ჭაპალის ციხე

ჭაპალის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასთან მდებარეობს. იგი გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზეა აგებული და XI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ჭაპალის ციხე 1664 წლის საბუთში იხსენიება, რომლის თანახმად ვახტანგ V-ს ის ელიზბარ სოლოღაშვილისთვის უბოოძებია. 1749 წელს იგი თავადმა დიმიტრი ორბელიანმა შეისყიდა. დღესდღეობით შემორჩენილია ზედაციხე და გალავნიანი ეზო სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებით. ციხის ძირში ნასოფლარი და ორი ეკლესიის ნანგრევია. ციხე-სიმაგრე გეგმით ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზეა წაგრძელებული. იგი ორი ნაწილისგან შედგება – ქვედა ციხე და ციტადელი. ქვედა ციხე გალავნითა და მასზე მიდგმული ნახევარწრიული ბურჯებით შემოზღუდულ სივრცეს წარმოადგენს. ნაგებობის სამხრეთით კუთხეებში წრიული კოშკებია ჩართული. კედლის სიმაღლე ზოგან 3 მეტრს აღწევს. ბურჯების ერთი ნაწილი პირდაპირ კლოვან ქანზეა დასმული, რაც მათ სიმყარეს კიდევ უფრო ზრდიდა. ქვედა ციხის ეზოში კლდეში გამოკვეთილი კიბეები და წყლის რეზერვუარებია. სამხრეთ-დასავლეთის კოშკთან რამდენიმე ნაწილიანი რთული შენობა მდგარა, რომელიც ამჟამად მხოლოდ კონტურის დონეზე იკითხება. ეს შენობა შესაძლოა სასახლე ყოფილიყო. ამ ნაგებობაში ჩართულია წახნაგოვანი აბანო.  წახნაგებში აბსიდებია გაკეთებული და აბსიდების ქვეშ აგურის ქვაბულებია მოწყობილი. ერთ-ერთ წახნაგში კონქისებურად დასრულებული კედელია შემორჩენილი, რომელიც მეორე წახნაგის კონქს ტრომპის საშუალებით უკავშირდებოდა. აბანოში თიხის მილები შედიოდა. ქვედა ციხის ეზოში მიწაში სანახევროდ ჩამჯდარი, ქვით ნაშენი სწორკუთხა, თაღოვანი ნაგებობა გამოვლინდა, რომელიც წყლის რეზერვუარადაა მიჩნეული. ამ ნაგებობის შეისრული კამარა აგურითაა გადაყვანილი. ჩრდილოეთის კედლის ქვედა ნაწილში თიხის მილია დატანებული. მის გასწვრივ სათონე და მარანი ყოფილა მოწყობილი. ქვედა ციხის ჩრდილოეთ ნაწილში, შემაღლებულ კლდეზეა აკროპოლისია აგებული. ქვედა ტერასაზე მოხვედრა ციხეში ასასვლელი ვიწრო კარითაა შესაძლებელი. კარის თავზე, მეორე ტერასაზე კიდევ ერთი საბრძოლო კოშკია, საიდანაც კლდის ძირში ვიწრო ბილიკია გაჭრილი მესამე ტერასაზე ასასვლელად. მესამე ტერასაზე სასიგნალო კოშკი დგას. ჭაპალის ციხე ნაგებია სხვადასხვა ტიპის ნატეხი ქვისა და აგურის მონაცვლეობით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *