების რელიეფური გამოსახულებებია. ნაგებობის ძირითადი დარბაზი ნაგებია კარგად თლილი კვადრებით, მინაშენები კი უფრო უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ფორმის ქვებით. ეკლესიის ეზოში გვხვდება ორნამენტირებული და წარწერიანი ქვები, ასევე შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი რელიეფური საფლავის ქვები. სოფლის მიმდებარედ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ V-VII საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია, პატარა კლდეისის საყინულე და ციკლოპური წყობის ნამოსახლარი.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *