ქვეშის ციხე

ქვეშის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის მახლობლად მდებარეობს. იგი განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება, თუმცა ქვეშში ციხე-სიმაგრის არსებობა უფრო ადრეული პერიოდებიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო VII ს-ის “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი. XII ს. ბოლოს თამარ მეფემ ქვეშის ციხე და ქვემო ქართლის კიდევ ორი სიმაგრე – ორბეთი და კაენი, საქართველოს მსახურთუხუცესს – ვარდან დადიანს და მის შვილს გადასცა. მათ მალევე დაკარგეს ეს სიმაგრეები მეფის წინააღმდეგ აჯანყების გამო. ამის შემდეგ ქვეშის ციხეს გარკვეული პერიოდი თორელთა საგვარეულო ფლობდა, მოგვიანებით კი ბარათაშვილები. ქვეში თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას ინარჩუნებდა XV-XVI საუკუნეებშიც, რასაც აქ გამავალი სავაჭრო გზებიც უწყობდა ხელს. XVI საუკუნის მეორე ნახევარში იგი იყო ქართლის მეფის ძირითადი რეზიდენცია, ვიდრე სვიმონ I ირანელებმა არ დაატყვევეს. საუკუნის ბოლოს ციხეს სვიმონ მეფის ერთგული საჩინო ორბელიანი ფლობდა, რომელმაც მეფის მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი კლდიდან გადაჩეხა. XVII-XVIII საუკუნეებში ქვეშის ციხე საორბელიანოს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე გახლდათ. მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ მხოლოდ ქართველებით ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნის ბოლოსთვის ქვემო ქართლი აოხრდა და  ქვეშის ციხეც დაცარიელდა.

 

არქიტექტურა

ქვეშის ციხე კლდის ქიმზეა აგებული და მისი გეგმა რელიეფს მიუყვება. იგი ნაშენია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. ციხეს ერთადერთი შესასვლელი აქვს, რომელიც კლდეში გაჭრილ გვირაბს წარმოადგენს. შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ქართული წარწერა ყოფილა ამოტვიფრული, რომელიც ამჟამად წაშლილია. ციხის გალავანში გოდოლებია მოქცეული. სიმაგრის ტერიტორიაზე შეინიშნება ნაგებობათა კვალი. ციტადელის გარეთ კლდეშივე გაჭრილია წყლის პატარა რეზერვუარები. ციხის ეზოში შემაღლებაზე დგას პატარა, დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც საკმაოდ მაღალი პროპორციებით ხასიათდება. ეკლესია ნაგებია დამუშავებული შირიმის ქვების, რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით, კირხსნარის დუღაბზე. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის თავზე ინტერიერში ჩართულია VI-VII საუკუნეების სტელები ბოლნური ჯვრებისა და მცენარეული გამოსახულებებით. როგორც ჩანს, აღნიშნული ეკლესია რამდენიმეჯერ აღუდგენიათ, დღევანდელი სახით ის XVIII საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *