ხულუტის ციხე

ხულუტის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. იგი XVII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ხულუტის ციხის აგების აგების შესახებ მისი თანადროული დოკუმეტი არ არსებობს, თუმცა ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში დაცული საბუთის მიხედვით, რომელიც ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანის მიერაა დაწერილი 1852 წელს, სიმაგრის აგებას ყაფლან ორბელიანს მიაწერენ. ალექსანდრე ორბელიანი თავისი გვარის ისტორიას წერს წყაროებით და ზეპირგადმოცემათა მიხედვით. ხულუტის ციხესთან დაკავშირებით ის გვიყვება: “შააბაზის ყორჩიბაშმა (ქართული სახელი – ვახტანგ), რომ შეიტყო ყაფლანის ბედნიერება და იმისი ბევრი შვილიერება, წიგნი მისწერა და ერთ-ერთი იმისი შვილი დაიბარა თავისთან გასაზრდელად. ყაფლანმა თავისი მესამე შვილი ორბელი გაუგზავნა, რომელმაცა ქართულისა და სპარსულის გვარზე  კარგათ გაზარდა. გამოსტუმრების დროს დიდი ფული გამოატანა ორბელს და თავის ძმისწულს ყაფლანს მისწერა, ჯერ ორბელის დიდი ქება და მასუკან თუმცა მაჰმადიანი ვარ, მაგრამ მაინც ჩემი გული ქრისტიანობაზე არ შემცვლია გარდა ამისა რა ერთი ფულიც ორბელს გამოვატანე გთხოვ მაგ ფულისა ფიტარეთს პატარა ეკლესია გაავრცელებინო და ყოვლის ბედნიერებით შეამკო… მართალია ფიტარეთის ეკლესიის გავრცელებისათვის მოუვიდა ფული, მაგრამ ყაფლანმა ხულუტის ციხე ააშენა გაჭირვებისათვის (კიდევ ეშინოდა). ეს რომ ყორჩიბაშს შეუტყვია, ფიტარეთისათვის უფრო დიდი ფული გამოუგზავნია”. ხულუტის ციხე არა მარტო სიმაგრე, არამედ ციხე-დარბაზიც ყოფილა. ციხე-სიმაგრე აგებულია ხეობის ზურგიან ნაწილზე და თითქმის მთლიანად კეტავს გასასვლელს. ხულუტის ციხე წყაროებში XVIII საუკუნეშიც იხსენიება. ციხესთან ახლოს მდებარეობს ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – ფიტარეთის მონასტერი.

 

არქიტექტურა

ხულუტის ციხის გეგმა კლდოვან რელიეფს მიჰყვება, ამიტომაც სწორი ფორმები არ გვხვდება. ოსტატი არ ზრუნავს სწორკუთხა ფორმების შექმნაზე, იგი ცდილობს სასარგებლო ფართის მაქსიმალურად გამოყენებას. ხუროთმოძღვარი თავისუფლად იქცევა მასების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ერთმანეთში გარდამავალი რბილი, ტალღოვანი ფორმებით ის დინამიურობასა და ნაგებობის გარემოსთან შერწყმას აღწევს. ციხესთან მისასვლელად მოწყობილია ვიწრო გვირაბი, დღესდღეობით ბილიკითაც შეიძლება ასვლა. გვირაბში ერთსართულიანი  საცხოვრებელი სადგომია, რომელიც ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, აქედან მოხვედრა შეიძლებოდა სამ კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და ნაგებობის სხვა ნაწილებში. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. ციხის კედლებში ხუთი კოშკია. თითოეულ მათგანს საბრძოლოსთან ერთად საცხოვრებელი დანიშნულებაც ჰქონდა. მათ შორის გამოირჩევა  ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, რომელიც ფაქტობრივად კოშკურად აგებულ  სასახლეს წარმოადგენს. იგი მთელ სიმაღლეზე კედლითაა გაყოფილი ორ ნაწილად და თითოეული ნაწილი სართულებადაა დაყოფილი. სართულები სარკმლებით ნათდება. აქ ასევე საჭიროების მიხედვით მოთავსებულია ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი უფრო მცირე ზომისაა, თუმცა მოხდენილი ფორმისაა. მესამე კოშკი ძირითადად აღმოსავლეთ კარის მისადგომებს იცავდა. მას პატარა კარი, კედლებში მოწყობილი სათოფეები, სარკმელი და ბუხარი აქვს. ჩრდილო-აღმოსავლეთით ცილინდრული კოშკია, რომელიც ნაწილობრივ შესასვლელს იცავდა. მის სამივე სართულზე სათოფეებია განლაგებული, გვხვდება სამი სალოდეც. ზემოთ სათოფეებით გაწყობილი ქონგურებიანი ბანია. ციხის მეხუთე კოშკი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს. ისიც ნაწილობრივ ციხის მეორე შესასვლელს იცავს და ზემოთ აქაც სალოდითა და სათოფეებით გაწყობილი ბანია. ხულუტის ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *